ნუ უარყოფ იდეას
ბევრი კომპანია, რომელსაც ყველა წინაპირობა აქვს ინოვაციებისთვის, გასაოცრად იშვიათად გვახარებს მნიშვნელოვანი სიახლეებით. რაშია საქმე?... ხომ არ უარყოფენ ფინანსური ანალიზის გავრცელებული მეთოდები კარგ იდეებს და უბინდავენ ხედვას მენეჯერებს?
მენეჯერები „რა, სად, როდის“ გუნდის კაპიტანზე ნაკლებად არ დგებიან ალტერნატიული იდეებიდან საუკეთესოს არჩევის წინაშე. მათთვის დასმული შეკითხვებიც არ გამოირჩევა სიმარტივით. ახლა კი წარმოიდგინეთ, „რა, სად, როდის“ გუნდის კაპიტანი, რომელიც სწორი პასუხის ასარჩევად მცდარ მიდგომას იყენებს (რომელიც ხშირად სწორ პასუხებს არასწორად წარმოაჩენს...), აქვს თუ არა შანსი, რომ მისი გუნდი ოდესმე ლიდერთა შორის იქნება?
ანალოგიურ სიტუაციაში არიან მენეჯერები ახალი იდეების ანალიზისას. გადაწყვეტილების მიღების საყოველთაოდ გავრცელებულ მეთოდებში იდეების რამდენიმე „სერიული მკვლელია“ შენიღბული, რომელთაც მომგებიანი სიახლეების უარყოფითად წარმოჩენა შეუძლიათ. კომპანიები, რომლებიც ამ გავრცელებულ მეთოდებს ზედმეტად ენდობიან, კონკურენტებთან თავიდანვე წამგებიან მდგომარეობაში არიან.