„მე აქ ვარ!..“
„მე ისიც არ ვიცი, რაც ვიცი“
(ერლომ ახვლედიანი)
„ყველა დრო გავიდა, გავიდა ყველა დრო“
(ერლომ ახვლედიანი)
უცნაურია არსებობა – ის არსებობს
ვარაზის ხევის პირას (როცა ვარაზისხევი ვარაზის ხევი იყო) პირველი შეხვედრისას პირველნახვით გაოცებული სახე („ასეთი მზერა ანახლებს სამყაროს, თითქოს ის ეს-ესაა შეიქმნა“. ერლომი), გაოცებას აძლიერებდა მაღალი დიოპტრიის ლინზები. გაოცების თვისება თანდაყოლილი უნდა ყოფილიყო, შესაძლოა, საგვარეულოც კი. ყოველ შემთხვევაში, იმხანად უნივერსიტეტის დერეფნებში მძიმე ფეოდალური ნაბიჯებით მიმოდიოდა ასეთივე მუდმივგაოცებული მისი ხანდაზმული ნათესავი. ვის ახსოვს აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახე ახლოდან, როცა ის გაკვირვებით შესცქეროდა სხვის სახეს? „ვინა ხარ”? – ამ კითხვაზე, რომელსაც ის მისთვის უცნობ პირს შეაგებებდა, რა პასუხი უნდა გაცემულიყო? ბოლომდე გაურკვეველი იყო (კითხულისთვის, პირველ რიგში, და ალბათ შემკითხველისთვისაც), რას გულისხმობდა ამ კითხვაში. გვარს და სახელს? წარმოშობას? ვინაობას? ინტერესს? არსებობის გამართლებას თუ, საერთოდ, შენი მყოფობის საბუთს რასმე? კითხვა ნამდვილად ეგზისტენციალურ ჭრილში იყო დასმული, სპონტანური, ქვეშეცნეულად ამოტივტივებული, პირდაპირი, რომელიც გიწვევდა სადიალოგოდ. ის გიწვევდა დიალოგში და შენ ვერ ხვდებოდი ამ გამოწვევას. როგორ, რა მექანიზმით უნდა ჩართულიყავი დიალოგში ამ უცნაურ კაცთან?
ერლომს დღემდე რჩება თავისი ადრინდელი დიოპტრია (იქნებ იმატა კიდეც). მაგრამ გაოცება? თუ კიდევ შერჩა მას გაოცების უნარი ან თუ დარჩა კიდევ რაიმე გასაოცებელი (ადამიანი ეჩვევა ამ სინამდვილეს და სხვის სახეს, და ძალზე იშვიათად, რაღაც შთაგონებისმაგვარ წამებში ახსენდება პირველხილვით აღქმული სახე)? მაგრამ ასე არ უნდა დავსვათ კითხვა. ეს არ იქნებოდა სწორი. არც გამოცდილება, არც შეძენილი ცოდნა, რის გამოც (არა სინაკლულის, არამედ საერთოდ, შეძენილის გამოც) წუხს ის (ეს მწვავე, ჩვენი გამუდმებული შეხლა-შემოხლის საკითხია) დღენიადაგ, არც ობიექტურად მართლაც საკვირველი ხდომილებანი, რომლის მომსწრე და თვითმხილველი თუ მონაწილეც ყოფილა თავად, არ ანელებს გაკვირვების ექსტაზს (ამ ორ მოვლენას – განკვირვება-ეკსტასის – შორის პირდაპირ კავშირს სახარების ძველი ქართული ტექსტი ამხელს). სინამდვილე, როგორც ასეთი, სინამდვილე თავისი თუნდაც არსებობით, რომ ის არსებობს, რომ ნამდვილია და რომ სხვა ნამდვილი არც შეიძლება არსებობდეს, ნამდვილად გაოცების ღირსია. რომ ნამდვილი ნამდვილად უცნაურია. მოვიყვანოთ არსებულის უცნაური ანალიზის რამდენიმე ნიმუში, რომელიც მსჭვალავს თავიდან ბოლომდე „კოღოს“ ტექსტს:
„დილა უცნაური რამ არის – ის არსებობს“,
„სუნი უცნაური რამ არის – ის არსებობს“,
„სიბრალული უცნაური რამ არის – ის არსებობს“,
„იმედი უცნაური რამ არის – ის არსებობს“,
„ოთახის დალაგება უცნაური რამ არის – ის შესაძლებელია“,
„გამოჯანმრთელება უცნაური რამ არის – ის არსებობს“.
სინამდვილის ეს ალალბედზე ამოკრეფილი ფრაგმენტები უცნაური და სასწაულებრივია. ავტორი გვიწვევს მის განსაზოგადებლად, რომ მკითხველმა თავად შეასრულოს ინდუქციის აქტი: უცნაურია არსებობა – ის არსებობს. „კოღოს“ ავტორი ხედავს თავად არსებობაში სასწაულებს, ნიშებს, ნიშნებს, რომლებიც ქმნიან საკუთრივ მისი და საერთო სინამდვილის სტრუქტურას. არაფერია შემთხვევითი. რაც არის, არის. სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო. ავიც და კარგიც. და ეს დიდი მადლია. ეს არის მისი რწმენა, იმდენად მტკიცე, რომ მზად არის უარი თქვას თავისუფლებაზე. არავითარი ძალისხმევა, არავითარი ქმნა, მიჰყევი სასწაულებს და ნიშნებს, ყველაფერი დაწერილია უკეთესი ხელით. რიღასთვის წერს ადამიანი? „დიდება ღმერთს ყველაფრისთვის“ (იოანე ოქროპირი). ამიტომაც კალამი არ წერს, ფურცელი ცარიელია.
მისი მწერლობის ატრიბუტებს შორის (სიგარეტის კოლოფი, სააფთიაქო სასწორი, ქვიშის საათი, გამადიდებელი შუშა) ყველაზე უმოქმედო კალამია, რომელიც გაურბის თავის მოვალეობას. „აი, მოვიმარჯვე კალამი, რომელიც ყველა კალამზე მეტად არ წერდა...“ კალამზე არანაკლებ უმოქმედოა თეთრი ფურცელი: „ეს ცარიელი ფურცელი საუკეთესოდ გამოხატავს იმას, რაც უნდა ვთქვა: არაფერი მაქვს სათქმელი“. და თვითნებობს წერტილიც.
და მაინც თუ მას უწევს წერა, მისი ნაწერი არ ჰგავს ჩვეულებრივ ნაწერს, ანუ ის, რაც ხდება მის ნაწერში, არ ხდება ამ სინამდვილის განზომილებაში. არ ვგულისხმობ ფანტაზიას, რომელიც მხატვრულ ნაწერს ახლავს ან, შესაძლოა, არ ახლდეს. „თქვენ სულ სხვა რამეს კითხულობთ, ხოლო მე, სინამდვილეში, სულ სხვა რამეს ვწერ“. ამიტომაც ეს საკვირველი ნაწერია: აქ საკვირველი ონტოლოგიურ ღირებულებას იძენს. მისი ნაწერი არ არის არც ეს სინამდვილე, არც ამ სინამდვილის გარდაქმნა, რასაც შემოქმედებისგან, როგორც კულტურქმედებისგან, მოველით. ის უპირისპირდება სინამდვილეს... ნაწერი ანტისინამდვილეა, ან მისგან მოფენილი შუქი თუ ჩრდილი. მასში მოქმედებენ დაუბადებელი, უსხეულო არსებანი (გაუადამიანებელი არსებანი?) ან გამადიდებელი შუშით აღმოჩენილი „სამიოდ ბეწვიანი“, თავისი სიმცირით სევდის მომგვრელი მწერი, „სარდაფის ნალურსმნალის ბინადარი“, რომელსაც სოფლის ხსნის მისია აკისრია,