ის, ვინც მოკეთის საფარს მიღმა იმალება
იშვიათად თუ ვინმე დაფიქრდება, საიდან მომდინარეობს კონკურენციის არსი და ვინ არიან მისი ნამდვილი კონკურენტები
დღეს მსოფლიო მასშტაბით ათასობით კომერციული ორგანიზაცია იწყებს და ასრულებს არსებობას. ჩვენს საუკუნეში `დრო აჩქარდა~, საქმიან გარემოში მიმდინარე ცვლილებები იმდენად სწრაფია, რომ ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს ადაპტირებას და წყვეტს ფუნქციონირებას. იგივე მიზეზი (დროის აჩქარება) ზოგიერთი ორგანიზაციისთვის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორს კი არ წარმოადგენს, არამედ პირიქით, ხელსაყრელ პირობებსაც კი ქმნის. თუმცა, ერთია განვითარებისთვის კარგი პირობების არსებობა და სულ სხვაა მათი ეფექტურად გამოყენება. დღეს უკვე ყველგან ისმის გამოძახილები: `მთავარია, სწორი სტრატეგიის ფორმირება და მიზანს აუცილებლად მიაღწევ~, მაგრამ როგორ უნდა გადავჭრათ ეს ამოცანა, არავინ გვეუბნება და ვერც ვერასდროს გვეტყვის, რადგან ცალსახა პასუხი აქ უბრალოდ არ არსებობს.
როგორც ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორი, კონკურენციის კვლევის სფეროში აღიარებული სპეციალისტი, მაიკლ პორტერი ამბობს, `კომპანიის სტრატეგიის არსი უშუალოდ კონკურენციის ხასიათიდან გამომდინარეობს~. ახალი თითქოს არაფერია, ყველამ კარგად ვიცით, რომ სტრატეგია გარკვეულწილად კონკურენტთა ანალიზს უნდა ეყრდნობოდეს, თუმცა, იშვიათად თუ ვინმე დაფიქრდება, საიდან მომდინარეობს კონკურენციის არსი და ვინ არიან მისი ნამდვილი კონკურენტები.
კომერციული ორგანიზაციების ნამდვილი კონკურენტები მხოლოდ მათ შორის კი არ უნდა ვეძებოთ, ვინც ანალოგიური საქონლის ან მომსახურების წარმოებით არის დაკავებული, არამედ პოტენციურ კონკურენტებსა და საქონელშემცვლელთა მწარმოებლებშიც და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, თვით მომწოდებლებსა და მყიდველებშიც კი. ამ უკანასკნელებში კონკურენტთა დანახვა, ერთი შეხედვით, რთულია, თუმცა, თუ კონკურენციის არსს ჩავუღრმავდებით, ყველაფერი ნათელი გახდება. პოტენციური კონკურენტები, საქონელშემცვლელთა მწარმოებლები, მომწოდებლები და მომხმარებლები - ეს ხომ ისინი არიან, ვინც კონკურენტებთან ერთად მონაწილეობენ იმ საერთო ტორტის გაყოფაში, რასაც ბაზარი კი არა, მოგება ჰქვია. თითოეული მათგანი, მთელი ძალით ცდილობს საკუთარი მოგების გაზრდას და ეს სწორედ თქვენი კომპანიის ხარჯზე ხდება.
ჩვენი მიზანია მკითხველი დავარწმუნოთ ზემოთ აღწერილი ხედვის სისწორეში და შესაბამისად, მაქსიმალურად კარგად დავხატოთ აღნიშნული დაჯგუფებების ადგილი და როლი კონკურენტულ გარემოში.