ხელმძღვანელის რეალური საზრუნავი
ხელმძღვანელები საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებას მაშინ კი არ უნდა ვგრძნობდეთ, როდესაც ბევრს ვმუშაობთ და თანაც პროდუქტიულად, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა მუშაობს ბევრს და პროდუქტიულად.
სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ მენეჯმენტის გუნდი აქტიურია, ბევრს მუშაობს, ერთადაც ბევრ დროს ატარებენ, სტრატეგიებს სახავენ, პროექტებს უკეთებენ ინიცირებას, დატვირთულებიც არიან თითქოს და დღის განმავლობაში უამრავ საკითხზე უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ მათი იდეების და გადაწყვეტილების დიდი ნაწილი ვერ, ან არასწორად ხორციელდება, იმის გამო, რომ სტრუქტურა, რომელიც მათ ქვემოთ არსებობებს, ამისათვის მზად არ არის.
შედეგად, ასეთ დროს, ხელმძღვანელები დროთა განმავლობაში იღლებიან, ამ რეალობას ეგუებიან, ირჩევენ რამდენიმე ყველაზე კრიტიკულ პროექტს და თვითონ ხარჯავენ მათ განხორციელებაზე დროს. დანარჩენ ადამიანებს კი, აძლევენ უქმად ყოფნის უფლებას, საკუთარ იდეებს და გადაწყვეტილებების დიდ ნაწილს კი განუხორციელებლობისათვის წირავენ.