როგორ ავანთოთ ნაპერწკალი თანამშრომლების თვალებში
თითქმის ყველა ორგანიზაციის ცხოვრებაში ხდება ასეთი რამ, ზოგთან არც თუ ისე იშვიათად – თანამშრომლები მოწყენილები არიან, მათ თვალებში ნაპერწკალი არ ჩანს და სამსახურში სიარულიც ეტყობათ რომ დიდად არ უხარიათ, ძირითადად ხელფასის გამო დადიან და სულ უფრო ხშირად მოგვდის ხმები, რომ დასაქმების სხვა ადგილის ძებნაც დაუწყია ნაწილს. როგორ შეიძლება ასეთ დროს მოიქცეს ხელმძღვანელი, რა მოიმოქმედოს იმისათვის, რომ თანამშრომლებში მუშაობის და შემოქმედების სურვილი გააღვიძოს? სწორედ ამ თემას გვინდა მივუძღვნათ ეს სტატია.
ადამიანების დემოტივაციის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. როგორც პირადი, ისე საერთო. თუმცა, როდესაც ეს ორგანიზაციაში მასიურად ხდება, ცალსახად, მენეჯმენტის და მათი მუშაობის ბრალი უნდა იყოს. შესაბამისად, ხელმძღვანელებმა პრობლემების ძიებაც სწორედ საკუთარ ქცევაში და მუშაობის მიდგომებში უნდა დავიწყოთ.
ორგანიზაციაში თანამშრომლების მასიურ დემოტივაციას, როგორც წესი, შემდეგი მიზეზები აქვს: მათ არ იციან რატომ მუშაობენ, ანუ რას უნდა მიაღწიონ კონკრეტულად, არ იციან, ზუსტად რა უნდა გააკეთონ, ან პირადად თვითონ, რას მიიღებენ იმის სანაცვლოდ, რისი გაკეთებაც ევალებათ ან რის გაკეთებასაც სთხოვენ.
სიტუაციის გამოსწორებაზეც ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ და ეს ამ საკითხებიდან უნდა დაიწყონ, რათა თანამშრომლებში მუშაობის სურვილი და მუხტი გააჩინონ.
ახალი საერთო დიდი მიზანი და პატარ-პატარა საეტაპო მიზნები
ყველაფერი ახალი მიზნის მოფიქრებით შეიძლება დაიწყოს. მენეჯმენტმა, ან უმაღლესმა მენეჯერმა ისეთი მიზანი უნდა მოიფიქროს, რომელსაც ადვილად აიტაცებენ თანამშრომლები, საამაყო და ძალიან სასურველი გახდება მათთვის, ამასთან ისეთი, რომლის მიღწევაც ადვილი არ იქნება და რომლის მისაღწევად ადამიანების მობილიზაცია, ერთად მუშაობა და ერთმანეთის დახმარება, ასევე მიდგომების, მუშაობის პრინციპების ცვლილება იქნება აუცილებელი. ეს მიზანი უნდა მოიფიქროს მენეჯმენტმა და უნდა იყოს ისეთი, რომელიც თანამშრომლებსაც აზარტს და მომავლის ინტერესს გაუჩენს.
მიზნის მოფიქრების შემდეგ, ამ მიზნით თანამშრომლების ანთება იქნება საჭირო. ამ საქმისთვის პირველი პირების უშუალო და თანაც აქტიური ჩართვა იქნება აუცილებელი. იმისათვის, რომ სიტუაციის და თანამშრომლების გამოცოცხლება დაიწყონ, მათ სამსახურებად, პატარა ჯგუფებად, ცალკეულ შემთხვევებში ფაქტიურად ინდივიდუალურად უნდა აუხსნან თანამშრომლებს რა არის მიზანი, რა არის მისი არსი და რატომ არის ის ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი.
თუ მიზანი ძალიან გრძელვადიანია, სასურველია მისი მიღწევის პროცესი პატარ-პატარა საეტაპო ქვემიზნებად დაიყოს, განისაზღვროს ვადები, თუ როდის რა შედეგზე უნდა გავიდეს გუნდი იმისათვის, რომ წინასწარ დასახული მიზანი ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევადი გახადოს.