ობობა (დრამა ერთ მოქმედებად)
მოქმედებენ:
გიგი - შუახნის კაცი
მაია - გიგის ცოლი
ნიკო - გიგის პაპა, მასწავლებელი
ალექსი - ფოტოგრაფი, ნიკოს ნაცნობი
ნინო - გიგის დედა
მტირალა ბიძია - ნინოს კლიენტი
კახა - გიგის მეგობარი
აჩიკო - კახას ამფსონი
ზაზა - აჩიკოს ამფსონი
თაზო - აჩიკოს ამფსონი
თაზოს ცოლი
დევი - ნიკოს მეგობარი
მოქმედების ადგილი : გიგის ბინა.
მოქმედების დრო : 1989 წელი.
დეკორაცია : სცენა წარმოადგენს მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების თბილისური ბინის სასტუმრო ოთახს, რომლის უკანა მხარეს შემოსასვლელი კარია, გვერდით კი საძინებელში გამავალი კარი. სასტუმრო ოთახში დგას მაგიდა სკამებით, ტახტი, კარადა და წიგნების თარო. კედლებზე ნახატებია.
1.
(ისმის ყვავების ჩხავილი).
გიგი - ვაიმე... ო, ეს ჩხავილი!.. ო, ეს ჩხავილი! შავი, შავი ყვავები... მზეს აბნელებენ... რა უნდათ, რას ჩივიან, რას წუხან... მოთქმა... არა, ვედრება... მუქარა, კი... რას გაიგებ... (პაუზა) რა? რა უნდა მექნა? აღარ შემეძლო. აღარ შემეძლო. (ნერვიული სიცილი) იმას იტყვიან, რაც სხვებზე უთქვამთ, დოზა მოუვიდა მეტიო და მორჩა. გათავდაო. დასრულდა და მორჩა. (პაუზა). დაჯექი! დაჯექი, დაისვენე. დაჯექი, დაისვენე, გიგი! (პაუზა) არა, არა, მომდევს, ვერ დავჯდები. (პაუზა) ნუ გეშინია, ის აღარ მოგდევს. დაჯექი. და-ჯე-ქი! (დაჯდება) ახლა უკან გაიხედე. უკან გაიხედე მეთქი. არა, ასე არა, იდიოტო. თვალები დახუჭე და გონებით გაიხედე. სიბნელიდან ამოვა სხვა სახე. შენ რომ გინახავს, გიგი... ადამიანები, ადამიანები კი არა, მგლები. დორბლიანი მგლები. მთვარეს რომ უყმუიან და შიმშილისაგან ერთმანეთს ფლეთენ. მგლები. როგორ მეზიზღებიან. მეზიზღებიან. თუმცა, მოდი ვილაპარაკოთ. ენას მაინც მოვიფხანთ. გაიგე, რა ვთქვი? გაიგე, რა ვთქვი, ფეთიანო? ნუ გეშინია მეთქი! დახუჭე თვალები და გაახილე. (პაუზა) რა? რაო? ტყუილად შიშობ. არ გაიპარები, არა. ჯერ ადრეა. კიდევ დაგრჩა რამდენიმე წუთი, გიგი. ეს საკმაო დროა მოსაგონებლად. ის კი არა, წამები ყოფნის. ვერ ვხვდები როგორ. როგორ შეიძლება ერთ წამში საუკუნე გავიდეს. სხვისთვის სულ არაფერი. გიჟივით ნუ ლაპარაკობ... შეიძლება... დახუჭე თვალები. დახუჭე. სიბნელეს ჩახედე ბნელ ხახაში. სიბნელეს მოუსმინე, გიგი. სიბნელეს მოუსმინე. (პაუზა) ვაიმე! აა, პაპაჩემი. გამომეცხადე? მომწყდი თავიდან. მომშორდი, ბებერო! სახე ნაიარევო დემონო! შავო ყვავო! ახლა მაინც დამანებე თავი.
2.
(შემოდის ნიკო, გიგის პაპა)
ნიკო - ეს რა გიქნია, გიგი?
გიგი - რა მიქნია?
ნიკო - აქ რომ ნახატი ეკიდა, რა უყავი?!
გიგი - რა ვიცი...
ნიკო - გაყიდე?
გიგი - აღარ მახსოვს.
ნიკო - აქ `ზინგერი~ იდგა...
გიგი - არ ვიცი.
ნიკო - შენი ბებიის ნაქონი იყო!
გიგი - ვიცი.
ნიკო - კარგია, თუ იცი. (პაუზა). გიგი!
გიგი - ბატონო?
ნიკო - აქ ბიბლიის წიგნები ეწყო...
გიგი - არ ვიცი.
ნიკო - ჩემი პაპის ნაქონი სახარება, გასული საუკუნისა!
გიგი - ვერაფერს გეტყვი.
ნიკო - ეშმაკმაც წაგიღოს! ეს რაღამ გაგაყიდინა?!
გიგი - დამშვიდდი. (პაუზა) დაჯექი. დაჯექი და დაისვენე.
ნიკო - რა დამამშვიდებს! ყველაფერი გაგიყიდია!
გიგი - მიჭირდა!
ნიკო - ხომ მუშაობდი?
გიგი - ჩემი ხელფასი სიგარეტის ფულად არ მყოფნიდა.
ნიკო - მამაშენი არ გეხმარებოდა?
გიგი - ჰო, ათასში ერთხელ.
ნიკო - იქედნეს ნაშობი... ისევ იმ ქალთან ცხოვრობს?
გიგი - ჰო.
ნიკო - სავარძელი ხომ არ დაუკარგავს?
გიგი - არა, დააწინაურეს.
ნიკო - ჰო, ეგ თავს დაკარგავს და თანამდებობას - არა. უამისოდ კაციც არ იქნება. (პაუზა) დედაშენი როგორაა?
გიგი - არაუშავს.
ნიკო - გამოუშვეს?
გიგი - არა. არ გამოჯანმრთელებულა.
ნიკო - ნახულობ?
გიგი - ხანდახან...
ნიკო - ეჰ, საცოდავი... (პაუზა) ყველას მიუტოვებიხარ. (პაუზა) გიგი...
გიგი - გისმენ...
ნიკო - ცოლი ხომ არ მოგიყვანია?
გიგი - კი.
ნიკო - სად არის? რატომ არ გამაცნობ?!
გიგი - აღარ არის...
ნიკო - როგორ თუ...
გიგი - მოკვდა.
ნიკო - ოჰ, ეს რა მითხარი! გარდაიცვალა?
გიგი - მშობიარობას გადაყვა.
ნიკო - აჰ... (პაუზა) ბავშვი გყავდათ?
გიგი - მკვდარი დაიბადა.
ნიკო - მდაა... (პაუზა) ყველაფერი გასაგებია...
გიგი - რა არის გასაგები?
ნიკო - ცოლი მე არ გამომდგომია და შვილი... (პაუზა) რძალი ბოზი იყო... მეგონა, შვილიშვილი მაინც ივარგებდა კაცად.
გიგი - მაგას რა უფლებით ამბობ?
ნიკო - (მაგიდიდან