ამბავი პირველი, რომელშიც მოთხრობილია სარკისა და მისი ნამსხვრევების შესახებ მოდით, დავიწყოთ თხრობა! როდესაც ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებით, უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავსული, ავზე ავი, ნამდვილი როკაპი. ერთხელ, კარგ ხასიათზე მყოფმა, უცნაური სარკე გააკეთა: მასში, ყველაფერი კარგი და მშვენიერი ცუდად და მახინჯად მოჩანდა, ხოლო ცუდი და მახინჯი, კიდევ უფრო საშინლად გამოიყურებოდა. ულამაზესი ბუნება მოხარშული ისპანახი გეგონებოდათ, უმშვენიერესი ადამიანები კი - უმახინჯესი არსებები: სარკეში ისინი თავდაყირა ჩანდნენ და მუცელი საერთოდ არა ჰქონდათ. სახე კი ისე მოღრეცოდათ, ვერც კი იცნობდით. თუ რომელიმე მათგანს წერტილის ოდენა ჭორფლი მაინც ჰქონდა, კარგად მეყოლეთ, მთელი ცხვირი და ტუჩები ჭორფლით დაეფარებოდათ, ხოლო თუ რაიმე კეთილი აზრი დაებადებოდათ, სარკეში ისე დამახინჯდებოდა, ავსული სიხარულისაგან სიცილით იგუდებოდა.
ავსულის მოწაფეები - მას თავისი სკოლა ჰქონდა - ყველას ატყუებდნენ, რომ მოხდა სასწაული და სარკეში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სინამდვილეშიაო. მთელ ქვეყანაში დაარბენინებდნენ სარკეს და ბოლოს ქვეყნიერების არცერთი კუთხე, არცერთი ადამიანი არ დარჩა, მასში თავისი თავი დამახინჯებული სახით არ ეხილა.
ბოლოს ცაში ასვლა განიზრახეს. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, სარკე მით უფრო მრუდდებოდა და ხელში ძლივსღა იჭერდნენ. აი, ისინი ღრუბლებსაც გასცდნენ, სარკე კიდევ უფრო გამრუდდა, აცახცახდა, ხელიდან გაუვარდათ, დედამიწაზე დაეცა და მილიარდ ნაწილებად დაიმსხვრა. ამის გამო კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა: ქვიშის მარცვლის ოდენა, ნამცეცა ნამსხვრევები მთელს დედამიწაზე გაიფანტა, ადამიანებს თვალებში უვარდებოდათ და შიგვე რჩებოდა. ამის გამო ადამიანები ყველაფერს უკუღმა აღიქვამდნენ და ყოველ მოვლენაში მხოლოდ ცუდს ხედავდნენ - ნამსხვრევებს ხომ სარკის თვისებები ჰქონდათ. ზოგიერთი ნამსხვრევი პირდაპირ გულში ხვდებოდა, რაც ყველაზე საშინელი რამ გახლდათ: ასეთი ადამიანების თბილი გული ყინულის ნატეხად იქცეოდა. დიდ ნამსხვრევებს ფანჯრის მინებად ხმარობდნენ, საიდანაც კეთილი მეგობრის დანახვა სასურველი არ იყო, რადგან ისინი ავებად და მახინჯებად ჩანდნენ. ზოგიერთ ნამსხვრევს სათვალის მინებად იყენებდნენ. ვაი მას, ვინც ამ სათვალეს გამოიყენებდა, რადგან მასში ყველაფერს შებრუნებით დაინახავდა.
ავსულს ყველაფერი ეს ისე ართობდა, სიცილით იჭაჭებოდა. დედამიწაზე კი უამრავი ასეთი ნამსხვრევი ტრიალებდა და თავის მორიგ მსხვერპლს დაეძებდა. მოდით, მათ შესახებ მოვყვეთ!