ჰო და არა ქართული ზღაპრის პრეამბულაში გადმოცემული მთავარი პოეტური ფორმულა – „იყო და არა იყო რა“, მართლაცდა, ზღაპრულად გადმოსცემს მხატვრული სიტყვის სამყაროს: ყველაფერი, რაც ხდება წიგნში, ერთდროულად კიდეც იყო და არც ყოფილა, მაგრამ, რაც მთავარია, ახლა არის, რადგან ის, რაც ან ყოფილა, ან – არა, რაზედაც წერს მწერალი, ის ახლა, ამწუთას, არის მკითხველის წარმოსახვაში. მკითხველი ხილვად, სმენად და ხელშესახებ კონსტრუქციებად გარდაქმნის მწერლის სიტყვებს. ეს რომ იცის, ამიტომ გვეთამაშება ფოლკნერი „ხმაურსა და მძვინვარებაში“ ოთხი უმოკლესი ლათინური წინადადებით: Non fui. Sum. Fui. Non sum! არ ვყოფილვარ. ვარ. ვიყავი. არ ვარ! კვენტინ კომფსონი არ ყოფილა, იგი ფოლკნერმა გამოიგონა და ასევე გამოგონილ ადგილას, იოკნატოფაში, დაასახლა, მაგრამ იგი არის ახლა, როცა მის ურთულეს ცნობიერების ნაკადს დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიჰყვება ერთგული მკითხველი; ამავე დროს, ეს კაცი მაინც იყო, სხვა სახელი ერქვა, სხვანაირად გამოიყურებოდა, მაგრამ იყო და ახლა ისეთი აღარ არის მკითხველის ცნობიერებაში.
იყო თუ არა ვასიკო კეჟერაძე, საერთოდ, იყვნენ კი კეჟერაძეები? სამი ასეთი ძმა?! კი, იყვნენ და არა, არ ყოფილან, ისინი თავისი თავიდან და კიდევ არაფრიდან გამოძერწა გურამ დოჩანაშვილმა, მაგრამ ახლა ვასიკო არის და ამის შეემდეგ სულ იქნება.
რა ღარიბი იყო სამყარო მანამ, სანამ ტარიელი არ იყო, საერთოდ არავინ არ იყო, ვისაც ვეფხის ტყავის სამოსი ეცვა! იყო და არ იყო სამყარო. მართლა გადაყლაპა თუ არა მთვარე გველეშაპმა? წარმოუდგენელია, დაუჯერებელია, მაგრამ რომ დააბრუნა მთვარე მზესთან შესაყრელად, ეს, რატომღაც, გასაოცრად დამაჯერებელია. სწორედ ესაა სიტყვის მაგიის ძალა: ყველაზე დიდ სიმართლეს რუსთაველი აფორმებს სიტყვით „ნახეს“. ამით თითქოს გვეუბნება, რასაც ვიტყვი, ნამდვილიაო, დაინახა ხალხმაო: „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“. არ შეგვიძლია, არ დავიჯეროთ, იმიტომ, რომ „ვხედავთ“; მართლაც რომ Credo, quia absurdum – მჯერა, რადგან უაზროა, როგორც დიდმა ბერბერმა ტერტულიანუსმა თქვა.
ერთხელ თომას მანმა მიანიშნა, რომ არსებობს ორნაირი მწერლობა: ჰომეროსული, ანუ „ნათელი“ და ბიბლიური, ანუ „ბნელი“ ლიტერატურა. ქართველმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, ამ მწერლებს ჰოს-მთქმელები და არას-მთქმელები უწოდა. ჰოს ლიტერატურა ნათელია და მასში თომას მანი საკუთარი ავტობიოგრაფიული არისტოკრატიზმისა და კულტურული სიდიადის დამამკვიდრებელ გოეთესა და „რუსული მიწის უდიდეს მწერალს“, „ტიტანური პირველადი სიახლის“, „ეპიკური დათვის ძალის“ მქონე, ლევ ტოლსტოის მოიაზრებდა (თავის ამ ორ მასწავლებელზე თომას მანი მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი ხალისით სულ წერდა და წერდა). რაც შეეხება „ბნელ“, ბიბლიურ, „არას“ ლიტერატურას, თომას მანი მათში თავის ორ სხვა უდიდეს მასწავლებელს, ფრიდრიხ ნიცშესა და ფიოდორ დოსტოევსკის, გულისხმობდა, რომელთაც ოსტატურად უკავშირებდა მათი ბიოგრაფიის მძიმე ნაწილს, ადრევე გამოვლენილ ავადმყოფობას, რომელსაც სექსუალურ ხასიათს მიაწერდა: ეპილეფსიას დოსტოევსკის შემთხვევაში და სულიერ აშლილობას ნიცშეს შემთხვევაში (ამ მასწავლებლებზე თომას მანი ცოტას წერდა და რასაც წერდა, იმასაც უხალისოდ, თითქოს თავის თავს უკრძალავდა წერას). ცნობილ სტატიაში, რომელიც მან ამერიკაში გამოცემულ დოსტოევსკის წიგნს წინასიტყვაობად წარუმძღვარა, „დოსტოევსკი, ოღონდ ზომიერად“, ჩანს, რომ „ბნელი“ მწერლების შემოქმედებაში თომას მანი ხედავს გარკვეული „დანაშაულის“ ნიშნებს და იმ სინანულის გრძნობას, რომელსაც დაავადების შემოტევის შემდეგ განიცდიდნენ მისი რჩეული არასმთქმელი გენიოსები. თავად გერმანელი ტიტანის შემოქმედებაშიც იოლად შეიძლება გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ერთი მხრივ, ტოლსტოი-ჰომეროსისეული „ბუდენბროკები“, „ჯადოსნური მთა“ და „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“ და, მეორე მხრივ, ბიბლიურ-დოსტოევსკისეული უზარმაზარი საგა „იოსები და ძმანი მისნი“ და, განსაკუთრებით, „დოქტორი ფაუსტუსი“.
რა თქმა უნდა, ეს დაყოფა პირობითია. ის ამბავი, რომ თომას მანმა დოსტოევსკის „ღრმა, დამნაშავე და წმინდანი“ უწოდა, არ აუქმებს დანაშაულის გრძნობას ტოლსტოისთან და ის, რომ ჰომეროსი და ვერგილიუსი „ნათელი“ მწერლები არიან, არ უარყოფს იმას, რომ ერთის ოდისევსმა გრძნეული ქართველი დედოფლის, კირკეს, მითითებითა და ბრმა მისან ტირესიასის შემწეობით ბნელი ჰადესი მოინახულა, ხოლო მეორის „ღვთისმოსავმა ენეასმა“ კუმის სიბილას დახმარებით საიქიო ისე ღრმად მიმოიხილა, რომ მისი ამ მოგზაურობიდან მისივე შორეული შთამომავალი, სხვათა შორის, „ბნელი“ და ბიბლიური ავტორი დანტე ალიგიერი მთელ სამყაროს შექმნის, რომელსაც „ჯოჯოხეთს“ უწოდებს. დღეს საკმაოდ გავრცელებულია ე. წ. „შავი ფენტეზის“, „შავი იუმორის“ ლიტერატურა, რომელიც მოიცავს გოთიკისა და ჰორორის ელემენტებს, ასე რომ, მწერლობის თომას მანისეული დიქოტომია ჯერაც აქტუალურია.
ამ კრებულში შესული ავტორებიცა და მათი ნაწარმოებებიც შესანიშნავად ჯდება ამ „შავ-თეთრ“ დაყოფაში. ჩვენი „ბნელები“ არიან: დოსტოევსკი, ბუკოვსკი, ნიცშე, დანტე, კონან დოილი, ბეკეტი, ფოლკნერი, ჯავახიშვილი (უპირველეს ყოვლისა, „ჯაყოს ხიზნების“ გამო), ალექსიევიჩი (განსაკუთრებით „ცინკის ბიჭებით“) და „ნათლები“: ილია,