1 მამაჩემის გვარი პირიპი იყო, ნათლობისას კი ფილიპი დამარქვეს და ჩემმა ბავშვურმა ენამ ამ გვარ-სახელს სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, "პიპი" წარმოთქვა. ჰოდა, რაკი საკუთარ თავს პიპი შევარქვი, სხვებიც პიპს მეძახდნენ.
მამის ხაზით პირიპი რომ ვიყავი, ამას ადასტურებდა მისი საფლავის ქვის წარწერა და ჩემი და, მისის ჯო გარჯერი, რომელიც მჭედელზე დაქორწინდა. რაკი თვალით არ მენახა არც მამა, არც დედა და არც მათი რამე პორტრეტი (მაშინ სად იყო ფოტოგრაფია!), მშობლების გარეგნობაზე პირველი წარმოდგენა მათივე სამარის ქვების მიხედვით შევიქმენი, ცხადია, სრულიად უსაფუძვლოდ. როცა მამის საფლავის ქვაზე ამოტვიფრულ ასოებს ვუყურებდი, წარმოვიდგინე, რომ მამაჩემი ზორბა, მხარბეჭიანი, შავგვრემანი და ხუჭუჭთმიანი კაცი უნდა ყოფილიყო. ხოლო ამ მინაწერის მოყვანილობის საფუძველზე: აგრეთვე ჯორჯიანა, მეუღლე ზემოთმოხსენიებულისა – ბავშვურმა გონებამ დედაჩემი ჩია, ჭორფლიან ქალად დამიხატა. დედ-მამის საფლავის გვერდით კოხტად ჩამწკრივებულ, ერთ-ნახევარი ფუტი(ფუტი – 1 ფუტი უდრის 30,48 სანტიმეტრს.) სიგრძის ხუთ ფილას კი, რომლებიც ჩემი ხუთი პატარა ძამიკოს ხსოვნას ინახავდა (ხუთივემ ძალზე ადრე შეწყვიტა ამ წუთისოფელთან შერკინება) იმის უმტკიცეს რწმენას ვუმადლი, რომ ჩემი ძმები ამ ქვეყანას გულაღმა, შარვლის ჯიბეებში ხელებჩაყოფილნი მოევლინნენ და ისე დატოვეს ეს წუთისოფელი, ხელების ამოღება არცერთს არ დასცალდა.
ვცხოვრობდით ჭაობიან ადგილას, მიხვეულ-მოხვეული მდინარის პირას, ოცი მილის(მილი – 1 მილი უდრის 1609,36 მეტრს.) მოშორებით იქიდან, სადაც მდინარე ზღვაში ჩაედინებოდა. სამყაროზე პირველი მძაფრი და ფართო წარმოდგენა, ვფიქრობ, ერთ საბედისწერო, სუსხიან მოსაღამოებულზე შევიქმენი. იმწამს უეცრად გავაცნობიერე ის, რომ ჭინჭრით დაბურული ეს პირქუში ადგილი ეკლესიის სასაფლაო ყოფილა; ისიც, რომ ამ სამწყსოს წევრი ფილიპ პირიპი და აგრეთვე ჯორჯიანა, მეუღლე ზემოთმოხსენიებულისა, გარდაცვლილნი იყვნენ და აქ ესვენნენ; და რომ ხსენებულთა ჩვილი ვაჟები – ალექსანდრე, ბართოლომიუ, აბრაჰამი, ტობიასი და როჯერი – ასევე გარდაცვლილნი იყვნენ და აქვე ესვენნენ; ხოლო ჯებირებით, მიწაყრილებითა და რაბებით დასერილი უღიმღამო დაბლობი, სადაც აქა-იქ საქონელი ძოვდა, ჭაობებს წარმოადგენდა; მის პირს შემოვლებული თუთიისფერი რკალი მდინარე იყო; ის შორეული და შიშის მომგვრელი ბუნაგი, საიდანაც ქარი მოექანებოდა – ზღვა; ამ ყოველივეს წინაშე დამფრთხალი, მოცახცახე და ასლუკუნებული ციცქნა არსება კი – პიპი.
– ენა ჩაიგდე! – ეკლესიის კარიბჭიდან შემზარავი ხმა მომესმა და საფლავის ქვებს შორის უცხო კაცი წამოიმართა, – გაჩუმდი, შე ჭინკა, თორემ ყელს გამოგჭრი!
საშინელი კაცი იყო, რუხი ძონძები და დაფლეთილი ფეხსაცმელი ეცვა. კოჭებზე დიდი რკინა ეკეთა. ქუდი არ ეხურა, თავზე გაცრეცილი ქსოვილის ნაგლეჯი ჰქონდა შემოხვეული. თავით ფეხამდე გალუმპული და ტალახიანი იყო, ტერფები ქვაღორღისგან ჰქონდა დახეთქილი, კანი – ეკლებით დაკაწრული და ჭინჭრით დასუსხული. კოჭლობდა, ცახცახებდა, თვალებს აბრიალებდა და ხროტინებდა. კბილების კაწკაწით წამავლო ნიკაპზე ხელი.
– ოღონდაც ყელს ნუ გამომჭრით, სერ, – შევეხვეწე დამფრთხალი, – გევედრებით, სერ, ამას ნუ იზამთ.
– შენი სახელი მითხარი! – მიბრძანა კაცმა, – სწრაფად!
– პიპი, სერ.
– გაიმეორე! – მომაჩერდა კაცი, – ხმა ამოიღე!
– პიპი, სერ, პიპი.
– მაჩვენე, სად ცხოვრობ! – მითხრა, – ხელი გაიშვირე!
თითით ვანიშნე სანაპიროს ტაფობისკენ, ეკლესიისაგან ერთი მილის მოშორებით, სადაც წნორისა და მურყნის ხეებს შორის ჩვენი სოფელი იყო.
კაცმა ერთხანს მიყურა, მერე თავდაყირა ამომატრიალა და ჯიბეები მომიჩხრიკა. შიგ ერთი ნაჭერი პურის გარდა ვერაფერი იპოვა. როდესაც ეკლესია კვლავ თავის ადგილას დადგა – კაცი ისეთი ღონიერი იყო, რომ ჩემ თვალწინ გუმბათი წამში დააპირქვავა და სამრეკლო ფეხებს შორის მომიქცია... მაშ, ასე, როდესაც ეკლესია თავის ადგილას დაბრუნდა, ერთ მაღალ საფლავის ქვაზე აღმოვჩნდი ჩამომჯდარი და მთელი სხეულით ვცახცახებდი, ის კი პურს ხარბად შეექცეოდა.
– შე ლეკვო, – თქვა და ტუჩები მოილოკა, – რა მსუქანი ლოყები გაქვს.
ვფიქრობ, მართლაც მრგვალლოყება უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი ასაკისათვის ტანდაბალი და სუსტი მეთქმოდა.
– ლამისაა გადაგსანსლო! – ამოიხრიალა კაცმა და თავი შემზარავად გააქნია, – დასწყევლოს ეშმაკმა, რა იქნება, მართლაც რომ გადაგსანსლო!
დიდი იმედი მქონდა, ამას არ იზამდა. ორივე ხელით მოვეჭიდე იმ სამარის ქვას, რომელზედაც შემომსვა, რათა არ გადმოვვარდნილიყავი და ტირილისგან თავი შემეკავებინა.
– აბა, შემომხედე! – მითხრა კაცმა, – დედაშენი სადაა?
– იქ არის, სერ, – ვუპასუხე.
კაცი შეკრთა, გვერდით საფლავისკენ გადაირბინა, შეჩერდა და უკან მოიხედა.
– იქით, სერ, – თავმდაბლად ავუხსენი, – "აგრეთვე ჯორჯიანა" რომ წერია, ისაა დედაჩემი.
– აჰ, – კაცი უკან დაბრუნდა, –