1. არღარა ეყივლოს ქათამსა... 1. არღარა ეყივლოს ქათამსა...
(მოთხრობა)
ვუძღვნი 1993 წლის 9 ივლისს კამანში გმირულად დაცემულ ზურაბ წიქარიძისა და დემურ კარტოზიას ნათელ ხსოვნას...
ერთფეროვნად, გაბმულად წვიმდა.
ყუმბარებისაგან გადათხრილ ტრასაზე თეთრი, მისაბმელიანი „ ჯიპი ” მიიკვლევდა გზას. მანქანაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა იყო აღმართული. შიგ სამნი ისხდნენ. საჭეს ახალგაზრდა, მუქფორმიანი კაპიტანი მართავდა, თავზე წაგრძელებულკიდეებიანი პილოტურა ეხურა. მის გვერდით ასეთივე ფორმაში გამოწყობილი, ოქროსფერსათვალიანი ვიცე-პოლკოვნიკი მოკალათებულიყო, უკან კი თვალდალურჯებული, შუახანს გადაცილებული, სამოქალაქო ტანსაცმლიანი კაცი იჯდა - ბებერ არწივს წააგავდა კაუჭა ცხვირისა და დაღლილი მზერის გამო.
- ახლა საშიში არაფერია, სერ, - დაწყებული საუბარი განაგრძო ვიცე-პოლკოვნიკმა, - როგორც იქნა ჩვენი მოსკოველი თარჯიმანი მისიაში დავტოვე, რუსული თვითონაც ვიცი მეთქი...
- თუ რაიმე კიდევ გაინტერესებთ, მზად ვარ დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა, - მიუგო ჭაღარამ.
„ კარგად ლაპარაკობს ჩვენს ენაზე! ” - კმაყოფილებით გაიფიქრა ცხვირპაჭუა კაპიტანმა და საქარე მინის გამწმენდები, შეუჩერებლივ რომ მიდი-მოდიოდნენ და ახალ-ახალ წვეთებს აცილებდნენ მზერას, საშუალო სიჩქარეზე გადართო.
- სხვისი პასპორტით რატომ მობრძანდით?
- ჩვენი დაზვერვა შიშობდა, რომ დიდ საფრთხეში ვიგდებდი თავს, აქეთ რომ მოვდიოდი.
- თუ თქვენი დალურჯებული თვალის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს შიში არცაა უსაფუძვლო... გენერლის ნათესავი რომ ხართ, უკვე ვიცი, მაგრამ რანაირი?
- ბიძაშვილად მერგება.
- პირადად იცნობთ?
- რამდენიმე წლის წინ მქონდა ეგ ბედნიერება, როცა ლექციების ციკლს ვკითხულობდი ამერიკის უნივერსიტეტებში.
- რის შესახებ? - დაინტერესდა კაპიტანი.
- სელინჯერის შემოქმედებაზე... ჰოდა, მაშინ გამაცნეს გენერალი.
- ჩინებულია, მისტერ პიტ! - გაუხარდა ვიცე-პოლკოვნიკს, - მე მის მეგობრად ვთვლი თავს - ერთად დავამთავრეთ სამხედრო აკადემია... თქვენ სამშობლოში გრაფები იყავით, ხომ მართალია?!
- დიახ, სერ.
- ერთხელ ურჩიეს, გვარი გადაეკეთებინა, გრძელია და გვიჭირს გამოთქმაო. იცით, რა უპასუხა? ეგ თქვენი პრობლემაა და არა ჩემიო!
- კარგად მოქცეულა.
- ახლა მიბრძანეთ, სად დაიღუპა თქვენი შვილი?
- თუ თანამებრძოლთა მონათხრობს ვერწმუნებით, სწორედ იმ სოფლის მისადგომებთან, საითაც ახლა მივდივართ.
- გუშინ იმიტომ გცემეს, სტალინის სამშობლოდან რომ ხართ! დღეს თუ გაიგეს, რომ შვილს ეძებთ... მოკლედ, მართალია თქვენი დაზვერვა, ჩემი წამოსვლა აუცილებელი იყო.
- სხვათაშორის, წუხელ სიზმარში გამომეცხადა. თავსაც კი გავწირავ შენთვის-მეთქი, ვარწმუნებდი, მაგრამ არ მიჯერებდა, ეცინებოდა...
- რა ვითარებაში დაიღუპა?
- გორაკზე მარტო დარჩენილა და ასეულისთვის უკან დახევის საშუალება მიუცია - ასე ჰყვებიან, სინამდვილე არავინ იცის...
- ეგებ ტყვედ ჩავარდა და ცოცხალია? ასეც ხდება ხოლმე! - თითქოს თანამოსაუბრის ნაფიქრი განაგრძო სამხედრო დამკვირვებელმა.
- შეიძლება, სერ.
- თქვენი შვილი გმირი ყოფილა! - წამოიძახა აქამდე მდუმარე კაპიტანმა.
- თქვენი საქციელიც შეიცავს გმირობის ელემენტებს, პროფესორო! - თქვა ვიცე-პოლკოვნიკმა.
- შვილზე გეთანხმებით! რაც შემეხება მე, არა მგონია! ერთი გამწარებული მამა ვარ, დღენიადაგ ღმერთს რომ შესთხოვს შვილის დაბრუნებას... უფრო მკვდარს ველი, ვიდრე ცოცხალს... უფლის ნებაა ყოველივე...
- ოჰო, თქვენ მორწმუნეც ყოფილხართ!
- მეც ჩემი წინაპრებივით ქრისტიანი ვარ, სერ. ლევანსაც ასე ვზრდიდი...
- ჩვენ კი, ადამსები, ოდითგან პროტესტანტები ვყოფილვართ...
ამ დროს მანქანა დამუხრუჭდა და შეჩერდა.
- რა მოხდა, ტომ? - იკითხა ვიცე-პოლკოვნიკმა და კინაღამ საქარე მინას მიარტყა თავი.
- გზა გადათხრილია, სერ! - მოგვიანებით ამოღერღა სიტყვაძუნწმა კაპიტანმა ტომ სიბბერმა.
***
ომგამოვლილ სოფელს ტყვიისფერი ღრუბელი ებურა.
შეუჩერებლად წვიმდა.
ჩამონგრეულ-გადამწვარი სახლების კედლებზე და დანახშირებულ ხარიხებზე კანტი-კუნტად შემომსხდარიყვნენ აბუზული ყვავები.
ამ გაუკაცრიელებული სოფლის განაპირას კარმოღიავებული, ჭურვით სახურავჩაქცეული საყდარი იდგა. აწვიმდა ავტომატის ტყვიით გადაცხრილულ ფრესკებს. შიგნით, საკურთხეველთან მზერაამღვრეული, მსუქანი ღორი შეჩერებულიყო, კუდს წინაუკმოდ ატრიალებდა და ადამიანის მკლავს ღრღნიდა, რომელსაც ხორცი აღარ შერჩენოდა. უცებ ცხოველმა ძვალს თავი ანება, ხმამაღლა დაიღრუტუნა და გარეთ, წვიმაში გაშლიგინდა. ორღობე გადაირბინა, მოხრეშილი გზით გაიქცა. მომცრო მოედანზე გამოვარდნილმა აყირავებულ მაცივარზე შემომჯდარ მამალს წაატანა პირი, საფრთხის შეცნობის ნიშნად რომ აქოთქოთდა და მოედანზე გადაფრინდა. ავტომატის მოკლე ჯერი გაისმა, გაქცეული ფრინველის შორიახლოს გუბეები ააშხეფეს ტყვიებმა, თუმცა ამ უკანასკნელმა შეიფრთხიალა, მესერს გადააფრინდა და გაქრა. სროლის ხმამ მამლის დადევნების ხალისი დაუკარგა ღორს, საპირისპირო მხარეს მობრუნდა, მოედანი გადაიშლიგინა და ორღობეში დურთა თავი. მირბოდა, ქოშინებდა. სოფელს გასცდა, სიმინდის ნაყანარში შევარდა და იქვე წამომართული გორაკისკენ აიღო გეზი, მალე ააღწია იქამდე, ნათხართან მივიდა, შედგა, მიმოიხედა და დინგი წაყო წვიმისაგან დამბალ მიწაში.
ავტომატი სადარაჯოსთან ჩამომჯდარმა, სახენაყვავილარმა გუშაგმა ისროლა.