ზოგი რამ კომისარ გოშის შავი საქაღალდიდან ო ქ მ ი
დანაშაულის ადგილის დათვალიერებისა, რომელიც განხორციელდა 1878 წლის 15 მარტს ლორდ ლიტლბის სახლში ღიუ დე გრენელზე
(ქალაქ პარიზის მეშვიდე ოლქი)
[ფრაგმენტი]
... რაღაც გაურკვეველი მიზეზით მთელი მომსახურე პერსონალი ბუფეტში იმყოფებოდა, რომელიც მდებარეობს სახლის პირველ სართულზე, ვესტიბულიდან მარცხნივ (სათავსო 3 პირველ სქემაზე). მკვდარი გვამების ზუსტი განლაგება ნაჩვენებია მეოთხე სქემაზე, სადაც:
#1 - გვამი მოურავ ეტიენ დელარიუსი, 48 წლისა,
#2 - გვამი ეკონომკა ლორა ბერნარისა, 54 წლისა,
#3 - გვამი პატრონის პირადი ლაქიისა, მარსელ პრუსი, 28 წლისა,
#4 - გვამი მოურავის შვილისა, ლუკა დელარიუსი, 11 წლისა,
#5 - გვამი მოახლე არლეტ ფოშისა, 19 წლისა,
#6 - გვამი ეკონომკას შვილის, ანნ-მარი ბერნარისა, 6 წლისა,
#7 - გვამი მცველ ჟან ლესაჟისა, 42 წლისა, რომელიც 16 მარტის დილით გარდაიცვალა სენ-ლაზარის საავადმყოფოში.
#8 - გვამი მეკარე ჟან კარპანტიესი, 40 წლისა.
გვამები, რომლებიც აღნიშნულია ##1-6, განლაგებულია დიდი სამზარეულოს მაგიდის ირგვლის მჯდომარე მდგომარეობაში, თანაც ##1-3 გაშეშდნენ გადაჯვარედინებულ ხელებზე ჩამოდებული თავებით, #4 ხელისგულს ეყრდნობა ლოყით, #5 სკამის საზურგისკენ გადავარდნილა, ხოლო #6 მუხლებზე უზის #2. სახეები ##1-6 მშვილი აქვთ, შიშისა და ტანჯვის უმცირესი ნიშნების გარეშე. ამავდროულად ##7-9, როგორც ჩანს სქემაზე, წვანან მაგიდიდან მოშორებით. #7 ხელში სასტვენი უკავია, თუმცა მეზობლებიდან არავის გაუგონია სტვენა წინა საღამოს. #8 და #9 სახეზე შეჰყინვიათ შიშის გამომეტყველება ანდა, ყოველშემთხვევაში, უკიდურესი განცვიფრებისა (ფოტოგრაფიული სურათები წარმოდგენილი იქნება ხვალ დილისთვის). შებრძოლების კვალი არ აღინიშნება. სახელდახელო დათვალიერებისას დაზიანებები გვამებზე აგრეთვე არ აღინიშნება. სივდილის მიზეზის დადგენა გაკვეთის გარეშე შეუძლებელია. გვამების გაქვავების ნიშნების მიხედვით სასამართლო-სამედიცინო ექიმმა, მეტრ ბერნემმა დაადგინა, რომ სიკვდილი სხვადასხვა დროს მოხდა, საღამოს 10 საათიდან (#6) დილის 6 საათამდე, ხოლო #7, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოგვიანებით გარდაიცვალა, საავადმყოფოში. სამედიცინო ექსპერტების შედეგების დაულოდნელად, გავბედავ ვივარაუდო, რომ ყველა მსხვერპლი ძლიერმოქმედი შხამის ზემოქმედების ქვეშ იყო, სწრაფად დაძინების ეფექტით, ხოლო გულის გაჩერების დრო დამოკიდებული გახლდათ ან მიღებულ შხამის დოზაზე, ანდა თითოელი მოწამლულის ფიზიკურ სიძლიერეზე.
სახლის შესასვლელი კარი მიხურულია, მაგრამ ჩაკეტილი არ არის. თუმცა ორანჟერიის ფანჯარაზე (პუნქტი 8 პირველ სქემაზე) სახეზეა გატეხვის ცხადი ნიშნები: მინა ჩამსხვრეულია, ფანჯრის ქვეშ, ფხვიერი მიწის ვიწრო ზოლზე ჩანს ბუნდოვანი კვალი მამაკაცის ფეხსაცმლისა, სიგრძით 26 სანტიმეტრი, წვეტიანი ცხვირით და ანაბეჭდიანი ქუსლით (ფოტოგრაფიული სურათები წარმოდგენილი იქნება). ეტყობა, დამნაშავემ სახლში ბაღიდან შეაღწია, თანაც უკვე მას შემდეგ, როცა მსახურები უკვე მოწამლულები იყვნენ და ეძინათ - ასე რომ არა, ისინი დაუყოვნებლივ გაიგონებდნენ გატეხილი მინის მსხვრევის ხმას. ამავდროულად გაუგებარია, იმის მერე, რაც მსახურები გაუვნებელყოფილნი იყვნენ, რაში დასჭირდა დამნაშავეს ბაღიდან გადაძვრომა - ხომ შეეძლო მშვიდად შესულიყო სახლში ბუფეტიდან. ასეა თუ ისე, დამნაშავე ორანჟერიიდან მეორე სართულზე ავიდა, სადაც ლორდ ლიტლბის პირადი მოსასვენებლია (იხილე სქემა მეორე). როგორც სქემაზე ჩანს, მეორე სართულის მარცხენა ნაწილში მხოლოდ ორი სათავსოა: დარბაზი, სადაც ინდოეთის რარიტეტების კოლექციაა განლაგებული და უშუალოდ დარბაზთან მიმდებარე პატრონის საძინებელი. ლორდ ლიტლბის გვამი მეორე სქემაზე აღნიშნულია #10-ით (იხილე აგრეთვე კონტურული ნახატი). ლორდ ლიტლბის აცვია საშინაო ქურთუკი და მაუდის პანტალონი, მარჯვენა ტერფზე შემოხვეულია ბინტის სქელი ფენა. გვამის პირველადი დათვალიერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიკვდილი მოხდა მძიმე, წაგრძელებული საგნის უჩვეულოდ ძლიერი დარტყმით თხემის არეში. დარტყმა მიყენებულია წინიდან. ხალიჩა რამდენიმე მეტრზე მოთხვრილია სისხლითა და ტვინის ნივთიერებით. დასვრილია აგრეთვე გახეტილი მინის ვიტრინა, რომელშიც, წარწერის მიხედვით, ადრე იდო ინდოელი ღმერთის, შივას პატარა ქანდაკება (წარწერა: „ ბანგალორი, XVII ს-ის მეორე ნახევარი, ოქრო). გამქრალი სკულპტურული გამოსახულების ფონად იყო ინდური ნაქარგი ხელსახოცები, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე გამქრალია.
დოქტორ ბერნემის ანგარიშიდან
ღიუ დე გრენელიდან მოსვენებული გვამების პათოლოგოანატომიური გამოკვლევის შედეგებზე
... თუმცა, თუკი ლორდ ლიტლბის სიკვდილის მიზეზი (გვამი #10) ნათელია და აქ უჩვეულოდ შეიძლება ჩავთვალოთ დარტყმის ძალა, შვიდ ფრაგმენტად რომ გადახსნა თავის ქალა, ##1-9 სურათი ნაკლებად ცხადი იყო და საჭირო შეიქმნა არა მხოლოდ გაკვეთა, არამედ ქიმიურ-ლაბორატორიული გამოკვლევაც. ამოცანას გარკვეულწილად ამსუბუქებდა ის ფაქტი, რომ ჟ. ლესაჟი (#7) პირველადი დათვალიერების მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, და ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშნებით (დაწვრილებული გუგები, შენელებული სუნთქვა,