თავი I-რატომ რუსეთი?
2017 წლის 7 ნოემბერს (ძველი სტილით 25 ოქტომბერს) სრული ასი წელი გახდება „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ გამარჯვებიდან, რომელმაც დედამიწის ერთ მეექვსედზე „დაამყარა კაცთა შორის სიყვარული, თანასწორობა, ძმობა და ერთობა“.
სულ რაღაც 25 წლის წინ თითქმის ნახევარი მსოფლიო ამ ისტორიულ მოვლენას გამორჩეულად დღესასწაულობდა, იმართებოდა უზარმაზარი და ხალხმრავალი დემონსტრაციები, უძლიერესი კომუნისტური პარტიები, თავიანთი ცენტრალური კომიტეტებითა და პოლიტბიუროებით, საზეიმო დადგენილებებს იღებდნენ და ქვეყნიერებას აუწყებდნენ „გრანდიოზულ სოციალურ მიღწევებზე, მეცნიერული აზრის არნახულ განვითარებაზე, კულტურისა და ხელოვნების აყვავებაზე“, რაც სწორედ ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის შემდეგ განიცადა არა მარტო დედამიწის ერთმა მეექვსედმა, არამედ მთელმა სამყარომ, და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გახლდათ ერთი კაცი - რუსეთის პროვინციულ ქალაქ სიმბირსკში (დღეს - ულიანოვსკი) დაბადებული პიროვნება, რომლის ცოდნამ, შემართებამ, ორგანიზატორულმა ნიჭმა თუ ისტორიულმა კანონზომიერებამ იგი მსოფლიოში არნახული საზოგადოებრივი ურთიერთობის დამკვიდრების ინიციატორად აქცია. მანაც ეს ისტორიული გამოწვევა მიიღო და, როგორც შეძლო, განახორციელა კიდეც...
მაგრამ, როგორ? რა მეთოდებით? რა საშუალებებით? ვისი დახმარებით? რა შედეგებით?
სწორედ ამ კითხვებზე შესაძლო ლოგიკური პასუხების გაცემის მოკრძალებული მცდელობაა ჩვენ მიერ შემოთავაზებული წიგნი, რომელიც გვინდა, ყველაზე მწვავე შეკითხვით დავიწყოთ - რატომ რუსეთი? რატომ აირჩია ისტორიის ლოგიკამ მსოფლიოში ყველაზე დრამატული და თავისი შედეგებით წინააღმდეგობებით მოცული ექსპერიმენტის სარეალიზაციოდ რუსეთის იმპერია? და რატომ ვლადიმერ ულიანოვი? ადამიანი, რომელმაც უტოპია სინამდვილედ გადააქცია. განა ეს ყველას ხელეწიფება?! განა ყველას შეუძლია თავისი სურვილით შეცვალოს ისტორიის მდინარება?! განა საზოგადოების განვითარებას შინაგანი კანონზომიერებები არ გააჩნია?! განა ყველაფერი ვიღაცის ნებასა თუ ბრმა შემთხვევაზეა დამოკიდებული?! რუსეთის იმპერია, რუსეთის სახელმწიფო - რა თვისებრიობა იყო ეს, რა მოვლენა? რითი გამოირჩეოდა? საიდან მოვიდა და საითკენ მიაქანებდა მას ისტორიის ზემძლავრი ბორბალი?
დღეს ზოგიერთი უკრაინელი ისტორიკოსი ლოგიკურად ამტკიცებს, რომ თანამედროვე რუსეთის სახელმწიფოს წინაპრებმა უკრაინელებს მოჰპარეს სახელწოდება „რუს“, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეთა წიაღში სწორედ კიევის სახელმწიფოს ჰქონდა შერქმეული (კიევის რუსეთი) და რომ, სწორედ კიევი გახდა ძირითადი შემაკავშირებელი დუღაბი აღმოსავლეთ სლავი ტომების პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა - სწორედ „დედა-კიევმა“ გააერთიანა პოლიანები, დრევლიანები, ვიატიჩები და ილმენის სლავები ერთ ძლიერ, მონოლითურ პოლიტიკურ კავშირად, რომელსაც ბიზანტიის იმჟამად უძლიერესი იმპერატორებიც კი უფრთხოდნენ და კიევის მთავრებს საპატიო ტიტულებითა თუ ლამაზი საპატარძლოებით ხიბლავდნენ, იმეგობრებდნენ, მოკავშირეობას სთავაზობდნენ...
ეს პერიოდი განეკუთვნება IX-X საუკუნეებს, იმ ეპოქას, როცა ევროპაში ქრისტიანობის საფუძველზე განვითარებული კულტურული ფასეულობები თითქმის საყოველთაოდ არის გავრცელებული და მნიშვნელოვანი მიღწევებია მოპოვებული; ამ დროს საქართველო უკვე ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერაა და მისი ეკლესია დიდი ხანია ავტოკეფალიურია (დამოუკიდებელი); ეს ის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როცა ბიზანტიური ცივილიზაცია სულ უფრო და უფრო აძლიერებს თავის ზეგავლენას მსოფლიო საკაცობრიო კულტურაზე, ახალ-ახალ ხალხებსა და სახელმწიფოებს ახვევს თავისი უკიდეგანო იმპერიის „მანათობელ სხივებში“.
კიევის ახალჩამოყალიბებული სახელმწიფო ქრისტიანულ ქვეყნებს შორის საკმაოდ გვიან გამოჩნდა - 988 წელს კიევის მთავარმა, ვლადიმერ რიურიკოვიჩმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისტორიის ამ საწყის ეტაპზე ქრისტიანობის გზაზე შემდგარ ქვეყანას ქართველებიც უძლიერებდნენ რწმენას და უფლის სიყვარულს - ამის დასტურია კიევის დიდებული წმინდა სოფიას ტაძრის მშენებლობაზე ქართველი ხუროთმოძღვრებისა და ხატმწერების კვალი.
კიევის რუსეთი უზარმაზარი იყო თავის მასშტაბებით, პოლიტიკური პრეტენზიებითა და სამხედრო შესაძლებლობებით. მაგრამ მონღოლების აგრესიამ წერტილი დაუსვა კიევის ერთიან სახელმწიფოს, დაშალა, დააქუცმაცა იგი და ამ ნანგრევებზე, ერთ განაპირა მხარეს, ერთ პატარა საუფლისწულოში, საკმაოდ გვიან, თანდათან, ქალაქ მოსკოვის გაძლიერება დაიწყო...
ფორმები და მეთოდები, რომლის დახმარებითაც ხელისუფალნი ამ პატარა საუფლისწულოს „განდიდებასა და გამდიდრებას“ ცდილობდნენ, თვით მაკიაველისაც კი გააოცებდა - მზაკვრობა, ღალატი, უცხო ძალების ბოროტად გამოყენება, სხვისი მიწების უკანონო მიტაცება, მუდმივი შეიარაღებული აგრესია მეზობლებთან, ძლიერთა მოქრთამვა და სუსტების ფიზიკური განადგურება - ამ ახალი სამთავროს მშენებელთა პოლიტიკური მოღვაწეობის გამორჩეული შტრიხები იყო.
ივანე კალიტა (XIV ს.) მოსკოვის სამთავროს დაწინაურების ერთ-ერთ ინიციატორად ითვლება.
მიტაცება - ეს იყო ივანე კალიტას პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარი და განმსაზღვრელი პრინციპი. მიტაცება ფულის, ქონების (ამიტომაც შეერქვა მას ზედწოდება - კალიტა, ანუ „ფულის ქისა“), სხვისი ტერიტორიების, სხვისი ტიტულების (მან მიიტაცა „დიდი მთავრის“ ტიტული, რომელსაც მანამდე მოსკოვის მთავრები არ ატარებდნენ) და ეს „მიმტაცებლობა“ დაანათლა თავის შთამომავლებს. ეს ბოროტი, უღირსი თვისება, უკვე იმ პერიოდიდან, ახალი რუსეთის სახელმწიფოს - მოსკოვის რუსეთის - მმართველთა მოურჩენელი სენი გახდა, რომლისგანაც დღემდე ვერ განკურნებულან.
მოსკოვმა ბიზანტიის გერბიც კი მიიტაცა - ორთავიანი