ნაწილი I 27 აპრილი, 1926
სასწაულის დღეს იზაბელი კლდის პირას ჩაცუცქულიყო, ხის პატარა, ახალნაკეთ ჯვართან. აპრილი იწურებოდა, ცაზე ერთადერთი ფუმფულა ღრუბელი გაცურდა და კუნძულს გადაეფარა. ოკეანემ მისი სითეთრე აირეკლა. იზაბელმა ახლახან დარგულ როზმარინის ბუჩქს წყალი დაასხა და მიწა შემოუტკეპნა.
- ...და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, - დაიჩურჩულა.
წამიერად ბავშვის ტირილი მოეჩვენა. გაიფიქრა, წარმოსახვა მეთამაშებაო, და მზერა ვეშაპების გუნდზე გადაიტანა, თბილი დინებებისკენ რომ მიცურავდა, სადაც მაკე ვეშაპებს უნდა ემშობიარათ. ზედაპირზე ზოგჯერ მათი ნემსივით წვეტიანი კუდის ფარფლები ამოიწვერებოდა და შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ოკეანის ლურჯ გობელენს ქსოვენო. დილის ნიავს ისევ ტირილი მოჰყვა, ამჯერად უფრო ხმამაღალი. შეუძლებელია!
კუნძულის ამ მხრიდან მხოლოდ აფრიკამდე გადაჭიმული თვალუწვდენელი სილურჯე ჩანდა. აქ ინდოეთის ოკეანე სამხრეთის დიდ ოკეანეს (სამხრეთის ოკეანე - ანტარქტიდის გარშემო წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეთა წყლების პირობითი სახელწოდება) ერთვოდა და უკიდეგანო ხალიჩად განფენილიყო კუნძულის კლდის ძირას. ეს ლურჯი ხალიჩა მზიან დღეებში იმხელა ჩანდა, ქალი ფიქრობდა, მადაგასკარამდე ფეხით ჩავალო. კუნძულის მეორე, აჭავლებული ნაწილი, ავსტრალიიდან თითქმის ასი მილით იყო დაშორებული და არც კონტინენტს ეკუთვნოდა - არც თავისუფალი ეთქმოდა. კუნძული წყალქვეშა მთაგრეხილის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენდა, მთაგრეხილი კი ოკეანის ფსკერიდან ამოზრდილიყო და ზევიდან თუ დახედავდით, დაფჩენილი ყბებიდან ამოსულ ეშვებს ჰგავდა, რომელიც ნავსადგურისკენ მიმავალ ხომალდებს შთანთქმით ემუქრებოდა.
თითქოს უნებლიე დანაშაულის გამოსასყიდად, კუნძულს - სახელად იანუს-როკს - შუქურასთვის მიეცა ბინა, რომელიც ხომალდებს ოცდაათი მილის სიშორეზე აფრთხილებდა. ყოველღამ ჰაერს მბრუნავი ლინზების ხმა აპობდა, რომლებიც არც კლდეებს დაგიდევდნენ რამედ და არც ტალღებს უშინდებოდნენ. საჭიროების შემთხვევაში, შუქურა თავშესაფრადაც გამოიყენებოდა.
ტირილის ხმა გაძლიერდა. შუქურას კარმა დაიჭრიალა და გრძელ აივანზე ტომის მაღალი ფიგურა გამოჩნდა. მამაკაცმა ბინოკლით მოავლო არემარეს თვალი.
- იზი! - დაიძახა მან, - ნავი! - და პატარა უბისკენ გაიშვირა ხელი, - ნაპირზე... ნავია! - ტომი გაუჩინარდა და რამდენიმე წამში ძირს ჩავიდა, - როგორც ჩანს, ნავზე ვიღაც არის, - გასძახა ქალს.
იზაბელი სწრაფად მივიდა მასთან და ხელიხელჩაკიდებული გაუყვნენ კარგად გაკვალულ ბილიკს პატარა პლაჟისკენ.
- აშკარად ვიღაც არის ნავზე, - თქვა ტომმა, - ღმერთო! კაცი უნდა იყოს, მაგრამ... - ვიღაც მამაკაცი უძრავად ეგდო სავარძელზე, ტირილის ხმა კი ქვემოდან მოისმოდა. ტომი კანჯოსკენ გაექანა, კაცი გადასწია და ნავის ჭვინტს (ჭვინტი - გემის, ნავის და მისთ. ცხვირი, წინა ნაწილი) გახედა წახრილმა, რომ გაეგო, საიდან მოდიოდა ტირილის ხმა. როდესაც გასწორდა, პატარა ფუთა ეჭირა ხელში: ქალის შალის კარდიგანში (კარდიგანი - ქალის უსაყელო ჟაკეტი) ჩვილი გაეხვიათ. ბავშვი განწირული ხმით ჩხაოდა.
- თვალებს არ ვუჯერებ! - წამოიძახა მან, - გამაოგნებელია, იზი. ნახე...
- ჩვილი! ღმერთო მაღალო! ვაიმე, ტომ, მომეცი, მე დავიჭერ!
ტომმა ფუთა გადასცა და უცნობის მოსულიერება სცადა. სამწუხაროდ, პულსი ვერ უპოვა. იზაბელისკენ შებრუნდა, რომელიც ამ დროს პაწაწინა არსებას სინჯავდა, - მკვდარია, იზი. ბავშვი როგორ არის?
- გარეგნულად არაფერი უჭირს. ნატკენიც არაფერი აქვს. რა პატარაა! - თქვა და ჩვილი გულში ჩაიკრა, - რაო? რაო, პატარავ? ახლა უსაფრთხოდ ხარ. რა ლამაზი ვინმეა, შეხე!
ტომი უძრავად იდგა და ცხედარს თვალს არ აცილებდა. მხოლოდ რამდენჯერმე დაახამხამა, ხომ არ მძინავსო. თოთო ბავშვმა ტირილი შეწყვიტა და ფშვინვა დაიწყო.
- არც ამ კაცს ეტყობა რამე კვალი, ავადმყოფსაც არ ჰგავს. ალბათ, ახალი გარდაცვლილია. დაჯერება მიჭირს, - შეჩერდა, - ბავშვი სახლში აიყვანე, იზ, მე კი რამეს მოვიტან, რომ ცხედარს გადავაფარო.
- კი მაგრამ, ტომ...
- ბილიკზე ვერ გავათრევ, ასე რომ, უმჯობესია, აქ დავტოვოთ, სანამ დახმარება მოგვისწრებს. არ მინდა, ფრინველებმა ან მწერებმა დაძიძგნონ. ფარდულში აფრისი იქნება და მოვიტან, - მართალია, გულმშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ გარდასულ დღეთა სუსხიდან მზის შუქზე გამოღწეულმა ფანტომებმა სახე და ხელები გაუთოშეს.
* * *
იანუს-როკს ერთი კვადრატული მილი ეკავა. ამ მწვანე კუნძულზე იმდენი ბალახი იყო, რომ რამდენიმე ცხვარსა და თხას თავისუფლად შეინახავდა, ქათმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გარდა ამისა, პატარა ბოსტნისთვისაც მოინახებოდა ადგილი. ხეებიდან მხოლოდ ორი ნორფოლკური არაუკარია იდგა, რომლებიც ჯერ კიდევ 1889 წელს, ანუ ოცდაათზე მეტი წლის წინათ, პოინტ-პარტაგეზელ მშენებლებს დაერგოთ შუქურას აშენებისას. ბევრად ადრე გათხრილი საფლავები ხომალდის დაღუპვაზე მიანიშნებდა - „ბირმინგემის სიამაყე“ ხომ დღისით-მზისით დაეჯახა რიფს და ჩაიძირა. ასეთივე ხომალდით ჩამოიტანეს ინგლისიდან თავად შუქურაც, ოღონდ ამჯერად იმ დროისთვის