თავი 1 - დევონის სკივრი
ჩვენი სასტუმრო ოთახის კუთხეში თითქოს ფრთამოტეხილი ჩიტი ზის. როგორც კი კონდიციონერი ტკაცუნითა და ვაი-ვიშით ჩაირთვება და ზეწარს ცივი ნიავი დაუბერავს, იგი ჰაერში იწევა, ორიოდე წამით შეიფრთხიალებს და ძირს ვარდება. უძრავი. უსულო.
ნაცრისფერი ზეწარი მამამ გადააფარა, რომ ჩემს თვალს მოარიდოს, მაგრამ მე ვიცი, ის აქაა. შემიძლია დავხატო კიდეც. ვიღებ ჩემს ნახშირის ფანქარს და ფურცელზე გადმომაქვს მონაცრისფრო, მოოთხკუთხედო, თითქმის ჩემი სიმაღლის ცალფრთიანი საგანი.
ზეწარი დევონის სკივრს მალავს, „არწივი სკაუტის“ ტიტულის მისაღებად რომ აკეთებდა მამას დახმარებით. როცა დაასრულებდა, მზად იქნებოდა, დანარჩენი ბოისკაუტებისთვისაც ესწავლებინა ამგვარი სკივრების აწყობა. ზეწარს ხელით ვსინჯავ და ვრწმუნდები, ყუთი ნამდვილად მის ქვეშაა. გარედან ცივი, მაგარი და ხეშეშია, შიგნიდან – კარიოზული. თუკი ჩემს ლექსიკონს ვენდობით, „კარიოზული“ გამოღრუებულ ანდა სიცარიელით ამოვსებულ სივრცეს ნიშნავს. სწორედ ასეთია დევონის სკივრი. სიცარიელით ამოვსებული. გვერდზე ჩამოჩაჩული ზეწარი ფრთამოტეხილ ჩიტს ამსგავსებს. ზეწრის ქვეშ ხის ნაჭერი დევს, რომელიც, როდესაც მამა და დევონი მის გამოჩორკნას დაასრულებდნენ, სკივრად იქცეოდა. თუმცა ახლა არ ვიცი, ეს როგორ მოხერხდება. დევონი მოკვდა. ჩიტი კვლავ ეცდება აფრენას, მაგრამ ვერასოდეს აიჭრება ცაში. შეიფრთხიალებს და ჩამოვარდება. შეიფრთხიალებს და ჩამოვარდება.
ზეწრის სირუხე სიღრმეშიც აღწევს; სასტუმრო ოთახის, ხელსაწყოების ყუთის, ჩემი გულის სიღრმეში. იქაურობა ისეთი ნაცრისფერია, ნათურის შუქიც კი მეტისმეტად მკვეთრი მეჩვენება და თვალს მჭრის. ამიტომაც ნათურები მთელ სახლში ჩამქრალია. თუმცა ირგვლივ მაინც ყველაფერი ჩახჩახებს. მე კი სიბნელე მსურს და ამიტომაც მინდა, დივნის ბალიშის ქვეშ შევრგო თავი, სადაც მწვანე, უჯრედებიან ქსოვილს მამას ოფლის, დევონის წინდებისა და ჩემი ბატიბუტის სუნი ასდის. ბალიში რბილი და თან მძიმეა და მე უფრო მჭიდროდ ვიკრობ მას; ვცდილობ, მხრები და გულმკერდიც შევმალო მის ქვეშ, რომ ზემოდან დაწოლილმა სიმძიმემ გამსრისოს და არ მომცეს საშუალება, ჩიტივით შევიფრთხიალო და ჩამოვვარდე, შევიფრთხიალო და ჩამოვვარდე.