I ლეიტენანტ თომას გლანის საბუთებიდან
რამდენიმე დღეა, ნურლანდის ზაფხულის დაუღამებელ დღეზე ვფიქრობ და ვფიქრობ. ვზივარ და ვფიქრობ მათზე, კიდევ ქოხზე, რომელშიც ვცხოვრობდი, ვფიქრობ ქოხის უკან მდებარე ტყეზე, და, დროის მოსაკლავად და საკუთარი სიამოვნებისთვის, წერას ვიწყებ. დრო მიზოზინებს, ამაოდ ვცდილობ, როგორმე დავაჩქარო, თანაც უდარდელად და მხიარულად ვცხოვრობ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ასაკიც ხელს მიწყობს, აბა, ოცდაათი წელი რა ბედენაა! რამდენიმე დღის წინ ფრინველის ორი ბუმბული გამომიგზავნეს შორიდან, არადა, ის ადამიანი სულ არ იყო ვალდებული, ბუმბული გამოეგზავნა ჩემთვის. სიამოვნებაც კი მომგვარა ობლატით დაბეჭდილ გერბიან საფოსტო ქაღალდში გახვეული ორი, მწვანე ეშმაკისფერი ბუმბულის დანახვამ. არაფერი მაწუხებს, მხოლოდ მარცხენა ფეხზე, დიდი ხნით ადრე მოშუშებული ნატყვიარის ადგილზე, დროდადრო, რევმატიზმი თუ შემახსენებს თავს.
მახსოვს, ორი წლის წინ დრო ძალიან სწრაფად გადიოდა, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა, შედარებაც არ შეიძლება. უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი, ზაფხული ისეთი ელვისებური სისწრაფით მიილია. მსურს, დავწერო იმის შესახებ, რაც ორი წლის წინ, 1855 წელს მოხდა. მსურს, დავწერო იმაზე, რაც მაშინ თავს გადამხდა, ან, დამესიზმრა და ვისიამოვნო წერით. განცდილიდან ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, რადგან მას შემდეგ თითქმის აღარც მიფიქრია მათზე; თუმცა, მახსოვს, ძალზე ნათელი ღამეები იდგა; ბევრი რამ მაცვიფრებდა: წელიწადში თორმეტი თვე კი იყო, მაგრამ არ ღამდებოდა და ცაზე ერთ ვარსკვლავსაც ვერ ნახავდით. ადამიანებიც თავისებურები იყვნენ, მსგავსი ბუნების ხალხი არასოდეს მენახა; ზოგჯერ, ერთ ღამეში ბავშვი, შეიძლება გარეგნობითაც კი მოწიფულ ზრდასრულს დამსგავსებოდა. გრძნეულება არაფერ შუაში იყო. თუმცა, ასეთი რამ მანამდე არასოდეს განმეცადა. მართლაც რომ არასოდეს.
ქვემოთ, ზღვასთან მდებარე დიდ, თეთრად შეღებილ სახლში, შევხვდი ადამიანს, რომელმაც ცოტა ხნით ჩემი ფიქრები დაიპყრო. ვერ ვიტყვი, რომ გამუდმებით კვლავ მასზე ვფიქრობ. უკვე აღარ, არა. თითქმის უკვე დავივიწყე; სამაგიეროდ, სულ სხვა რამ მაგონდება: ზღვის ფრინველთა კივილი, ტყეებში ნადირობა, მე და ჩემი ღამეები, ზაფხულის თითოეული თბილი საათი; სხვათა შორის, სრულიად შემთხვევით შევხვდი; და ბრმა შემთხვევითობა რომ არა, მასზე ფიქრისთვის ერთ წამსაც ვერ გავიმეტებდი.
ჩემი ქოხიდან კუნძულების, რიფებისა და შხერებისგან შექმნილ ალიაქოთს, ზღვის პატარა ნაგლეჯსა და მთების ლურჯ წვერებს ვხედავდი. ქოხს უკანა მხარეს ტყე ერტყა, უღრანი ტყე. ფესვებისა და ფოთლების სუნი და ნაძვის მსუყე არომატი, რომელიც ძვლის ტვინის სუნს მაგონებდა, სიხარულისა და მადლიერების გრძნობით მავსებდა. მხოლოდ ტყეში ვპოულობდი შინაგან სიმშვიდეს, სულიერ ჰარმონიასა და ძალას. ყოველ ცისმარე დღეს ეზოპთან ერთად ტყით დაფარულ გორაკებზე დავდიოდი და, ოღონდაც ასე მევლო ყოველდღე, მეტი არც არაფერი მსურდა ამქვეყნად, თუმცა, მიწა ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ თოვლ-ჭყაპს დაეფარა. ჩემი ერთადერთი ამხანაგი ეზოპი იყო; ამჟამად ქორას პატრონი ვარ, მაშინ კი ეზოპი მყავდა, ძაღლი, რომელიც ბოლოს ჩემივე ტყვიამ იმსხვერპლა.
ხშირად, საღამოობით, ნადირობიდან ქოხში დაბრუნებულს, შინ ყოფნით გამოწვეული მყუდროების განცდა თხემიდან ტერფამდე სასიამოვნო ჟრუანტელად რომ ჩამივლიდა, ეზოპს მივუახლოვდებოდი და ნეტარი ცხოვრებით მოგვრილ კმაყოფილებას ვუზიარებდი: – ახლა ცეცხლს დავანთებთ და კერიაზე ფრინველს შევწვავთ, რას იტყვი? და როდესაც ყველაფერს მოვამთავრებდით და დავნაყრდებოდით, ეზოპი თავის კუთვნილ ადგილზე, კერიის უკან გაწვებოდა, მე ჩიბუხს მოვუკიდებდი, ცოტა ხნით ტახტზე მივწვებოდი და ტყის ჩუმ შრიალს ვუგდებდი ყურს. სუსტი ნიავი ქროდა. მკაფიოდ მესმოდა ქარის მიერ შორეული გორაკებიდან ჩამოტანილი როჭოების ტიხტიხი. სიჩუმეს სხვა არაფერი არღვევდა.
ბევრჯერ გაუხდელად ჩამძინებია იქვე და ვწოლილვარ, სანამ ზღვის ფრინველთა ხმები არ დამიფრთხობდა ანგელოზებს. გაღვიძებული ფანჯრიდან ვხედავდი სავაჭრო მოედნის დიდ, თეთრ შენობებს, სირილუნდის ნავსადგომს, მაღაზიას, სადაც პურს ვყიდულობდი, და ცოტა ხანს ვიწექი და მიკვირდა, რომ ნურლანდში, ტყის განაპირას, ქოხში ვიმყოფებოდი.
შემდეგ ეზოპი გრძელ და წვრილ სხეულს შეიფერთხავდა კერიასთან, საყელურს ააჟღარუნებდა, დაამთქნარებდა და კუდის ქიცინს მოჰყვებოდა. მეც წამოვხტებოდი, სამ-ოთხსაათიანი ძილის შემდეგ დასვენებული და სიხარულით აღსავსე ყველაფრის, სულ ყველაფრის გამო.
ასე გავიდა მრავალი ღამე.