ბეკეტი - ნაწილი 6 და აგერ ახლა ვდგავარ ამ დანგრეული სახლის წინ, ვჭვრეტ შიგთავს და ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე, სამ დღეში ავაშენებ. ორი კარგი მშენებელი მინდა და ეგ არის. ახლა მარტივია სახლის აშენება, მთავარია მასალა და ხელოვნება. მანამდე კი... მანამდე, იძულებული ვარ შარვალი ჩავიწიო და ტყეში ამ ადგილას მოვისაქმო. ჰოდა, ვიზამ კიდეც. რამდენი ხანია თანამედროვე ადამიანი ტყეში კუჭში აღარ გასულა, - სირცხვილი კაცობრიობას! მოკლედ ჩავიცუცქე... შეშინებულმა მომ, როგორც კი მხედველობის არედან დამკარგა, სახლს მარჯვენა მხრიდან შემოურბინა და გაოგნებული მომაშტერდა, მთლად გამჭვირვალე გახდა. თოკი, როგორც კარაქზე დანა, ისე აქვს გამდნარ მუცელზე გამოდებული. გადავჭრა? ისეთი გამჭვირვალეა ვეღარც კი ვხედავ. რა საინტერესოა, სირცხვილის დროს ჩვენ ვწითლდებით, ზოგი გამჭვირვალე ხდება; ცოტაც და გამეცინება. მე თუ მკითხავ, დიდებულად აღვნიშნე ამ სახლთან შეხვედრა. იმაზე ღირებული რა უნდა იყოს, რომ შენთვის მნიშვნელოვან ადგილს ბიოლოგიურ-ვიტალური კვალი დააჩნიო, ეს ხომ სრული განწმენდაა. პირველადია, - ამბობენ სიცოცხლის ფილოსოფოსები. ზოგჯერ კუჭში გასვლასაც შეიძლება მიანიჭო რიტუალური, ონტოლოგიური მნიშვნელობა, გააჩნია სად, როგორ და... ის სიტყვა კვლავ დამავიწყდა. იქვე ერთი მარადმწვანე ბუჩქი შევნიშნე, ფართეფოთლებიანი. რამდენიმე მოვგლიჯე, ტრაკი გამოვიხოცე. წამოვდექი. შავი შარვალი ამოვიწიე, ღილები შევიკარი და თითქოს არც არაფერი მომხდარა ბუდასავით დამშვიდებულმა განვაგრძე გზა იმ მიმართულებით, საითაც თოკმა გამქაჩა. ასე ემართებათ მგლებს ნადირობის შემდეგ, ბევრ სისხლს სვამენ, ბრუვდებიან და მშვიდად მიუყვებიან თოვლის ბილიკს. მიხვალ, ყურში მოკიდებ ხელს და წამოგყვება. ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც მგელი ცხვრად გადაიქცევა. დანაყრებით ხდება თუ გათავისუფლებით, სისხლით განწმენდას მაგარი მუღამი აქვს. ჰოდა, მივყვები მოს, იმედებისგან მოსვენებული, დღიურ ფიქრისგან თავისუფალი და ის ჭრიალი არათუ გვიახლოვდება, უკვე ნათლად ვხედავთ კიდეც იმას, რაც ასე ჭრიალებდა. ვიღაცა კაცი, ურემში შებმულ ორ ხართან ერთად ქვევიდან მოუყვება სოფლის შარაგზას. თითქოს გემი წყვდიადის სიღრმიდან დაიბადა, ამოიზრდა, გვიახლოვდება, მოცურავს და მოარღვევს თოვლის ზედაპირს. თვითონ გემის კიჩოზე წამომჯდარა, ხელში ჯოხი უჭირავს, მაგრამ, როგორც ვაკვირდები, საერთოდ არ ინძრევა, მხოლოდ პირდაპირ იყურება, ლამისაა გვერდი აგვიაროს. არც თავი მოუბრუნებია, არც გამარჯობა უთქვამს და მგონი ვერც იგრძნო ჩვენი იქ ყოფნა. აპეურსაც ნათლად ვხედავ. მასზე შავ-თეთრი ფოტოებია ჩამოკიდებული. ერთი საშუალო ზომის, მეორე კი საშუალოზე ოდნავ დიდი... და ურმის მოძრაობასთან ერთად ფრიალებენ ჰაერში... რა უცნაური დღეა, თუ ღამე. თუმცა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სწორედ ასე უნდა ხდებოდეს ყველაფერი. ძალიან ბუნებრივია ჩემი თავგადასავალი.
აპეურზე ჩამოკიდებული ორი შავთ-თეთრი სურათი: ერთზე, შედარებით მცირე ზომისაზე, მთლიანი სხეული ჩანს, თავიდან ფეხებამდე, მაგრამ, ღმერთო ჩემო, აშკარად ბავშვია. მეორეზე, ოდნავ დიდზე, - მხოლოდ სხეულის ნახევარი, ტანს ზემოთ. ახლგაზრდა მამაკაცია. ურემმა ჭრიალით აგვიარა, თვალი გავაყოლე და რას ვხედავ, ასე 50 მეტრში ვიღაც შუახნის ქალი მისდევს. ზოგჯერ უჩქარებს ფეხს, ზოგჯერ ჩერდება, ხან ქოშინებს, ხან მშვიდად სუნთქავს, იქცევა კიდეც, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ურმიდან ქალამდე დისტანცია ყოველთვის ერთი და იგივეა, მანძილი არც იმატებს და არც მცირდება. დაიღალა. სურს დაეწიოს და მოხუც მამაკაცს მიუჯდეს გვერდზე, მაგრამ ვერ ეწევა. ან უნდა, რომ დაშორდეს, ჩამორჩეს, გაიქცეს, სადღაც გადაიკარგოს და ვერ შორდება. ზოლი ყოველთვის ზუსტია ურმის ბორბლებს შორის. სწორედ ამ ხაზში დგას ქალი მაია, როგორც ილუზია, გზას მიჯაჭვული, მთვარის სიმრგვალის შუაში მოქცეული, როგორც ცირკის მსახიობი სინათლის ბურთით გარშემორტყმული სცენაზე დგომისას. წმინდანის შარავანდედი. ეს რაღაა? ვხედავ: ურმის ბოლოს, კიდეში, გადმოცვენილ, ჰაერში ჩამოკიდებულ ხელის მტევნებს. სხეულები არ ჩანს, ნაბადში არიან გახვეული. სივრცეში გადმოკიდებული კიდურები გზის უსწორმასწორობის გამო შემზარავდ ირხევიან. მთელ ამ მოძრაობას ერთადერთი ძეგლი ადგას თავზე, ხარებს უკან ფიცარზე ჩამომჯდარი მოხუცი ჭაღარა კაცი, რომელიც ურმის რწევას თითქოს არც ემორჩილება, სტატიკურია, ბუნების რომლიღაცა კანონის საპირისპიროდ. შავ ტანსაცმელში გახვეულმა, თვალცრემლიანმა (ცრემლი შეყინული აქვს თვალს ქვემოთ), ჭრელთავსაფრიანმა, კონტრასტული გარეგნობის ქალმაც შეუმჩნევლად აგვიარა. ყურადღება არც მას მოუქცევია, თითქოს არც ვმდგარიყავით. მოკლედ, თოვლის ჯადოსნურმა ქარავანმა გაგვიარა გვერდზე. ველოსიპედთან მდგარნი შევყურებდით ამ პროცესიას. მოს გაკვირვება ვერ შევატყვე. მე კი ტრაგიკულის და არანორმალურის აღქმა თითქმის აღარ შემიძლია. გრძნობები დამიჩლუნგდა. ყველაფერი მეტისმეტად ჩვეულებრივია საიმისოდ, რომ უცნაურად მივიჩნიოთ. ეს რეალობის ფუნდამენტური კანონია. სწორედაც, რომ არსებობს ისეთი სიმბოლო, რომელშიც არაფერია ნაგულისხმევი. ერთ პოეტს თავის სამშობლოდ თოვლი მიუჩნევია. მო, მოულოდნელად მომიბრუნდა და მეუბნება: ამათ ვიცნობ. სამყაროს გადაკვეთის რომელიღაც წერტილში, როდესაც ცას