ბეკეტი - ნაწილი 5 "ჯვარისყანის" გვირაბის გამოვლამ სმენა გამიმახვილა. უმცირესი ჩურჩულიც კი მესმის ქვეყნის დასალიერში. აი, ურმის ჭრიალის ხმას ვუახლოვდებით. კანკალმა ამიტანა, მუცელზე ხელებს ვეღარ ვამაგრებ. ხელები გავუშვი და რაღაცნაირი სწრაფი მოძრაობით ველოსიპედიდან გადმოვხტი. დავეცი. მო შეჩერდა. მიყურებდა. რაღაცას მიხვდა. ხმა არ ამოუღია, ნელი სვლით განაგრძო მოძრაობა. წამოვდექი. მივყვები ველოსიპედს ოდნავ ჩამორჩენილი და მის ასთენიკურ სხეულზე თოკით გადაბმული. სოფლის ჭალებსაც ჩავცდით. ოდნავი დაღმართია. ურმის ჭრიალი ზღაპრის შეუცნობელი სიღმიდან უფრო და უფრო გვიახლოვდება. ღამის ნათელში, შორ მანძილზე, რომელიღაცა კონცენტრიკული ჰორიზონტალური ხაზის გასწვრივ კაცის მოჭრილი თავი ამოიზარდა. უძრავი, სტატიკური, გაქვავებული სხეული ნელ-ნელა ამოიწვერა და ბედის ჩვენეული გზის ვერტიკალზე განაგრძო მოძრაობა. უკვე მხრებიც მოუჩანს. მოს ვაკვირდები. თითქოს არც არაფერი დაუნახავს. ძველებურად, უდრტვინველად მისრიალებს თოვლის გლუვ ზედაპირზე. მადლობა ღმერთს, ვგრძნობ, კარგა დიდ მანძილზე დავშორდი სახლს, მაგრამ, სამაგიეროდ აგერ, "ჭალებს" ქვემოთ იმის დანგრეულ სახლია, რომლის ძვლებიც ახლა უკვე სასაფლაოს სიღრმეშია მოთავსებული და რომელთან ყოფნის სურვილიც ქრონიკული ალერგიის გამო თითქმის აღარ მაქვს. სინათლის ბურთი სწორედ ამ სახლისკენ გაგორდა და მის შორი-ახლოს შეჩერდა, ისეთ ადგილას, კარგად რომ გამოჩენილიყო სახლის ნანგრევები და კედლების ირგვლივ შემოჯარული მარადიული ყვავილები, რომელებიც არასდროს დამჭკნარა და მზეს მიშტერებულმა, როგორც თავად იმან წაიმღერა ერთხელ, აღარც არასდროს დაჭკნება. მომ ველოსიპედი გზის პირას ხეზე მიაყუდა და წინ გამიძღვა, სახლის მიმართულებით, რომელიც გზიდან არცთუ ისე შორს გამოხშირულ ტყეში იდგა შეუმჩნევლად. სახლის ნანგრევებმა შემაშფოთა. მისი შიგთავსი კარგად ჩანს. მომ სახლს შემოუარა და როდესაც უკანა მხარეს მოექცა მე მის წინ აღმოვჩნდი. მიმზერს. ვხედავ მის ნაღვლიან თვალებს სახლის ნანგრევების ვერტიკალური ნაპრალიდან. დაჟინებით მიყურებს, ცდილობს რაღაცა გამახსენოს. თოკით გადაბმულები, ის სახლის უკანა მხარეს დგას, მე წინ. შემდეგ ისე მოხდა, რომ მე მოვექეცი უკანა მხარეს ის კი წინ აღმოჩნდა. შევჩერდით. რატომ მიყურებს ასე დაჟინებით? თან ბუტბუტებს: ჯვარი აქ ვიპოვნე ნანგრევებში, მაჯაზე შევიბი და მგონი სოფლის გვირაბში დავკარგეო... რა იცის, რომ მაგან გადამარჩინა... ჯერ მისთვის ხმაც კი არ გამიცია. უნებლიედ მზერა ავარიდე, თავი დავხარე, დაკეცილი ქაღალდი გულის ჯიბიდან ამოვაძვრინე, ჩემი ჯადოსნური მანათობელი კალამი ფურცელთან ახლოს მივიტანე და ინსტინქტურად დავაწერე: მ ე ხ ს ი ე რ ე ბ ა. შემდეგ იმის სახელი მოვხაზე, ვისი ძვლებიც არაერთხელ გამითბია - ჰელენ! - და ახალ, სუფთა ფურცელზე წერა განვაგრძე:
როდესაც ჰელენს სახლში მივაკითხე, კარი გამიღო. გამჭვირვალე კაბა ეცვა თავის სახელივით. შავ თოკზე შებმული ვერცხლისფერი ჯვარი მკერდის გასწვრივ ამოსულ ხალს მსუბუქად უსერავდა. ხალიდან სისხლი ჟონავდა... ცხვირწინ ჩამიარა, რაც შეპატიჟებას ნიშნავდა. შევედი. სახის ნაკვთები ჰქონდა ნაზი, განლაგებული სიმეტრიის კანონის საპირისპიროდ, ვნებით აღსავსე, რაც გასაოცარ პროპორციას ჰქმნიდა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, უფრო სწორად, ზოგჯერ მე მიყვარდა, ზოგჯერ მას, ისე რომ ერთდროულად არასდროს გვყვარებია ერთმანეთი, ყოველთვის ცალმხრივად შეყვარებული გვეთქმოდა. ახლა, როცა მას მივაკითხე, ჩემი ჯერი დამდგარიყო. ის კი, თითქოს სულ ახლახანს გაგვეცნოს ერთმანეთი, ფლირტის ხელოვნებას მიმართავდა. არიან ქალები, რომლებსაც უხდებათ ფლირტი, უხდებათ კი არა, სხვანაირად მათი წარმოდგენა შეუძლებელია. ზოგჯერ ფლირტი ვნების რეალიზაციის საუკეთესო გზაა, მე მას წმინდა ვნებას დავარქმევდი. მიყვარდა ჰელენი, მას კი არ ვუყვარდი, თუმცა, პირიქითაც ყოფილა...
როდესაც კარზე დავუკაკუნე, ფეხის ხმამ მიკარნახა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ერთადერთი, რაც მომეთხოვებოდა, იყო დუმილი. დუმილი უკანასკნელი იმედია ცალმხრივად შეყვარებულისთვის. შესვლისას თვალი გავაყოლე, როგორ მსუბუქად გადადგა ნაბიჯი თავისი ოთახისაკენ, მერე შეყოვნდა, ზალაში შებრუნდა და დივანზე მიესვენა. მეც იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი მის დახუჭულ თვალებს, რომელიც სულაც არ გახლდათ ბოლომდე დახუჭული, ქუთუთოები უთრთოდა... მზემ კი, რომელიც მისი სხეულის ნახევარს დაუფლებოდა, გამჭვირვალე კაბაში შეაღწია და კანზე აირეკლა. მზემ დაიურვა ჰელენი, მისი სხეულის ნახევარი სააშკარაოზე გამოიტანა, ალბათ იმიტომ, რომ მე მემზირა, მას კი შევყვარებოდი...
მომხდარა ისეც, მას ვყვარებივარ, მე კი მთვრალი დავეხეტებოდი ქალაქის ქუჩებში, მეგონა სამყარო ჩემი იყო, მხოლოდ ჰელენის შეგრძნება არ შემეძლო მაშინ. შევხვდეთო, - მთხოვა. შევხვდეთ-მეთქი. შევხვდით უნივერსიტეტის ბაღში, გავისეირნეთ. მიყვარხარო, - მითხრა. შევხედე. თავი არ დაუხრია, თვალებში მიყურებდა. ვიგრძენი, რომ ვერ მოვატყუე, თუმცა შევეცადე ამპარტავნება მიმეჩქმალა. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. იმასაც მივხვდი, თვალებით როგორ მითხრა: ვერ მიმიხვდი, შეურაცხყოფა მომაყენეო. მაშინაც გამჭვირვალე კაბა ეცვა ჰელენს, როცა გამშორდა, მკერდზე კი ჯვარი მოუჩანდა... ვხედავდი მისი სხეულის სიშიშვლეს.