ბეკეტი - ნაწილი 3 გამიღეს და თავიც გამოყვეს. თავი გამოყო თავშალწაკრულმა დედაკაცმა, თეთრი, ავადმყოფური სახით, მადლით მოსილი, მიყურებდა და თვალებით მეკითხებოდა, რა გნებავთ? ვერ შევატყვე შეცბუნება, არადა მე დამინახა. ალბათ სანთლის ალმა დააბრმავა, ან რელიგიურმა ექსტაზმა, მე კი ვუყურებ, კარგად ვაკვირდები, ვხედავ მის მოხრილ სხეულს, დარაბებზე ჩამოწყობილ გაყვითლებულ ხელებს, თავშლიდან გადმოცვენილ ცეცხლისფერ კულულებს და თვალებს, რომელიც ჩამქრალია, მაგრამ ისეთი, სიკვდილის დროს სიამოვნებით რომ დაიხუჭება, მასში გამქრალია წინააღმდეგობა და არის მოლოდინი დადასტურებული და ბეჭედდასმული. მისი თვალები ანგელოზის ბეჭედია, აპოკალიფსში როა, მგონი მეშვიდე... ქალბატონო, სანთელი რატომ გინთიათ ფანჯარაში? აბა ირგვლივ მიმოიხედეთო, მითხრა. მიმოვიხედე და რას ვხედავ, თითქმის ყველა სარკმელი განათებულია ირგვლივ... მხრები ავიჩეჩე. კი, მაგრამ, დაგავიწყდათ, დღეს ხომ შობ... და ამ დროს სოფლის სასაფლაოს პატარა ეკლესიიდან, რომელიც "წმინდა გიორგის" სახელს ატარებს, გაისმა პატარა ზარის წკრიალა ხმა. ნეტა ვინ ავიდა იქ? ნუთუ ასე ამერია დრო? არა ქალბატონო, გამორიცხულია დღეს რომ შობა იყოს... და მივაშტერდი ძუძუებზე, რომლებიც რაღაც მისტიკურ ნისლში გახვეულიყო, ჩავთვალე რომ ეს მისი რელიგიურობის ნიშანი იყო, მაგრამ ცოტაც და რაღაც უცნაური სუნიც მეცა, ეს კი აშკარად არ არის საკმევლის სუნი, უფრო ახლად აშიშხინებული ხორცის ნაჭერია. ქალბატონო, მგონი თქვენ ცეცხლი გიკიდიათ ძუძუებზე. მან დაიხედა და კივილი მორთო. ერთი შევნიშნე, ოთახში ვიღაცები ტაშტებით დარბოდნენ. წამოვედი. მაინც რა არის ეს წმინდა დღესასწაულები. რელიგია. შობის სანთელიდან ძუძუებზე ცეცხლი წაეკიდა. ნუთუ ვერ ხვდებით მცირედ მორწმუნენო, ეს არის "წმინდა გარდამოსვლა" იერუსალიმში. მცირე მასშტაბით სასწაულის გამერობა, მაგრამ იერუსალიმის წმინდა ცეცხლისგან განსხვავებით შობის სანთლიდან გადმოსული ცეცხლი წვავს, როგორც ხორცს, ისე სულს... გამოვბრუნდი. ვაკვირდები, სახლების ფანჯრებს. თითოეული მათგანი მართლაც რომ ალექსანდრიის შუქურას ჰგავს. ყველა ანათებს, მინათებს სავალ გზას, ისე რომ დამავიწყდა კიდეც ჩემი შარვლის ჯიბეში განთავსებული ნათლის ღრუბელი, ლამპარი ჩემი ბილიკებისა. მივყვები სინათლის გზებს და ვგრძნობ სახლს ვუახლოვდები, მგონი დავინახე კიდეც. მთელ სოფელში მხოლოდ ისაა ჩაბნელებული. არანაირი სინათლის სხივი, სრული წყვდიადი. რა მარტივია სინათლეში სიბნელის დანახვა. ორი საწყისი, ორი პარალელური წრფე, რომელიც სადღაც უსასრულობაში გადაიკვეთება და ყველა პოეტი თავისებურ დასკვნებს გააკეთებს. ბევრი მისტიკოსი დუმილს მიიჩნევს რელიგიის მთავარ მიღწევად, ე. ი. მართლა მარიამ ღვთისმშობელია ქრისტიანებისთვის ყველაზე დიდი მაგალითი. თუმცა ეს საეჭვი თეზისია, ის უფრო მაშინ დუმდა ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა. ნეტა, იოსებმა მოასწრო გაქრისტიანება? მარიამმა ქალებს მისცა სიჩუმის მაგალითი, მაგრამ ამ მაგალითმა ძალიან ცუდად იმუშავა ისტორიაში. ჰაჰაჰაჰა. სიცილი. გაცინება, მხოლოდ ადამიანზეა შესაძლებელი. ქუდზე არასდროს გაგეცინება, თუ ის ადამიანს არ ახურავსო, ჩაწერილი მაქვს, ის ბრმა მეუბნებოდა. ბრმებს ნაკლებად გვაქვს იუმორის გრძნობა, იუმორი თვალის თვისებაა. ისინი კი მოძრაობას აკვირდებიან, ბგერის აღქმის გარეშე, ვთქვათ, ცეკვას მუსიკის გარეშე, მომღერალს სიმღერის გარეშე, არადა, სწორედ მათ არ შეუძლიათ სიცილი, ვისაც ყველაზე მეტად ეცინებაო. ჰო, ყრუ-მუნჯებს გულისხმობდა. მგონი ესეც სასაცილოა. დაგვცინიან, მაგრამ ვერ იცინიან, ჩვენ კი დავცინით, რადგან, დაგვცინიან და ვერ იცინიან. ისინი მხოლოდ ჩვენ დაგვცინიან, ჩვენ კი მათაც და ჩვენს თავსაც. რთულია. სამყაროს არარეალურობა მანცვიფრებს, თითქოს ვისწავლე კიდეც ჩემი თავის დადანაშაულება ყველაფერში, რათა სასჯელის სიმძიმე რაღაცნაირად გავამართლო, ვგულისხმობ სახლში არდაბრუნების შეუძლებლობას, მაგრამ, მგონი მაინც არსებობს ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ადამიანური იმპულსები, რაც დავივიწყე, სანაგვეზე გადავყარე, ისიც კი დავივიწყე, რომ დავივიწყე, მაგრამ აგერ თურმე ამომიტივტივდა, მაიძულა რაღაცის შეუძლებლობის შეუძლებლობამ და რაღაცის შესაძლებლობის შესაძლებლობამ, რომ მეღიარებინა უძლურება, გამკლავება სასჯელთან, რომელსაც კრიტერიუმი არ გააჩნია. სასაფლაოს ფერდობი ჩამოვირბინე, მდინარის ხიდიც გადავკვეთე, სანთლის მკრთალი შუქით განათებულ ფანჯრებსაც ჩავუარე, ერთგან მივაკაკუნე კიდეც, ახლა ვფიქრობ, ისევ ფერდობზე რატომ ვგრძნობ თავს, ვეშვები, მივსდევ სინათლის გუნდას, ვეშვები, მოვქრი, იმ ბრმის სხეულთან შერწყმული და გათავისუფლებული, მეც დავბრმავდი პატარაობისას, ამის შემდეგ სულ სინათლის მსუბუქი გუნდა დამატარებს, ჯერ არაფერს დავჯახებივარ, არც არასდროს წამომიკრავს ფეხი ქვისთვის, თითქოს ის ლამპარია ჩემი ფეხებისთვის, მეც დავატარებ, ტვინი მაქვს განათერბული, ვხედავ! მაგრამ ახლა ვხვდები, დროის გასვლასთან ერთად ეს გუნდა დნება, პატარავდება, სამყარო ცდილობს ბოლომდე დამაბრმაოს და წყვდიადში ჩამძიროს, გუნდა პატარავდება, სახლში ვბრუნდები, ნუთუ ყველაფერი ლაგდება და თავის საწყისს უბრუნდება?
სიცილი მეხსიერებას აღვიძებს - სასაცილო ჰიპოთეზაა! ჰაჰა, თითქმის ყველაფერი მახსენდება, ყველაფერი... ვეღარ ვაკავებ მეხსიერებას, პრეისტორიული ფესვები მექაჩება, არადა ფესვებს თითქოს მოწყვეტილი ვარ, ფეხსაცმლის თასმაში ჩაწნული, მიწიდან ამოგლეჯილი წმინდა ყვავილივით. ფეხებით