თავი I - შინ ქალი პარმაღზე იდგა, გულხელი დაეკრიფა და იცდიდა.
ფიქრებში ჩაძირულიყო? თვითონ ასე არ იტყოდა. ცდილობდა, რაღაც მოეხელთებინა თუ ისე გაეშიშვლებინა, მისი ცქერა და განსაზღვრა რომ შესძლებოდა. ბბოლო დროს ცოტ-ცოტა ხნით იდეებს ისევე „ირგებდა“ ხოლმე, როგორც საკიდიდან ჩამოხსნილ უამრავ კაბას. სიტყვებსა და ფრაზებს საგულდაგულოდ მარცვლავდა, თითქოს საბავშვო ლექსებს წარმოსთქვამსო: როგორც წესი, ცხოვრების გადამწყვეტი მომენტებისადმი გარკვეული დამოკიდებულება გაგვაჩნია და მათ საკმაოდ სტერეოტიპულად გამოვთქვამთ. ოოჰ, პირველი სიყვარული!... ნეტავ იმ დროს, რა ახალგაზრდები ვიყავით... ჩემი პირმშო... სიყვარულმა თავგზა ამიბნია!... ქორწინება ხომ კომპრომისია... წლები დამეტყო. დროის ნიშნით აღბეჭდილი ამა თუ იმ ფრაზის არჩევა ეგრერიგად პიროვნულ შეგრძნებებს არ უკავშირდება, რამდენადაც სოციალურ გარემოს, გნებავთ იმ ხალხს, გარს რომ გვახვევია. ადამიანის ჭეშმრიტ პიროვნულ შეგრძნებებზე უნდა ვიმსჯელოთ ან მისი ღიმილით, რომელიც თავადაც არ იცის, სახეზე თუ ეტყობა, ან წყენით, პირის კუთხეში კუნთების გაწელვით რომ გამოეხატება, ან იმ ამოოხვრით, უნებურად რომ ამოყვება ხოლმე ფილტვებს ასეთ გამონათქვამებთან ერთად: სულაც არ მქონია ნეტარი ბავშვობა! ამგვარ ფრაზებს, თითქოსდა საკმაოდ ეფექტურ სარეკლამო კომპანიებს რომ დასესხებიან, ისეთი შთამაგონებელი ძალა გააჩნიათ, რომ მათ უამრავი ხალხი იმეორებს და იმეორებს: ახალგაზრდობა ცხოვრების საუკეთესო ხანაა, ან კიდევ ქალისთვის სიყვარული ყველაფერია. ასეა, სანამ მსგავსის წარმოთქმისას ერთ მშვენიერ დღეს სარკეში არ დავიჭერთ საკუთარ გამოსახულებას ან ერთბაშად არ შეგვაჩერებს რეაქცია მეგობრის სახეზე.
ქქალი იდგა თავისი სახლის პარმაღზე, ხელები დაეკრიფა და ელოდა, როდის ათუხთუხდებოდა წყალი ჩაიდანში.
დღის მანძილზე გაფიცვის გამო ბევრჯერ გაითიშა დენი. მისი შვილები, უმცროსი ვაჟი ტიმი და ქალიშვილი ეილინი, ადრიანადვე გაეშურნენ სოფელში, ეპინგ ფორესტში (ეპინგ ფორესტიე (ინგ. Epping Forest) – ტყე აღმოსავლეთ ინგლისში, ლონდონის უკიდურესი ჩრდილოეთით, ყოფილი სამეფო სანადირო ადგილი) ფიჩხი შეაგროვეს და დიდი ხალისით დაანთეს კოცონი ხრეშის ბილიკზე. ზედ ზედადგარი შემოდგეს, ავტოფარეხის უკან ნაპოვნი ჯართის რკინისაგან რომ იყო ნაკეთი. ეს კოცონი, რამის მომზადება მასზე, მისი ცქერა, მასზე ხუმრობა მთელი დღე ოჯახის გასართობი გამხდარიყო. და მაინც ქალი ამ ყველაფერმა მეტად გააღიზიანა. ჩაიდანს ოცი წუთი დასჭირდა, სანამ სტვენას დაიწყებდა. წლები გასულიყო, რაც აღარ გაეგონა და გადავიწყებოდა ყავლგასული ჩაიდანი. ეელექტრობა წამში ააშიშხინებდა ხოლმე წყალს და სტვენა საერთოდ აღარ იყო საჭირო.
იქნებ უგრძნობელი გახდა? იქნებ მის შვილებს – ტიმსა და ეილინს – მას მერე რომ გაზრდილიყვნენ და იმჟამად ცხრამეტი და ოცდაორი შესრულებოდათ – სულაც არ ახალისებდათ იმდღევანდელი მცირე გამოგონებანი ისე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა; იქნებ თვალთმაქცობდნენ ტაქტის გამო? ხომ არ იყო იმათი საქციელი დადასტურება ერთი ძველი გამონათქვამისა, რომ ხალხი ვერ ღალატობს პირობითობას შეცვლილი სინამდვილის შესაბამისად, როგორი აუცილებელიც არ უნდა იყოს ის?
მასაც იგივე სჭირდა.
სინამდვილე კი ის იყო, რომ ქალი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულიყო იმის შეგნებით, რომ მისივე წარმოთქმული სიტყვებიცა და ფიქრად გაელვებული აზრებიც თითქოს სხვისი საკიდიდან იყო ჩამოხსნილი და მორგებული, მაგრამ რასაც სინამდვილეში გრძნობდა, ის კიდევ სხვა იყო.
ქალმა ხელები ჩამოუშვა, ორიოდე ნაბიჯი გადადგა სახალისო გონებამახვილური გამოგონებისკენ ხრეშის ბილიკის შუაგულისკენ, ცოტაოდენი ფიჩხი კიდევ შეუწყო ქვეშ ჩაიდანს, რომელიც ზედადგარის ოდნავ მოხრილი მავთულიდან ირყეოდა და მიაყურადა: ხომ არ შეცვლოდა ცოტათი სტვენის ხმა ჩაიდანს საერთოდ? კკი, შეცვლილიყო. თუ ხვალაც აპირებდნენ დენის გათიშვას, როგორც იმუქრებოდნენ, გონივრული იქნებოდა ტურისტული ღუმელი, ან რამე ამგვარი ეშოვათ; ეს ბოისკაუტინგი თავისთავად საუცხოო რამ კი იყო, მაგრამ რომ გაწვიმებულიყო... გაფიცვა, სავარაუდოდ, ერთხანს გასტანდა, ასე ამბობდნენ. განა ბოლო გამორთვას მალევე არ მოჰყვა დენის გათიშვის ეს სერიები? ეეს ერთგვარი ენეგეტიკული კრიზისი – სითბო, სინათლე, საწვავი, – სულ უფრო გახშირდა და განა საჭირო არ იყო თადარიგი დაეჭირათ? ალბათ, ტიმი და ეილინი არ ტყუოდნენ: შეშის მომარაგება ჭკუასთან ახლოს იყო.
ქალი მიბრუნდა თავის პარმაღზე, კედელს მიეყრდნო და კვლავ გულხელი დაიკრიფა.
ხომ არსებობდა საყოველთაო, საბედისწერო მოვლენები – ომები, გაფიცვები, წყალდიდობები, მიწისძვრები – ეგრეთ წოდებული ფორს-მაჟორი. ყყველას ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თითქოსდა ამ შემთხვევებმა, ოდესღაც ძლიერმა და იშვიათმა (ხდებოდა კი ნამდვილად ისინი?) იმატა ყველა ჩვენგანის გამოსაცდელად, თითქოსდა რაღაც ნაკადი ჰაერისა, ოდესღაც შორეულ და კატაკლიზმურ ვარსკვლავს რომ ერტყა გარს, ჩვენი საწყალი პლანეტის ჩასაყლაპად გამოემართა. თუ ჩაუფიქრდებოდით, მიხვდებოდით, რომ სულ უფრო მეტი ხალხისთვის ეწყობოდა ეს განსაცდელი: სამხედრო მოქმედებანი, ომი, სამოქალაქო ომი, ეპიდემია, შიმშილობა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ნიადაგის, საკვების და