ბეკეტი - ნაწილი 2 ოი, ეს რა წამომცდა, მაპატიე. ახლა ჯიბიდან სინათლეს ამოვიღებ, მაინც გადავამოწმოთ, აგერ უკვე შებინდდა, იანვარია. კი, კი, აქ ყველაფერი რიგზეა, მეტი ამ ერთ ღამეში არც დამჭირდება. ამდენი ხანია სახლიდან გამოვედი და ფანჯრებს მაინც ვხედავ. ნეტა თუ შევძლებ ერთხელ მაინც ცხოვრებაში, სახლს ისეთ დისტანციაზე დავშორდე, რომ ვერ დავინახო? დღეა თუ ღამეა, მთლიანს თუ ვერა, მის რომელიმე ნაწილს ყოველთვის ვხედავ, არადა, წეღან: "ცხადიო", "რეალობაო", "სიზმარიო" და რა ვიცი კიდევ, რა არ ჩამოვწერე... მიზებზე საერთოდ არ მიყვარს ლაპარაკი, ტვინი ისე გავხედნე, მხოლოდ კონკრეტულ, აი, ამ მომენტისთვის აუცილებლად მომხდარი ხდომილების ფიქსაცია შეუძლია. აბსოლუტურად გამორიცხულია "იყო" და "იქნება", მხოლოდ "არის", მორჩა და გათავდა. ჰო, კიდევ ერთი სიტყვა, ღმერთო გამახსენე... არა, ვერაფრით გავიხსენებ, მგონი, ის საერთოდ აღარ არის. გაუჩინარდა. დამტოვა. ახლა, ისევ ვიღებ კალამს და ვწერ, ვწერ, ველოდები აზრს, აზრის დაბადებას, აზრი მოვიდა, ეს ინტენციაა, ოღონდ ეს ხდება ახლა, ამაზე ცოხალი პროცესი რაღა გინდა? არ ვიცი რა იყო, ვერაფერს ვიხსენებ, არ ვიცი რა იქნება, რადგან არაფერი გამომდინარეობს ამ მომენტიდან, არსებობს ერთ წერტილში დაუსრულებელი მოძრაობა. სურვილიც, თუ გინდა არ დაგღალოს, ნუ იქნება მომავლისკენ მიმართული. არ გინდა ასრულება, იყოს თვითონ. გრძნობ სიხარულს? წარსულის და მომავლის დიდი სიხარული ვერ შეედრება ამწამიერ უმნიშვნელო სიხარულს. მეხსიერებაში დიდხანს შენახული შთაბეჭდილება იცრიცება... მოკლედ, არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ ვწერ... აი, თურმე რატომ ვწერდი, მივხვდი, გამახსენდა სიტყვა "იმიტომ", ეს სიტყვა მოვაშთე, გავანადგურე ჩემში, წეღან რომ ვერ ვიხსენებდი. რა გულისამრევია "იმიტომ". არა, არა, ახლავე კვლავ უნდა განვდევნო და ეს იქნება საბოლოო, მორჩა, უკვე დამავიწყდა, ტექსტს აღარ მივუბრუნდები. აბა, ვემზადები: ჰოპლა. მორჩა. გადავახტი! როგორც ჩანს, ეს წუთია, სოფლის შარაზე ავიარე ჩაფიქრებულმა. ჩემმა ხანშიშესულმა (ასე 65 ლამდე იქნება), ბრგე, წელში გამართულმა, ლამაზი აგებულების ძალიან თეთრთმიანმა (გარეგნობით, თითქმის ბუნდოვანებაში გადასულმა) მეგობარმა მომაძახა, ჰეი, შენ!.. (განდობილივით, საიდუმლო სახელით მომმართა, პაროლივითაა. მნიშვნელოვანი მომენტია!) გამარჯობა არ უნდა მითხრა?! რა ვქნა ახლა, მივიდე? დავიძარი, უნდა მივიდე, იქნებ რამე მომიყვეს. მივედი. ბევრად ახალგაზრდა ვარ მასზე, მაგრამ ვმეგობრობთ. ლოყაზე ვაკოცე, მივუჯექი. თავად წამოდგა. მომიბრუნდა. თავისივე გამოთლილ, გამომწვარ, გალაქულ გველისთავიან ჯოხს დაეყრდნო. მუქი, შავი მზის სათვალე უკეთია და მიყვება (ოჰ, როგორ ცოცხლად ვწერ, თუ აღვწერ ყველაფერს!): ორი დღის წინ სახლიდან გამოვედი, შუადღე იყო, თქვენსა მინდოდა ამოსვლა და ვერ მოვახერხე, პირველი ნაბიჯი გადავდგი თუ არა ჩემი ჭიშკრიდან, ავდექი და უკან შევბრუნდი. ახლა მე უნდა ვკითხო რატომ. ვკითხე. იმიტომ (ეს სიტყვა რას უნდა ნიშნავდეს?) ჩემო უმცროსო მეგობარო, რომ ერთ რამეს მივხვდი. რას? რას და ჩვენ ისეთი ზარმაცი ხალხი ვართ, თოვლში ერთი კაცი რომ გაკვალავს გზას ყველა მის გაკვალულში ვაბიჯებთ, არცერთი სანტიმეტრით წინ ან უკან და ასე, ათასმა კაცმა რომ გაიაროს იმ გზაზე ვერ შეატყობ, იფიქრებ ერთ კაცს გაუვლიაო. (ახლა ვიცი რაც უნდა ვუთხრა: მერე შენც გაგეკვალა შენი გზა, ან იმავე ნაფეხურებით ამოსულიყავი-მეთქი, მაგრამ არ ვეტყვი, აზრი არ აქვს.). მაინც რაზე ფიქრობდი, რომ ვერ შემნიშნე? იქნებ შეგამჩნიე და გაპარვა მინდოდა, როგორ მიცანი? როგორ და თოვლზე ბილიკი გაგყავდა, რომელიც მხოლოდ შენია, ფეხის ხმა უტყუარია... გაეცინა. (ვინმე იკითხავს: ჯერ ხომ ძალიან არ ჩამობნელებულა, ვითომ რატომ ვერ უნდა ეცნე, ბრმა ხომ არ არის? ჰო, სწორედაც ბრმაა, ბრმა! თეთრი თმა აქვს. მუქი სათვალე უკეთია. გველისთავიან ჯოხს დაჰყვება. შეუმჩნევლად დასრიალებს გზებზე. ორი დღის წინ, დილით, დიდი თოვლის გამო ჩემამდე ვერ ამოაღწია. სახელით მომმართა. ასეა, პატარა ბელეტრისტიკული "ტრიუკია" ეს "სიბრმავე" და ტექსტში ყველაფერს ცვლის). აგრძელებს: მერე, დღეს დილით რა შემემთხვა, რომ იცოდე, აბანოს ვაკეთებდი, ბაკი წყალს აღარ აცხელებდა, მაღალი ძაბვა გადის და... დენმა დამარტყა. ვაიმე, ვთქვი მე. ჰოდა, შენგან ერთი რამ მაინტერესებს, მთელი დღეა სანახშოზე, ამ ადგილას, გელოდები. რა გაინტერესებს? რა და ახლა მე ცოცხალი ვარ? რა ვუპასუხო? ალბათ შეკითხვა უნდა დავუბრუნო, სხვა გზა არ არის. და რატომ ფიქრობ, რომ ახლა შენ შეიძლება ცოცხალი არა ხარ? უკვე 39 წელია ბრმა ვარ და ახლა მე შენ გხედავ, გესმის გხედავ! გ ა ვ ი ქ ც ე?! არა, რომ გავიქცე ვიცი, ვიფიქრებ თუ არა სამშვიდობოს ვარ-მეთქი ზუსტად იქ გამომეცხადება და ჩვენს მეგობრობასაც საბოლოოდ დაესმევა წერტილი.