ახალი რეალობა
ეს არაჩვეულებრივი ბიზნესწიგნი არაჩვეულებრივი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ზოგიერთ მათგანს არასოდეს უოცნებია ბიზნესის წარმოებაზე, ზოგმა კი უკვე ააწყო და წარმატებითაც ავითარებს საკუთარ საქმეს.
ეს წიგნი მოწიფული, გამოცდილი მეწარმეებისთვის, ბიზნესსამყაროს A კლასის შეუპოვარი წარმომადგენლებისთვის დაიწერა, იმ ადამიანებისთვის, ვინც იმისთვის დაიბადნენ, რომ შექმნან, უხელმძღვანელონ და მოიპოვონ.
ეს წიგნი მცირე ბიზნესის მფლობელებისთვისაცაა. მართალია, ისინი A ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ ბიზნესი მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. ეს ადამიანები გამუდმებით კონკურენტული უპირატესობების ძიებაში არიან, რაც მათ მეტის გაკეთებაში, უფრო ეფექტიან მუშაობასა და მეტოქეების შეხურებაში დაეხმარება.
ეს წიგნი კიდევ იმათთვისაა, ვინც სამუშაოში არიან ჩაფლული, ყოველთვის საკუთარი პროექტის განხორციელებაზე ოცნებობენ. შეიძლება ამ ადამიანებს კიდევაც მოსწონთ სამუშაო, მაგრამ უფროსები არ ეპიტნავებათ. ან იქნებ სამსახური მოსაწყენად ეჩვენებათ და უნდათ, საყვარელი საქმის კეთებით გამოიმუშაონ ფული.
დაბოლოს, ეს წიგნი მათთვისაცაა, რომელთაც არასოდეს უფიქრიათ საკუთარი ბიზნესი ჰქონოდათ. ვისაც, ალბათ ჰგონია, რომ საამისოდ გაქანება არ ეყოფა. შესაძლოა, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ არ აქვთ საკმარისი ფული, დრო, თავდაჯერებულობა ან ცოდნა. ან სულაც, რისკს უფრთხიან. რაც უნდა იყოს მიზეზი, ამ წიგნის წაკითხვა არავის აწყენს, რადგან მასში გამოთქმული იდეები უნივერსალურია.
ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ. ბიზნესის წარმოება დღეს ყველას შეუძლია. ამისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი ამჟამად ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ათასობით დოლარის ღირებულების ტექნოლოგიების გამოყენება სულ რამდენიმე დოლარად ან სულაც უფასოდაა შესაძლებელი. დღეს ერთი თანამშრომელი სულ ადვილად უმკლავდება ორი, სამი და ზოგჯერ მთელი განყოფილების სამუშაოსაც კი. ის, რაც ადრე ძალზე რთული გასაკეთებელი იყო, ახლა ძალიან იოლია.
ახლა აღარაა საჭირო კვირაში „რაღაც“ 60/80/ 100-იოდე საათის დახარჯვა რაღაცის ასამუშავებლად. ამისათვის 10-14 საათიც საკმარისია. აღარც დანაზოგის პირწმინდად დახარჯვა ან თავზე ზედმეტი რისკის აღებაა საჭირო. შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესი მუდმივ სამუშაოსაც შეუთავსოთ და მუდმივი შემოსავლის წყაროდ გაიხადოთ. ამისათვის ოფისიც კი არ გჭირდებათ. დღეს შეგიძლიათ სახლში იმუშაოთ და იქიდან იურთიერთოთ ხალხთან, რომელთანაც ათასობით კილომეტრი გაშორებთ.
დადგა დრო, შეცვალოთ სამუშაოსადმი მიდგომა. მაშ, მოდი, დავიწყოთ.