თავი 1 იყოს ეს მოთხრობა სურვილებზე და მოტივებზე. არ ვიცი, რა არის შთაგონება. სახლიდან შთაგონებული გამოვედი. ზეცას წყლიანი თვალებით ავყურებდი და ვფიქრობდი სიკვდილისმაგვარ რაღაცაზე, ალბათ ფსალმუნებზე, დავითის პოეზიაზე, რომ მღეროდა დილაობით.
რა ბედნიერია ადამიანი დილით, რა ადვილად შეუძლია იფიქროს სიკვდილზე, აბა, გაბედე შებინდებისას, მთლიანად დაგეკარგება თემა. ამ სამყაროში, ყოველივე უადგილოს, მათ შორის უადგილო სიკეთეს თავის ლოგიკა აქვს. ნახეთ, რა იგავი შევთხზე: ოდესღაც მთვარეზე ხე დავრგე, ხე იზრდებოდა, მშვენიერდებოდა, ჟანგბადს გამოყოფდა, ნახშიროჟანგს შთანთქავდა, მაგრამ როცა ზრდა დაასრულა მისმა ფესვებმა მთვარე დაბზარა, - მორალი: ხე მხოლოდ დედამიწაზე უნდა დარგო! ვიზრდებით, გვიყვარდება მოყვასი, მათთან ურთიერთობა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასე 40 წლის შემდეგ ცხოვრება ცდილობს, გადაგვაჩვიოს ადამიანებს, მიგვაჩვიოს მარტოობას, რათა სიკვდილი არ იყოს მეტისმეტად ტრაგიკული. ბოლოს და ბოლოს, რაც მეტი ცნობისმოყვარე ადამიანი შეიკრიბება შენი ბოლო ამოსუნთქვის სანახავად, მით მეტად შეგეცოდება თავი და შეიძლება მთავარ მომენტში იუმორის გრძნობამ გიმტყუნოს, სიკვდილს მეტისმეტად სერიოზულად შეხედო. რად გინდა ასეთი ლაპარაკის მოსმენა: ეჰ, საწყალს როგორ ჰყვარებია სიცოცხლე (ეს ევფემიზმია და ნიშნავს: ეჰ, საწყალი რა მშიშარა ყოფილა) და როგორ არ დასცალდა ცხოვრებით დამტკბარიყო (ესეც ევფემიზმია და ნიშნავს: რა არასაინტერესოდ იცხოვრა). თან, ამით რა მაგალითს მისცემ ადამიანებს, გინდა რომ მათაც გული აუჩუყდეთ სიკვდილის წინ? კარგია მარტოობა, ოღონდ, ასე ვთქვათ , ნორმის ფარგლებში, მთლად მარტოც არ უნდა იყო, ხალხს შეეცოდები. იცხოვრე ადამიანურად, მოეშვი მეტაფიზიკას და ტვინის ჭყლეტას. სურვილი. სურვილის წარმოება, ეს ჯადოსმაგვარი პანდემიაა, გადამდებია. როდესღაც, სადღაც ერთი ადამიანი, შეიძლება ცოტა უსაქმურიც, წამოიწყებს სურვილს, შემდეგ კი მთელი კაცობრიობა აჰყვება. ახლა მე სახლიდან გამოვედი და მსურს! რა მსურს? რა და მსურს ისეთი სურვილი დამებადოს, რომ ჩემი სახლიდან დაიწყოს კაცობრიობის თანამედროვე ისტორია. მარტივია. ნახეთ, მე უბრალოდ კი არ მსურს, არამედ სურვილისამებრ მსურს. რა უფრო მთავარია, სურვილი თუ ის რაც მსურს? კლასიფიკაციაში მთავარი დატვირთვა მაინც უტოპიურ, ფიქციურ სურვილებზე მოდის. სიზმრები. სიზმრები რომ არა, სურვილები გაგვგუდავდა. ეს ჩემი თემის საკვანძო საკითხია. ახლა, ამ დილით (დილაა ვითომ?), არ დაგიმალავ, მზეს ვერ ვხედავ, რაღაც უცნაურად მუქი ფერის დღეა. გამოვედი სახლიდან. სურვილი ჩავიფიქრე და თითქმის მივხვდი კიდეც რა ჩავიფიქრე და უცებ სიზმარი, აუხდენელი სურვილების გადამამუშავებელი ქარხანა, არადა, აუხდენელი სულაც არ არის. თუ არ გჯერა, მაშინ კონტრკითხვა: რა გარწმუნებს, რომ აუხდენელია? კი, ზუსტად ეგ მინდოდა გაგეფიქრებინა, სიტყვა „ არარეალური “ . რაღაცნაირი ძალა აქვს ამ მყარ საგნებს, მოდი, ცთომილნი ვუწოდოთ, ტვინში ლურსმებივითაა ჩასობილი. არასდროს დაფიქრებულხარ, ტვინიც ერთი უბრალო, თუმცა არცთუ მცირე ზომის ლურსმანია, თავში ჩარჭობილი? არა, არა თავში არა, ალბათ უფრო შეგრძნებებში. სიზმარში გაბრაზებულზე მუშტი დაგიკრავს რაიმე მყარი საგნის, ვთქვათ მაგიდის, ზედაპირზე? გატყდა? არა, ვერ გატეხავდი, თუ ეს წინასწარვე არ გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ დავუშვათ, არ გქონდა ჩაფიქრებული და მაინც გატყდა? აქ შენც გამტყუნდი და მეც. შენ იმაში, რომ გამოიყენე სიტყვა „ არარეალური “ , მე კი... ღმერთო ჩემო, რაში ვარ მტყუანი, ტყუილი ხომ სურვილია? ან პირიქით. ორივე შემთხვევაში ერთდროულად მტყუანიც ვარ და მართალიც. მომწონს! როგორც იქნა, იმ დაწყევლილი ოთხი კანონიდან ერთის გაუქმება მაინც შევძელი. მიმიხვდი ეშმაკობას? სიტყვების: „ სურვილი “ , „ უტოპია “ , „ სიზმარი “ , „ რეალური “ , მერე გამოვიყენე სიტყვა „ კანონი “ . თითქოს ლოგიკურს ჰგავს ეს ყველაფერი. სახლიდან გამოვედი და თეთრი ხელებით ღრუბელივით სინათლეს შევეხე, ეს შესაძლოა ის ღრუბელია, ერთდროს ეგვიპტელებს გზას რომ უღობავდა, ღრუბლისგან საშუალო ზომის გუნდა გავაკეთე და შავი შარვლის წინა ჯიბეში ჩავიდე, შევინახე, მხოლოდ მარცხენა ხელის ჩაყოფისას მახსენდება ხოლმე. ეს ჩემი ერთი კანონია. ლიტერატურაში, კერძოდ, პოეზიაში დავამკვიდრე. კანონი და პოეზია პირდაპირ ერთმანეთიდან გამომდინარეობს. აბა, შენ რა სისხლის სამართლის კოდექსი გგონია კანონი, თუ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია? პრუსტს შეეძლო მინიმუმ 6 კანონის ჩამოთვლა, რომელიც ვერლენმა ფრანგულ პოეზიაში დაამკვიდრა. იმ ექვსიდან ერთი სავარაუდოდ ასე იკითხება: არ ვიცი რა არის სიზმარი, რადგან ყოველ სიზმარს მართლაც აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს სიზმარი. მეორე კანონი კი ასეთია: არ ვიცი რა არის ცხადი, რადგან ეაკულაცია ყველა მდგომარეობაშია შესაძლებელი, სიკვდილის დროსაც კი. ამ კანონს თან ერთვის რამდენიმე ნივთიერი მტკიცებულება, პოეტის დღის და ღამის საცვლები.