I
ბაბუამ თქვა:
- არსებობს ადამიანთა ტიპი, რომელსაც ბუნ ჰოგანბეკი მიეკუთვნებოდა. მისი თვისებების ჩამონათვალი კედელზე რომ გაგეკრა, მის ეპიტაფიად გამოდგებოდა, რაღაც, ბერტილიონის ცხრილისა (ბერტილიონის ცხრილი - ძებნილი ბოროტმოქმედის ანთროპომეტრიული მონაცემებისა და ნიშნების ცხრილი, რომლის შედგენაც ფრანგი ანთროპოლოგის, ალფონს ბერტილიონის (1853-1914) მიერ შემუშავებული სპეციალური სისტემით ხორციელდება) თუ ძებნილის შესახებ საპოლიციო განცხადებისმაგვარ პლაკატად; მისი წაკითხვისთანავე, ნებისმიერი ჩრდილომისისიპელი პოლიციელი თუნდაც ბრბოში ამოიცნობდა და დააპატიმრებდა.
შაბათი დღე იყო, ასე, დილის ათი საათი, ჩვენ - შენი დიდი პაპა და მე - კანტორაში ვისხედით. მამა მაგიდასთან იჯდა, გადმოეყარა ფული ტილოს ტოპრაკიდან, ითვლიდა და თან ქვითრებს უდარებდა. ის-ის იყო, მოედნის მაღაზიები დავიარე და ფული მოვუტანე. ჰოდა, ვიჯექი კედელთან სკამზე, შუადღისას მას ჩემთვის, ჩვეულებისამებრ, ხელფასი (ერთი კვირისა) - ათი ცენტი უნდა მოეცა; მერე შინ წავიდოდით, ვისადილებდით და თავისუფალი ვიქნებოდი, რათა წამოვწეოდი (მაისი იდგა) ბიჭებს, რომლებიც უჩემოდ, უკვე დილიდან თამაშობდნენ ბეისბოლს: არსებული შეხედულებით (ის შენს დიდ პაპას ეკუთვნოდა), თუნდაც თერთმეტი წლის მამაკაცს უკვე მთელი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაღებული თავისი წილი საზღაური იმ სივრცისთვის, რომელიც მსოფლიოს (სულ ცოტა - ქალაქ ჯეფერსონისა თუ მისისიპის შტატის) ეკონომიკაში უკავია. შაბათობით, დილიდანვე, საუზმის შემდეგ ყოველთვის მივდიოდი სახლიდან მამასთან ერთად, მაშინ, როდესაც ჩვენი ქუჩის ბიჭები აღიჭურვებოდნენ ხოლმე ბურთებით, ჩოგნებითა და თათმანებით. ჩემი სამი ძმა კი, რა სათქმელია და, ჩემზე უმცროსები იყვნენ, პატარები, სწორედ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულნი; მამის ლოგიკისა და შეხედულების თანახმად, ყოველ უფროს მამაკაცს ძალუძს, ოთხი ბავშვის მაგივრობა გასწიოს და ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, ამიტომ, ერთ-ერთს, ცხადია - უფროსს - კიდეც უნდა შეეძლოს, თავისი მხრებით ზიდოს ეს ტვირთი. ასე და ამგვარად, ყოველ შაბათ დილას მე უნდა მომეკრიბა ანგარიშები იმ ყუთებისა და ფუთების, ჩვენს ზანგ მედროგეებს მთელი კვირის მანძილზე რომ მოეზიდათ საბაყლო, რკინა-კავეულისა და საფერმერო მაღაზიებში, მერე ის ტილოს ტოპრაკები მამასთან წამეღო, ის ფულს დაითვლიდა და შეაჯამებდა. შუადღემდე სულ იქ უნდა ვყოფილიყავი, ვითომდა ტელეფონის ზარზე საპასუხოდ - ამაში კვირაში ათ ცენტს მაძლევდა, რაც, მისი ვარაუდით, ჩემთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო.
ჰოდა, ამ საქმიანობით ვიყავით გართულნი, როცა უეცრად ბუნმა კარი შემოხეთქა და შემოხტა. დიახ, სწორედ შემოხტა! დერეფნიდან შემოსასვლელი კიბის საფეხური არ იყო მაღალი, თერთმეტი წლის ბიჭისთვისაც კი (მაგრამ ჯონ პაუელმა, უფროსმა მეჯინიბემ უთხრა სონ ტომასს, უმცროს მეეტლეს, სადმე ნახე - გინდა ისესხე, გინდა ისე წამოიღე, გინდაც მოიპარეო ძელის ნაჭერი, საფეხურსა და საფეხურს შუა რომ ჩაედგა ჩემთვის), იმ ახმახ ბუნს ხომ მით უმეტეს არ გაუჭირდებოდა აქ გადმობიჯება. მაგრამ ამჯერად სწორედაც შემოხტა კანტორაში. მშვიდადაც რომ გახლდათ, მაშინაც არ ეტყობოდა სახეზე დიდი სიდინჯე, ახლა კი სიბრაზისგან ლამის ცოფებს ყრიდა. ჰოდა, შემოხტა კანტორაში, მაგიდასთან მიიჭრა, მამას შეჰღრიალა, - ხელი გასწიეთ, ბ-ნო მორი, იქით გამეცალეთო, - მამას გადმოემხო, ქვედა უჯრას მისწვდა, სადაც საჯინიბოს კუთვნილი პისტოლეტი ინახებოდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით - ბუნი იმ უჯრას რომ მისწვდა, სკამსაც გაჰკრა ხელი (გორგოლაჭებიანი მბრუნავი სკამი იყო) თუ თავად მამამ გასწია უკან, მისთვის გამოწვდილ ხელზე თავისუფლად რომ დაეკრა ხელი. ჰოდა, ის კოხტად დაწყობილი მონეტები მთელ მაგიდაზე მიმოიფანტა, როცა მამა ბუნის ხელს, თუ იმ უჯრას, თუ ორივეს ერთად ეჯაჯგურებოდა.
- ხელი აიღე, შე წყეულო!
- ლუდასი უნდა მოვკლა, - ღრიალებდა ბუნი, - ჩქარა, სანამ მოედნიდან გაპარულა! გამეცალეთ, ბატონო მორი!
- არა, - იძახდა მამა, - მოშორდი აქედან!
- მაშ, არ მომცემთ? - ჩაეკითხა ბუნი.
- არა, შე წყეულო! - მიუგო მამამ.
- მაშ, კარგი! - დასჭექა ბუნმა, უკან გადახტა, კარს მივარდა და გარეთ გავარდა. მამა სადაც იყო, იქვე დარჩა. ალბათ შეგიმჩნევია, გადააბიჯებს კაცი ოცდაათ-ორმოც წელს და ჭკუა ელევა. გულმავიწყი ხდება-მეთქი, ამას არ ვამბობ. ამაზე ადვილი რა არის, სწორედაც ადვილი სათქმელია, - ოჰ, ეს მამაჩემი (ან ბაბუაჩემი) თუ დედაჩემი (ან ბებიაჩემი) დაბერებულა, ყველაფერი ავიწყდებაო. თუმცა არსებობს რაღაც ისეთი ცხოვრებაში, რასაც ვერ დაივიწყებ, თუნდაც სულ დაჩაჩანაკებული იყო. ვთქვათ, ხევი თუ ხნარცვი რამდენჯერ გადაგივლია ბიჭობაში ზედ გადებული ფიცრით?! მაგრამ, როცა იქ ოცდათხუთმეტ-ორმოც წელს მიტანებული მიფოფხდები, ბანცალ-ბანცალით მიადგები, რას ხედავ, აღარსად არის ფიცარი; შეიძლება, ის ფიცარი სულაც აღარ გახსოვს, მაგრამ მაინც არ ჩააბიჯებ იმ სიცარიელეში, რომელზეც ფიცარი იყო გადებული. ახლა