აბელის დაბრუნება -
1 იგი გაზაფხულზე დაბრუნდა...
მატარებელი მცხეთას გამოსცდა თუ არა, გული მოულოდნელად აუთრთოლდა, გამალებით დაუწყო ფეთქვა. სიხარული სხეულს შიგნიდან უთბობდა. ასეთი რამ თვრამეტი წლის მანძილზე არ განეცადა და ახლა თითქოს შეაკრთო ამ უეცარმა გულის ათრთოლებამ, კუპეში მიიყუჟა, თითქოს უნდოდა, როგორმე მორგებოდა კუთხეს.
თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე მატარებელი გამოიცვალა და რამდენიმე ათასი კილომეტრი გამოიარა. მგზავრები ყველგან ერთნაირები იყვნენ, ერთმანეთს ადვილად ეცნობოდნენ, ადვილად ეთვისებოდნენ და ეჩვეოდნენ, ადვილადვე შორდებოდნენ... ალბათ, ასევე ადვილად ივიწყებდნენ მერმე ერთმანეთს.
მთელი გზა მარტო იჯდა მიმყუდროებული. მარტო საუზმობდა, მარტო სადილობდა, მარტო ვახშმობდა. უძილობა აწუხებდა და უკვირდა, სხვა მგზავრები ადვილად რომ იძინებდნენ.
რამდენჯერმე მეზობელ მგზავრთა ეჭვიანი მზერა დაიჭირა, ისე როგორც ჩიტი იჭერს ხოლმე ჰაერში მწერს, და მიხვდა: უნდობლად ეკიდებოდნენ და ეს უნდობლობა მისი სიყუჩისა და მიუკარებლობისა იყო, მიხვდა და მაინც არ ცდილობდა მათი ეჭვის გაქარწყლებას.
– რატომ ფანჯარაში არ იხედებით? – ჰკითხა ერთ-ერთმა მგზავრმა.
აბელმა მხრები აიჩეჩა, გაუღიმა და არაფერი უპასუხა.
მართლაც, მატარებელი მიდიოდა, ქშენითა და გუგუნით მიდიოდა. გაუთავებლად, ათასობით კილომეტრს ნთქავდა... გამოიარა დათოვლილი ტაიგა, თვალუწვდენელი ტრამალები, სოფლები, დიდ-დიდი ქალაქები და აბელს ერთხელაც არ გაუხედავს გარეთ. მატარებელში ჩაჯდომამდე ეგონა, ფანჯარას ვერ მოაცილებდნენ. მაგრამ ვაგონში ამოსვლისთანავე დაკარგა ასეთი სურვილი და თვითონაც არ იცოდა, რატომ დაემართა ეს, რატომ აღარ უნდოდა გარეთ გახედვა. ამიტომაც ვერ უპასუხა დაეჭვებულ მგზავრს; პასუხის ნაცვლად მხოლოდ გაიღიმა და გამხდარი მხრები აიჩეჩა.
ეს კი იყო, მგზავრთა თავისუფალი ქცევა პირველად ეჩოთირა. აღარ ეგონა, თუ ადამიანებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ის, რასაც მოისურვებდნენ, თუ შეეძლოთ მოურიდებლად ლაპარაკი ყველაფერზე.
აბელი თვრამეტი წლის მანძილზე გადაეჩვია ასეთ მოქცევას, ასე აშვებულად ლაპარაკს. ალბათ იმიტომაც დასჭირდა რამდენიმე დღე ადამიანებთან გასაშინაურებლად. მასში ნელ-ნელა, თითქოს ზმორებით იღვიძებდნენ თანდაყოლილი, მაგრამ მერმე მივიწყებული გრძნობები; იღვიძებდნენ ჩვევებიც, რომლებიც აქამდე აკრძალული ეგონა.
მთელი გზა საკუთარ თავს ადარებდა სხვა მგზავრებს და ამის მიხედვით უნდოდა თვალნათლივ დაენახა ის, რაც დაკარგა, და მერმე იმაზეც ფიქრობდა – შეძლებდა თუ არა მისი ასაკის კაცი დაკარგულის დაბრუნებას თუ აღდგენას.
სამი-ოთხი დღის მგზავრობის შემდეგ აბელი თითქოს გაშინაურდა. თავს უფრო მეტი ფიქრის უფლებას აძლევდა, ვიდრე მგზავრობის პირველ დღეს. ფიქრში უღიმოდა მგზავრებს, ესაუბრებოდა. ზოგჯერ ეთანხმებოდა, უსიტყვოდ უდასტურებდა ნათქვამს, ხოლო ზოგჯერ, ეს, რა თქმა უნდა, უფრო იშვიათად ხდებოდა, ეწინააღმდეგებოდა...
როდესაც აბელმა უცაბედად საკუთარ თავში წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღმოაჩინა, ჯერ გაუკვირდა, მერმე კი მონაცრისფრო ჩვარში ყველასაგან დაფარულად დამალა ცრემლი, როგორც ოქროსმაძიებელი ძონძებში მალავს სილაში ნაპოვნ ოქროს მარცვალს.
მგზავრობისას არასოდეს დაჰბადებია სურვილი, ვისმესთვის თავის თავგადასავალი ეამბნა, ანდა უბრალოდ ეთქვა – ვინ იყო, საიდან მოდიოდა, სად მიდიოდა. სხვა მგზავრები დიდი ხალისით უყვებოდნენ, კი არ უყვებოდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს და რამდენიმე წუთში უკვე ყველამ იცოდა ერთმანეთის საქმიანობა, პროფესია, სად მიემგზავრებოდნენ, ან რისთვის მიემგზავრებოდნენ. მერმე, ამას რიგრიგობით დაურთავდნენ ხოლმე ოჯახური ყოფის წვრილმანებს და ამის შემდეგ ნათლად ისახებოდა მათი პიროვნება.
ყველანი იყვნენ კეთილი და უბრალო ადამიანები, ყველა რაღაცას აკეთებდა, ზოგი – დიდს, ზოგი – პატარას, მაგრამ ყველას ერთნაირად აამაყებდა საქმე, რომლისთვისაც ხელი მოეკიდა, თუ თავი გადაედო. ყველას თავისი საქმე სხვისაზე უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა და ამას მოურიდებლად ამბობდა კიდეც.
აბელი იჯდა და უსმენდა. მატარებელი კი მიქროდა, დღე და ღამე მიდიოდა დაუღლელად. უკან რჩებოდა დაუსრულებელი ტაიგა, ტრამალები, სოფლები და დიდ-დიდი ქალაქები...
მატარებელს მატარებელზე იცვლიდა...
ისევ სხვა ვაგონი.. სხვა კუპე... სხვა ხალხი...
– ზღვა! – წამოიძახა ვიღაცამ.
მგზავრები ფანჯარას ეცნენ.
აბელი არ წამომდგარა, კუთხეში მიყუჟული ხედავდა მგზავრთა ზურგებს, დაჭიმულ, წაგრძელებულ კისრებს და ესმოდა აღტაცებული შეძახილები. გაახსენდა, ზღვა შებინდებისას ბევრჯერ უნახავს. და არა მარტო შებინდებისას უნახავს ზღვა. მაგრამ ახლა საღამო იყო და ალბათ ზღვაზე ბინდი წვებოდა, ანდა ზღვას უკვე ეფინა ბინდი – მსუბუქი და მუქი იისფერი.
მოულოდნელად იგრძნო, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა, ვიღაც ცდილობდა მის სულში ჩახედვას და შეშფოთდა, უსიამოვნოდ შეიშმუშნა. ჭაღარა თმაზე ხელი გადაისვა და თვალი დახუჭა, მერმე მოეჩვენა – ის, რომელიც უთვალთვალებდა, აქამდეც თითქოს მასში არსებობდა და ცხოვრობდა, ოღონდ აღარ ახსოვდა – როდის გამოეყო, ანდა რატომ გაეთიშა. მერმე ისევ ფიქრობდა იმაზე, თუ ვინ