თავი 1
1801 წელი. ახლახან დავბრუნდი ჩემი საბინადროს პატრონისგან. ეს არის ერთადერთი მეზობელი, რომელიც უთუოდ თავს მომაბეზრებს. აქაურობა მართლაც ლამაზია! მთელ ინგლისში ვერსად ნახავს კაცი საზოგადოებისგან ასე გაკიდეგანებულ, მყუდრო ადგილს. მიზანთროპისთვის მისწრებაა! მისტერ ჰითქლიფსა და მე კი ამ სიმარტოვის გაზიარება მოგვიწევს. გადასარევი ვინმეა! ალბათ ვერც კი მიხვდა, როგორ გამითბა გული, ცხენით მისულმა რომ ჩავხედე წარბებში ჩამალულ შავ, ეჭვიან თვალებში, როდესაც ჩემი სახელის გაგონებაზე თითები შემალა ჟილეტში.
- მისტერ ჰითქლიფი ბრძანდებით? - ვკითხე მე.
პასუხად თავი დამიქნია.
- მისტერ ლოქვუდი გახლავართ, თქვენი ახალი მდგმური, სერ. ვიფიქრე, ჩამოსვლისთანავე გხლებოდით და მეკითხა, - ჩემი დაჟინებული თხოვნით, „შაშვების კარ-მიდამოში“ დავსახლებულიყავი, უხერხულობა ხომ არ შემიქმნია თქვენთვის. წუხელ ყური მოვკარი, ორჭოფობდაო...
- „შაშვების კარ-მიდამო“ ჩემია, სერ, - შემაწყვეტინა თვალმოწკურულმა, - ამიტომ არავის შევაშლევინებ ხელს, მე კი შემიძლია, უხერხულობა შევუქმნა მავანს. შემობრძანდით!
ეს სიტყვა ისე გამოსცრა კბილებში, „ჯანდაბაშიც წასულხარო“, რომ ვიტყვით ხოლმე. ჭიშკარმაც თითქოს კვერი დაუკრა ამ ჟღერადობას და არ შეღებულა. ახლა ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გარემოებამ მიბიძგა, მიპატიჟებას დავყოლოდი. ძალიან დამაინტერესა ამ ჩემზე ზვიადმა მარტოსულმა.
როდესაც თვალი ჰკიდა, რომ ჩემი ცხენი მკერდით მიაწვა კარს, ინება და ურდული გადასწია, მერე უხმოდ გამიძღვა მოფილაქნებულ გზავიწროზე და უკვე ეზოში შესულმა ცალყბად გასძახა მსახურს:
- ჯოზეფ, მისტერ ლოქვუდს ცხენი ჩამოართვი და ცოტაოდენი ღვინოც გამოაყოლე ხელს.
გულში გავივლე, მეტი მსახური ამას არ ეყოლება-მეთქი, რაც მისმა ბრძანებამ მაფიქრებინა. არც ქვაფენილზე ამოსულ სარეველას გლეჯს ვინმე და ცოცხალ ღობეებად ამოსულ ბუჩქნარსაც საქონელი კრეჭს-მეთქი.
ჯოზეფი ხნიერი კაცი აღმოჩნდა, ბებერიც კი ეთქმოდა, ოღონდ ჭარმაგი და ბრგე იყო.
- ღმერთო, შენ გვიშველე! - უხალისოდ ჩაიბურტყუნა თავისთვის, ცხენის სადავე ჩამომართვა და ისეთი სახით შემომხედა, რომ მივხვდი, ღვთის დახმარება თვითონ უფრო ესაჭიროებოდა სადილის მოსანელებლად და მის წამოძახილთან ჩემი მოულოდნელი გამოჩენა არავითარ კავშირში არ იყო.
მისტერ ჰითქლიფის საცხოვრისს „ქარიშხლიან უღელტეხილად“, ან „საქარედ“ იცნობენ. სიტყვა „ქარიშხლიანი“ ამ შემთხვევაში თვალსაჩინოდ მიუთითებს ბორცვზე მდგარი სახლის გარშემო ავდარში ატეხილ ატმოსფერულ აურზაურზე. მართლაც, ქარიან ამინდში აქაურობა ალბათ სრულიად დაუცველი იქნება. ქვენა ქარის სიძლიერეს, ამ მაღლობს რომ ანიავებს, კაცი დაგვალული ნაძვებითა და ცალ მხარეს გადახრილი, უფოთლო, ეკლიანი ბუჩქებითაც მიხვდება, ტოტები მზისკენ რომ გაუშვერიათ, თითქოს მოწყალებას შესთხოვენო. საბედნიეროდ, არქიტექტორი ამ ყველაფერს მიმხვდარა და საკმაოდ მკვიდრი სახლი აუგია: ვიწრო სარკმლები ღრმად არის ქვის კედლებში ჩასმული, კუთხეები კი დიდრონი გამოშვერილი ქვებითაა დაცული.
სანამ ზღურბლს გადავაბიჯებდი, შევჩერდი, რომ თვალი შემევლო წინა კედელზე უხვად მიმობნეული მდიდრული ბარელიეფებისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის, სადარბაზო კარის თავს რომ ამშვენებდა. ჩამოფშვნილი გრიფონებისა და პატარა ურცხვი ბიჭუნების აურზაურში თარიღი გავარჩიე: „1500“ და იქვე სახელიც: „ჰერთონ ერნშო“. ერთ-ორ სიტყვას ალბათ ვიტყოდი და სახლის სიტყვაძვირ პატრონსაც მოვაყოლებდი სახლის ამბავს, მაგრამ მისმა მზერამ მიმახვედრა, რომ სწრაფად უნდა შევსულიყავი, ანდაც უკანვე გავბრუნებულიყავი, მე კი სულაც არ მწადდა, მისი მოთმინება გამომეცადა, სანამ სახლს შიგნიდანაც არ შევათვალიერებდი.
ერთი საფეხური და უკვე მისაღებ ოთახში აღმოვჩნდით - სახლს არც ვესტიბიული ჰქონდა და არც დერეფანი. აშკარაა, აქ „სახლს“ მისაღებ ოთახს ეძახიან. ეს ოთახი სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს მოიცავს ხოლმე, „ქარიშხლიან უღელტეხილში“ კი, დარწმუნებული ვარ, სამზარეულოს პოზიციები აქვს დათმობილი და სულ სხვა ოთახშია მოქცეული. ყოველ შემთხვევაში, ხმები და ჭურჭლის წკარუნი კედლის იქიდან შემომესმა. საკმაოდ შორიდანაც. უზარმაზარ ბუხართან კი ხრაკვის, ხარშვისა და ცხობის კვალიც ვერსად შევნიშნე. არც სპილენძის ქვაბი ბზინავს სადმე და არც თუნუქის საწურები კიდია კედელზე. თუმცა ერთ კუთხეში კალის თვალში საცემად მბზინავი ჭურჭლით, ვერცხლის დოქებითა და ტოლჩებით სახურავამდე ასული მუხის თაროები შევნიშნე. სახურავის ქვეშ ჭერის კვალი არ ჩანდა. სახლის ანატომია სრულიად ნათლივ წარმოუდგებოდა დაინტერესებულ თვალს, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ხის დგამი იდგა, ნაზუქებით, ძროხის ბარკლის, ცხვრის აპოხტისა და ღორის შაშხის ნაჭრებით დახვავებული. ასეთი საფრის ქვეშ თავად დგამი თითქმის აღარ ჩანდა. ბუხრის თავზე ათასნაირი უგვანი თოფ-იარაღი დაემწკრივებინათ, მათ შორის ორი წყვილი საცხენო პისტოლეტი. ორნამენტად კი კიდეზე სამი ცალი ჭრელაჭრულა თუნუქის ქილა იდო. იატაკი თეთრი, გლუვზედაპირიანი ქვისა ეგო; უხეშად შეკრული მაღალზურგიანი სკამები მწვანედ შეეღებათ. ორი შავი და უფრო მძიმე სკამ-სავარძელი კი ჩრდილში იყო მიმალული. თაროს ქვეშ მუქწითური ძუკნა პოინტერი იწვა, გარს აწკმუტუნებული