როგორ დაიწყო სინამდვილეში ყველაფერი ყველა ქალაქს ჰყავს ბიჭი-შავიკატა. როუსვუდში მისი სახელი ტობი ქავანა იყო.
– მგონი, უფრო მეტი პუდრი სჭირდება, – უკან დაიხია სპენსერ ჰეისტინგზმა და ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს, ემილი ფილდსს დააკვირდა, – ჭორფლები მაინც ჩანს.
– Clinique-ის ტონალური მაქვს, – წამოხტა ელისონ დილორენტისი და თავისი ლურჯი ხავერდის მაკიაჟის ჩანთისკენ გაიქცა.
ემილიმ სარკეში ჩაიხედა, რომელიც ელისონის სასტუმრო ოთახში, დაბალ მაგიდაზე იდგა. სახე ჯერ ერთ მხარეს შეითვალიერა, მერე მეორე მხარეს და ტუჩები დაპრუწა: – დედაჩემი მომკლავს, ასე რომ დამინახოს.
– კი, მაგრამ თუ მოიშორებ, ჩვენ მოგკლავთ, – გააფრთხილა არია მონტგომერიმ, რომელიც მხოლოდ მისთვის გასაგები, არიასეული მიზეზების გამო, ოთახში თავისი მოქსოვილი ახალი მოჰერის (მოჰერი – ანგორული თხის მატყლი, ნახევრად წმინდა, თეთრი, ძლიერ ბზინვარე; მისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის ხალიჩებს, ფარდაგებს, ტრიკოტაჟს და სხვ.) ლიფით დადიოდა.
– ჰო, ემ, მაგრად გამოიყურები, – არიას ჰანა მარინი აჰყვა. ჰანა იატაკზე ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა და წამდაუწუმ ტრიალდებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ დაბალწელიანი, ცოტათი დაპატარავებული ჯინსიდან უკანალი არ უჩანდა.
აპრილის პარასკევი საღამო იყო; ელი, არია, ემილი, სპენსერი და ჰანა ჩვეულ მეექვსეკლასელურ ღამისთევას აწყობდნენ: ერთმანეთს ზედმეტი მაკიაჟით თხიპნიდნენ, მარილითა და ძმრით შეზავებულ ჩიფსებს ახრამუნებდნენ და თან ელის პლაზმურ ტელევიზორში MTV-ის უყურებდნენ. დღეს საღამოს ხალიჩაზე არეულობა იყო, რადგან გოგონებს დარჩენილი სასწავლო წლისთვის ტანსაცმლის გაცვლა გადაეწყვიტათ.
სპენსერმა წერწეტა ტორსზე ქიშმირის ლიმონისფერი ჟაკეტი მიიდო.
– აიღე, – უთხრა ელიმ, – საყვარლად გექნება.
ჰანამ ელის მუქი მწვანე ხავერდის ქვედაბოლო მიიზომა, ელის მიუბრუნდა და პოზა მიიღო.
– რას ფიქრობ? შონს მოეწონება?
ელიმ ამოიოხრა და ჰანას ბალიში მიარტყა. მას შემდეგ, რაც სექტემბერში დამეგობრნენ, ჰანა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, თუ როოოოგორ უყვარდა შონ აკარდი, მათი კლასელი ბიჭი. როუსვუდ დეის სკოლაში თითოეული მათგანი ბაღიდანვე დადიოდა. მეხუთე კლასში შონი ერთი ჩვეულებრივი, დაბალი, ჭორფლიანი ბიჭი იყო, მაგრამ ზაფხულში სიმაღლე მოემატა და ცხიმიც გაუქრა. ახლა თითქმის ყველა გოგოს მისი კოცნა სურდა.
გასაოცარი იყო, რამდენი რამის შეცვლა შეიძლებოდა ერთ წელიწადში.
გოგონებმა – ყველამ ელის გარდა – ეს ძალიან კარგად იცოდნენ. წინა წელს ისინი უბრალოდ... არსებობდნენ. სპენსერი ის გოგო იყო, რომელიც კლასში წინა მერხთან იჯდა და ყველა კითხვაზე ხელს იწევდა. არია – ცოტა შერეკილი გოგო, რომელიც სხვებივით ფეხბურთის თამაშის მაგივრად ცეკვებს იგონებდა. ემილი ქალაქში ცნობილი მორცხვი მოცურავე, რომლის პირადი ამბებიც დაფარულად ხდებოდა და თუ არ იცნობდი, ვერაფერს გაუგებდი. ჰანა შეიძლება მოუხერხებელი და დაბნეული იყო, მაგრამ Vogue-სა და TeenVogue-ს შესახებ ყველაფერს კითხულობდა და ზოგჯერ მოდის შესახებ ისეთ რაღაცას წამოიძახებდა ხოლმე, რაც მის გარდა არავინ იცოდა.
მართალია, თითოეულ მათგანში იყო რაღაც გამორჩეული, მაგრამ ისინი როუსვუდში ცხოვრობდნენ, პენსილვანიაში, ფილადელფიიდან ოცი მილით დაშორებულ გარეუბანში, სადაც ყველაფერი გამორჩეული იყო: ყვავილებს უფრო ტკბილი სურნელი ჰქონდა, წყალს – უკეთესი გემო, სახლები უზარმაზარი იყო. ხალხი ხუმრობდა, ციყვები ღამეებს გასუფთავებასა და რიყის ქვის ტროტუარებზე ბაბუაწვერების მოშორებაში ატარებენ, რომ როუსვუდის მომთხოვნმა მცხოვრებლებმა აქაურობა იდეალურად მიიჩნიონო. ისეთ ადგილას კი, სადაც ყველაფერი უნაკლოა, გამორჩეულობა ძნელია.
თუმცა, ელი როგორღაც ახერხებდა ამას. გრძელი, ქერა თმით, გულისფორმიანი სახითა და დიდი, ლურჯი თვალებით, ის რაიონის ყველაზე ლამაზი გოგონა იყო. მას შემდეგ, რაც ელიმ ისინი ერთ სამეგობროდ გააერთიანა, ზოგჯერ თავს მის აღმოჩენილებად გრძნობდნენ. უეცრად ისეთი რაღაცების კეთება დაიწყეს, რასაც მანამდე ვერასდროს გაბედავდნენ. მაგალითად, სკოლის ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ როუსვუდ დეის გოგონათა ტუალეტში მოკლე ქვედაბოლოებს იცვამდნენ, ან კლასში ბიჭებს ჰიგიენური პომადით დაკოცნილ წერილებს უგზავნიდნენ, ან დერეფნებში ერთ მწკრივად მოსეირნეები გულგრილად უვლიდნენ გვერდს ყველა უიღბლოს.
ელიმ ბრჭყვიალა იასამნისფერი ტუჩსაცხი აიღო და წაისვა:
– აბა, ვინ ვარ?
სხვებმა ამოიოხრეს, ელი იმოჯენ სმითს აჯავრებდა, მათ კლასელ გოგონას, რომელიც ძალიან იყო შეყვარებული თავის Nars-ის პომადაზე.
– არა, მოიცადე, – სპენსერმა გაბაფთული ტუჩები დაპრუწა და ელის ბალიში მიაწოდა, – მაისურის ქვეშ ამოიდე,
– კარგია, – ელიმ ბალიში ვარდისფერი პოლოს ქვეშ შეიცურა და ახლა ყველამ უფრო ხმამაღლა გაიცინა. ჭორი დადიოდა, რომ იმოჯენმა „ყველაფერი გამოსცადა“ ჯეფრი კლეინთან, მეათე კლასელთან და ახლა მისგან ბავშვს ელოდებოდა.
– საშინელი ტიპები ხართ, – გაწითლდა ემილი. ის სამეგობროში ყველაზე თავმდაბალი იყო, ალბათ მკაცრი აღზრდის გამო: მისი მშობლებისთვის ყველანაირი გასართობი ნამდვილ ბოროტებას წარმოადგენდა.
– რატომ, ემ? – ელიმ ემილის ხელმკლავი