იტვირთება...

ბედის ტიხარი

ბადრი სულაძე

2016 წელი | meridiani
3,226 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„დგას თებერვალი უიარაღოდ...” ძნელია ისაუბრო პოეტის შემოქმედებაზე, როცა მისი პოეზიის თაყვანისმცემელს წარმოადგენ თავად. ბადრი სულაძეს, როგორც პოეტს ბევრი ადამიანი იცნობს იმ განუმეორებელი ლექს-ნოველებით, რომლებიც ყველას გულთან ნახულობს მისასვლელ გზას და თითოეული მათგანი საკუთარ ნააზრევად, განცდად და სულის გამოძახილად მიიჩნევს მათ. ლექსთა რამოდენიმე კრებული უძღვოდა წინ ამ გამოცემას. ამ წიგნს კი ავტორმა „ბედის ტიხარი“ უწოდა! სახელით იწყება ყველაფერი და სახელი რჩება მხოლოდ ამ ქვეყანაზეც... მთავარი კი ამ სახელს უკან მიფარებული ჩუმი, ხანდახან უტყვი, მაგრამ ხანაც აღშფოთებული და ზოგჯერ დარდისაგან, თუ სიხარულისაგან აჟიტირებული პოეტის სულის ამოძახილია დასანახი და შესაგრძნობი. რთულია დაინახო ის, რასაც სხვა ვერ ამჩნევს, მაგრამ უფრო რთულია გადმოცე შენი ხილვა ისე, რომ ყველასათვის გასაგები, მისაღები და სასიამოვნო გახდეს... სათაურიდან დაიწყო დაინტერესება. ჩავუჯექი ამეტყველებულ ფურცლებს და შევაბიჯე საოცარ სამყაროში... ვიცნობ პოეტის შემოქმედებას, მის ადრეულ ლექსებსაც, მის საოცრად ლამაზ, მსუბუქ ლირიკას, ნოსტალგიურ- პატრიოტულ სევდიან, მაგრამ ოპტიმიზმით გაჟღენთილ გულიან ლექსებს და აქაც მათ განმეორებას, ან უკეთეს შემთხვევაში განვითარებას ველოდი. შევცდი, ნაცნობმა თემებმა უკან გადაინაცვლეს, ხოლო წინა პლანზე ტიხარს გავლილი კაცის ხედვის სპეციფიურობა წარმოჩინდა სულის, ყოფის და დროის ფილოსოფიის საკითხებზე.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ცხოვრება განვითარების რამოდენიმე საფეხურს მოიცავს და მათ შორის ნახევარ საუკუნის მიჯნასთან მიახლოება თვისობრივად ყველაზე დიდ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ცნობიერებაში... პერიოდიდან, რომლის დროსაც არასოდეს ფიქრობ გარდაუვალ ბოლო დროზე, უეცრად გადადიხარ ფაზაში, რომელიც იძულებით გახედებს მომავალში. გადაგაფასებინებს წარსულს და გაგაცნობიერებინებს საკუთარ არსს ამ სამყაროში. ეს სიახლე აუცილებლად იმოქმედებს პოეტის სულზე და გამოხატვას ჰპოვებს მის განცდებშიც, მაგრამ საინტერესო პოეტთან მიმართებაში ისაა, რომ ის საზღვართანაა, ტიხარი ახლახანს გაიარა, ან ახლა უნდა გაიაროს და ეს გარდამავალი პროცესი მთელი სიგრძე-სიგანით და დრამატიზმითაა წარმოდგენილი, მაგრამ მსუბუქი ენით, ისეთით, როგორიც მხოლოდ ბატონ ბადრი სულაძისთვისაა დამახასიათებელი... „მიწა მეძახის, ზეცა არ მიშვებს, დარდს შევრჩი ლურსმნად მინაჭედები... გზაც მექცა, თითქოს ბედის სანიშნედ, ქანცგაუმწყდარი ჭიანჭველების... თუმცა, ღრუბლების ჭაობშიც ჩავრჩი, ფიქრით კვლავ დავსდევ მწიფე კუნელებს... მე ვეფერები ბებიის აჩრდილს, დარდით შეჭმულს და მაინც უვნებელს...“ შთამბეჭდავია, ორი რეალობა წარსული და მომავალი და სულის საბოლოო გამოცდის მძაფრი შეგრძნება, ამქვეყნიური ძლიერი მაგნიტის ორ პოლუსს შორის... სრული გულწრფელობითაა გადმოცემული ყოველი ჩვენთაგანის ამ ცხოვრების რეალობიდან გაქცევის ფარული ოცნება, მაგრამ აქვე ზუსტადაა აქცენტირებული ამ „ოცნების“ უსუსურობაც, რადგან... „ვერ ვტოვებ სხეულს, ვერ გავდივარ ჩემი თავიდან, რომ არ დამიპყროს უხერხემლო სიცარიელემ...“ ხოლო ამ წინააღმდეგობისა და გასაკეთებელის გაკეთების მდგომარეობა ძლიერი შინაგანი ექსპრესიის გარეშე არ მოიპოვება: „მე მოვახერხე გავქცეოდი მელანქოლიებს და ჟირაფივით ცის კიბეზე ავსულიყავი, როცა ვარღვევდი მოჩვენები ფერად ვოლიერს და ზღვის ტალღებით მედუზისფერ წარსულს ვრიყავდი...“ ... და აქვეა თხოვნა, გულიდან ამოსული, არსთგამრიგის მიმართ: იყოს, ნუ გაიფანტება სევდა, ოღონდ ვხედავდე და ვგრძნობდე ლამაზს, ჩემთან შემხვედრ სპეტაკ მშვენიერებას „ქარო, ნუ იქნები, პირველი შემხვედრი, ვინც ცას ამიმხედრებს, ღრუბლებიანს... ხედავ?.. დილა მორბის, შიშველი ფეხებით და მკერდზე გვირილა უბნევია...“ ცალსახად აირჩია პოეტმა მომავალი და ამით ახალი მიზნებიც დაისახა სამოქმედოდ: „იმის, სულ მცირე ილუზიაც არ ჰქონდეს ვინმეს, რომ დავესწრები წარმოდგენას ჭრელი ნიღბების...“ შესანიშნავად ხვდება პოეტი, რომ „ახალი არ შემოვა, თუ ძველს არ დაემშვიდობე!“ კარლ იუნგი... და ეს განშორება შეუძლებელია სინანულის გარეშე: „ბედის წინაშე ზოგჯერ ის არ ძლებს, რაც შველსაც ამკობს ტანზე ხალებად... სინანულშია მთელი სიცხადე, ფიქრი თუ ფიქრსაც არ ეთანხმება...“ რა მძაფრად გამოხატა პოეტმა სინანულის ვეებერველა მასშტაბის შინაგანი ბრძოლა: „მაწუხებს სიტყვა, უნებურად პირზე შემშრალი მაშინ, როდესაც დრო მთავაზობს უხვად აბსურდებს... მამშვიდებს ცრემლი, წამწამების ქიმზე შემდგარი, ძალას რომ იკრებს და საცაა, უნდა დაცურდეს...“ შესანიშნავადაა გამოხატული და თქმული, გმადლობთ, პოეტო! სული კი მაინც დაუკმაყოფილებელია და რჩება მონატრება სამუდამოდ წარსულის, რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ: „და მაინც დარდის ლეიბზე ვწევარ... და მონატრება საბნად მახურავს...“ ლაიტმოტივია გააზრება დიდი, აუცილებელი ცვლილებებისა და პატარა სიცოცხლის, პატარა ფოთოლის გრძნობა ამ ჩვეულ სტიქიურ სისასტიკეში რადგან მასზე, უმთავრესზე, კი არავინ ფიქრობს: „მთავარი ისაა, შენ რას გრძნობ, პატარა ფოთოლო!...“ ... აღიარება უზენაესისა, რომელიც ყველაფერშია, ყველგანაა და არასოდეს გვტოვებს. „რატომ უნდა ვთქვა, ცა დაიქცა ცრემლის წვეთებად, გამინაწყენდა და კვლავ იჩენს ბედი სიყრუეს... როცა სიკეთით სავსე კვირტი ჩემშიც ფეთქდება და სულ პატარა ნამიდანაც ღმერთი მიყურებს...“ ... და სრული მორჩილება უზენაესისადმი, ოღონდ თავისუფლებისაკენ ლტოლვა აუცილებელ ფონზე... უფალსაც ხომ თავისუფალი უყვარს გამორჩეულად... „არ მიძებნია არც ობოლი მარგალიტები, არ მიფიქრია, სასთუმალთან დადგმა ნატვრის ხის... გამოცხადება, თვალს მოწოლილ გაფაციცებით, მე, როგორც დარდი, ძველ ფინჯანშიც ყავად დავისხი... მერე კი, ორთქლი მომეძალა თავისუფლების, ფინჯანის ფსკერზე, როცა უკვე ხილვებს ტოვებდი...“ და რჩება დრო, ყველაფრის მსახვრალი, რომელსაც შეუძლია დაასამაროს ყველაფერი, რასაც ვერ მოასწრებ... ის სასტიკი და არცთუ იშვიათად პესიმიზმის სათავეც ხდება: „დარდო, ან რისთვის შემობრაგუნდი, ვერ მადროვებდი თუკი, წირვამდე... აქვე, ფიქრებით შემორაგულში, ჩემი დაღლილი სული წრიალებს..“ ან, „მაგრამ გაზაფხულს, ზამთრის კვალდაკვალ, ვერ შევიგრძნობ და ვეღარც ვიზოგავ..“ ... და კიდევ უამრავი უპასუხო კითხვა, რამაც უიმედობა შეიძლება გამოიწვიოს: თან ეს სიჩუმეც შეკითხვებს ბადებს, სანამდე ზეცა ფერს შეიცვლიდეს, სანამ ბოლომდე გეტყოდე სათქმელს, ეტყობა, კიდევ ბევრჯერ იწვიმებს... მაგრამ ოპტიმიზმი დამახასიათებელია პოეტის სულისათვის და ის არაორაზროვნად აღნიშნავს კიდეც“ გაზაფხულის და ზამთრის საზღვარი, ჰგავს ეზო-ყურეს, ჩხუბით განაღობს, მაგრამ ვით ძველი დარდის ნაშალი, დგას თებერვალი უიარაღოდ... როგორც არ უნდა წუხდეს ზამთარი, მისგან უმიზნოდ ისმის ქადილიც, რადგან მინახავს მუხლზე დამდგარი, სულ პაწაწინა იის მანდილით... შეცვლილია და ღვთაებრივ სიმაღლეებამდეა ასული პოეტის შეხედულება მარადიულ და მისთვის ერთ-ერთ მთავარ თემაზე სიყვარულზე. ეს არ არის ადრეული შემოქმედების აღფრთოვანება, მეოცნებე ბავშვის სიმსუბუქე, არამედ გამოცდილებით დამძიმებული კაცის სიდინჯე და ახლებურად მომართული სულის გამოძახილია: „მე მიყვარს, როცა შემოდიხარ ჩემში ცის კიბით და აღარ მინდა, სამთვარეო ღამედ განვეწყო, წვიმამ, უეცრად მოვარდნილმა შენი კისკისით, სულ რომ, გზასავით ჩამიტანოს, სულ რომ, დამმეწყროს...“ შთამბეჭდავია პოეტის პათოსი. ტიხარსგასული იქვე, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე, ხმამაღლა აღიარებს და ინანიებს წარსულში სხვადასხვა მიზეზებით აღუსრულებელ ქმედებებს. ის ყველას წინაშე, ამქვეყნად მოსვლის გაცნობიერებული სულით ხმამაღლა აცხადებს, რომ არ არსებობს აუხდენელი ოცნებები და ის აუცილებლად ახდება. თუ მასში შენი ქვეყნის და ხალხის სიყვარულს ჩადებ... და ზუსტად ეს გამხდარა პოეტის მრწამსიც: არ შეარჩინეს მინდორს ყვავებმა ნამი, ტკივილზეც წამლად მოყრილი და თითქოს, წამის დახამხამებაც ცას შეალეწეს თვალის ბროლივით... ვერ შევჩერდები მდინარის პირას, მე რომ დღე-ღამის მიჯნად დავსახე, თვალს რომ ადევნებს ათასგვარ წვრილმანს და მაინც მარგებს სულის გასაღებს... ყვავებს პირიდან უნდა წავართვა, ზეცის სულ მცირე ლურჯი ნაჭერიც... შევძლებ და მაინც მოვთხოვ სამართალს ნისკარტს, ნამეხარ გულზე დაჭერილს... მაგრამ ვარსკვლავებს თუ შემომისევს, დავარღვევ მთვარის მონაქსოვ კაშნეს... და ნამცეც-ნამცეც ავკრიფავ მყისვე დილას, რომელიც ბროლივით დაფშვნეს... ლოგიკური წერტილის მოძებნა ხელოვანის ჭეშმარიტი შემოქმედებითი ნიჭის უტყუარობის დასტურია, თუმცა ამ წერტილს იქეთაც ბევრი რამ იკითხება საინტერესო და საგულისხმო. ამ წიგნის წამკითხველი უთუოდ დაგვეთანხმება იმაში, რომ ამაოდ არ გარჯილა მისი ავტორი... ლექსების ეს კრებული კიდევ ერთი ახალი საინტერესო სიტყვაა, რომელიც გვარწმუნებს, რომ „ბედის ტიხარში“ გასვლას და ამის სრულიად გააზრებას მართლაც დიდი ნიჭი ესაჭიროება.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-25-254-9
სათაური:
ბედის ტიხარი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
გვერდები:
135
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
3226
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]