მოჯადოებული წრე მაგსად ნურის რომანი „ ქალაქის მერი “ მოცულობით თანამედროვე ფრანგულ რომანს მიესადაგება და არა მხოლოდ მოცულობით, არამედ ფორმალისტურადაც. რომანი დაყოფილია ცალკე თავებად, საერთო კონტექსტს რომ ქმნის, ამავე დროს იგრძნობა ქვეთავების თავისებური ავტონომიურობა, რაც ტოვებს შესრულების მოზაიკურობის შთაბეჭდილებას და ქმნის წასაკითხი ტექსტის დროდადრო განახლების თუ გადახალისების მოულოდნელობის ეფექტს. ის, ვინც პირველ პირში გვიამბობს ტექსტს, ავტორი კი არა, პერსონაჟია ან უბრალოდ, ავტორის ალტერ ეგოა, რომელიც გაორებულია და არსებული რეალობის მსხვერპლია, რასაც არამხოლოდ მისი უნებისყოფობა აყალიბებს, არამედ ქალაქის მერზე დამოკიდებული ცხოვრება ასაზრდოებს და ვერ წარმოუდგენია მისი ავტორიტეტის გარეშე, მისი თანადგომის გარეშე ნორმალური არსებობა. თუმცა, მიუხედავად იმ სარფისა, კონფორმისტული კეთილდღეობისა, მას ამავე დროს სძულს ქალაქის მერი და სიძულვილის მიზეზი გახლავთ მთავარი პერსონაჟის, ახალგაზრდა კაცის ეჭვი თუ დადასტურებული ფაქტი, რომ დედამისი, ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონი, ქალაქის მერის ხარჭაა და ეს გარემოება განსაზღვრავს ახალგაზრდა კაცის და დედამისის კეთილდღეობას. ამ ქალბატონის შვილი შეპყრობილია მძლავრი რესენტიმენტით, რომლის გაუქმება არ შეუძლია და მისი სუსტი ნებისყოფა მაინც მერის მონობას ირჩევს, თუმცა ფარულად გამუდმებით იტანჯება.
რომანში წამოტივტივდება ჩერნობილის ტრაგედია, როგორც მინიშნება იმ რეალობაზე, რომანში მიმდინარე პრო ცესები რომ იკვეთება, ჩნდება საბჭოთა „ ვოლგა “ , აგრეთვე საბჭოურობის გარკვეული რეკვიზიტები და ამით ავტორი მიგვანიშნებს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებზე, სადაც ეს პერსონაჟები ცხოვრობენ ან უბრალოდ დრო გაჰყავთ, ან პირიქით, საიდანაც ისინი დროს გაჰყავს.
ქალაქის მერის მანქანა, საიდანაც უცნაური ხილვები ჩნდება, მთავარ პერსონაჟს რომ ეზმანება თუ ელანდება, ერთგვარი სიმბოლოა იმ მოჯადოებული წრისა, საიდანაც მხოლოდ მაშინ აღწევს თავს სუბიექტი, როდესაც მერის მანქანას ტოვებს, საიდანაც ხედავს ცხოველებად ქცეულ ადამიანებს, მტაცებელი ცხოველების თავებიან არსებებს, ნახევარად ადამიანებს და ეს ხილვები უკავშირდება მერის მანქანის ჯადოსნურობას, მაგრამ სინამდვილეში გაორებული, მუდამ ორჭოფული პერსონაჟის, საგრძნობლად გადახრილი ბუნების და ამ გადახრის გამომწვევი მიზეზების ჩვენებაა. თავისთვის განაბული ტრაგედია ღრმად ფსიქიკაში ჩასახლებულა და ცნობიერების ნაკადი გამორიყავს რომანის ტექსტში და ჩვენ განვაგრძობთ კითხვას და ვხედავთ ეთიკურად და ზოგადადამიანურად დაცემულ და მლიქვნელობით გაჯერებულ სინამდვილეს, რომელიც ქმნის თავის მსგავს ადამიანებს, პერსონაჟებად რომ მწერლის ნიჭმა აქცია და მკითხველის ყურადღება სწორედ იმაზე გაამახვილა, რასაც ჰქვია ზნეობრივი დევალვაცია ან იქნებ სულიერი დეფორმაცია.
პატარა „ ბიჭუნა დამუშტული ხელებით სავარძელს დაყრდნობია და უკან იყურება. ჩემს ბავშვობას ვიხსენებ. მაგონდება ბავშვი, რომელიც ყოველ დილით ასევე უკანა სავარძელზე შესკუპებული ჩვენი სახლის წინ ჩაივლიდა ხოლმე. და ეს ბიჭუნაც იმ ბიჭს მაგონებს. მინდა დავეწიო... არ გავრბივარ, მაგრამ ადგილზე ვბორგავ “ . მეხსიერებაში პატარა ბიჭუნას ამოტივტივება რომანის ფინალში, ღიად მიანიშნებს, რომ სიწმინდე, სიმართლე, უშუალობა და ბუნებრიობა გაქრა ბავშვობასთან ერთად.
და იქვე, ისევ დეფორმირებული სინამდვილე, მოურჩენელი რესენტიმენტის ბოლო ილუსტრაცია: _ფინია ძაღლი... რქიანი ფინია ძაღლი.. – ქხხხ! იგი ყელგამოჭრილივით მანიშნებს, - კისერზე ხელით... – ამის თქმას ახერხებს და თვალებს ხუჭავს.
მაგსად ნურის რომანზე „ ქალაქის მერი “ მინდა გავიხსენო პროფესორ ჯავანშირ იუსიფლის სიტყვები, რაც, ჩემი აზრით, ზუსტად მიესადაგება რომანის მთლიანობას და მის ავტორს. „ ქალაქის მერის “ კითხვისას მე ვიხსენებდი ერთ პასაჟს ოლივიე როლინის რომანიდან „ პორტ_სუდანი “ : „ ამ სტრიქონებს მე ვწერდი, რათა ცოცხალი გადავრჩენილიყავ. წარმოიდგინეთ, საიმისოდ, რომ მეწერა, სხვა საბაბი არ მქონდა. “ ტიპურად მაგსადის აზროვნება იმდაგვარია, რომ იგი წარმოიშობა არა ანტიუტოპიიდან, არამედ რეალურის განვითარებიდან უტოპიისა და ირეალური ვიზუალობისკენ – დინამიკის დამუხრუჭებამდე, რათა ამის შემდეგ მდუმარედ გაგვიმხილოს სათქმელი “ (პროფესორი ჯავანშირ იუსიფლი). დარწმუნებული ვარ მკითხველი დიდი ინტერესით წაიკითხავს მაგსად ნურის ფრიად საყურადღებო და უაღ
რესად მნიშვნელოვან რომანს „ ქალაქის მერი “ .
ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ჩვენს მერს ჩამოჰგავს არაერთი თვისებით და მე ვრწმუნდები, რომ მერის თანამდებობა ქმნის მსგავს ბუტაფორიულ ტიპებს და მათი ქალაქში გამოჩენა, კარნავალური მსვლელობა თანმხლებ პირებთან ერთად, ისეთივე ხელოვნურია, როგორც გაზეპირებული მოძრაობები, ნასწავლი ღიმილი და ყალბი რევერანსები – იმ რიგით ადამინთა წინაშე, რომელთა ბედიც არასოდეს ახსენდებათ, რადგან მათთვის თავს მხოლოდ მაშინ იწუხებენ, როცა პუბლიკისთვის ამის ჩვენება აუცილებელია.
გივი ალხაზიშვილი