წინასიტყვაობა
1 სექტემბერი, 1823
მას ბედის ანაბარად ტოვებდნენ. დაჭრილი ამას ბიჭის გამოხედვაზე მიხვდა, რომელიც ხან ძირს და ხან გვერდით იყურებოდა, ცდილობდა მისთვის თვალი არ გაესწორებინა.
ბიჭი მგლის ტყავის ქუდიან კაცს მთელი დღეების განმავლობაში ეკამათებოდა. (ნუთუ მართლა დღეები გავიდა?) დაჭრილი ცხელებას და ტკივილს ებრძოდა. უჭირდა გაერჩია სიტყვები, რომელიც ჩაესმოდა, ნამდვილი იყო თუ მისი დაბინდული გონების წარმოსახვა.
მდელოზე წამომართულ ვეებერთელა კლდეს ახედა. ფერდობის კიდეზე განმარტოებით მდგარ ფიჭვის ხე ჩანდა, რომელსაც როგორღაც მოეხერხებინა შიშველ ქვებს შორის ამოსულიყო და თუმცა დაჭრილი მას პირველად არ ხედავდა, მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მისი ღერო და ტოტები ჯვრის ფორმას ქმნიდა. პირველად გაიფიქრა, ეტყობა, სწორედ აქ, მდელოზე, წყაროს გვერდით მიწერია სიკვდილიო.
უცნაური იყო, რომ ასე განცალკევებულად გრძნობდა თავს იმ სცენიდან, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდა. ფიქრობდა, საინტერესოა, იმ ორის ადგილას მე რა გაგადავწყვეტდიო. თუ ისინი დარჩებოდნენ, წყაროს ქვემოდან კი მტერი წაადგებოდათ თავს, სამივეს მოკლავდნენ. თვითონ როგორ მოიქცეოდა – წავიდოდა კი რისკზე მათი გულისთვის, თუკი ისინი მაინც განწირული იქნებოდნენ სასიკვდილოდ?
– დარწმუნებული ხარ, რომ აქეთ მოდიან? – ბიჭს ხმაში ბზარი ჰქონდა შეპარული. ჩვეული ტენორის შენარჩუნებას უმეტესად ახერხებდა, მაგრამ ხმის ტონს ვეღარ აკონტროლებდა.
კაცი, რომელსაც მგლის ტყავის ქუდი ეხურა, კოცონთან მივარდა და ტომარაში ირმის ნახევრად გამომშრალი ხორცის ჩაჩურთვა დაიწყო.
– გინდა დარჩე და შეამოწმო? – მიუგდო მან ბიჭს.
დაჭრილი შეეცადა დაელაპარაკა, მაგრამ ყელში ისევ გამგმირავი ტკივილი იგრძნო. რაღაც ბგერების წარმოთქმა მოახერხა, მაგრამ ისინი სიტყვებად ვერ აქცია.
მგლის ტყავის ქუდიანმა ყურადღება არ მიაქცია. თავის ბარგი-ბარხანას ალაგებდა გამალებით. მხოლოდ ბიჭმა მოიხედა.
– მას რაღაცის თქმა უნდა.
ბიჭმა დაჭრილის გვერდით ჩაიმუხლა. ისევ ვერ შეძლო რა დალაპარაკება, კაცმა ჯანმრთელი ხელი ზემოთ ასწია და მიანიშნა.
– თავისი შაშხანა უნდა, – თქვა ბიჭმა. – შაშხანას ითხოვს.
მგლის ტყავის ქუდიანი კაცი სწრაფი, მტკიცე ნაბიჯებით მივიდა ბიჭთან და ზურგში ჩაარტყა:
– გაინძერი, შე წყეულო!
შემდეგ დაჭრილს თავზე დაადგა და მისი ნივთები მოათვალიერა: მონადირის ჩანთა, დანა, მძივებით მორთულ ქარქაშში, პატარა ნაჯახი და თოფისწამლის რქა. სანამ დაჭრილი უმწეოდ მისჩერებოდა, კაცი დაიხარა, ჩანთიდან კაჟი და კვესი ამოიღო და თავისი ტყავის ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. თოფისწამლიანი რქა მხარზე გადაიკიდა, პატარა ნაჯახი კი ტყავის განიერი ქამრის შიგნით ჩაიჩურთა.
– რას აკეთებ? – ჰკითხა ბიჭმა.
კაცი ისევ დაიხარა, დანა აიღო და ბიჭს ესროლა.
ბიჭმა დანა დაიჭირა და ქარქაშს შეძრწუნებული დააშტერდა. მხოლოდ შაშხანა დარჩა. მგლის ტყავის ქუდიანმა კაცმა ის აიღო და სწრაფად შეამოწმა დატენილი იყო თუ არა.
– ნუ გეწყინება, გლას, ძველო, შენ ხომ ის აღარაფერში დაგჭირდება.
გაოგნებული ბიჭი ადგილიდან არ იძვროდა.
– ასე უიარაღოდ ხომ ვერ მივატოვებთ.
მგლის ტყავის ქუდიანმა კაცმა მას ერთი გახედა მხოლოდ, შემდეგ გაიქცა და ტყეში გაუჩინარდა.
დაჭრილი თვალს არ აცილებდა ბიჭს, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და კარგა ხანს გარინდებული იდგა. ბოლოს ბიჭმა თვალები ასწია, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მკვეთრად შებრუნდა და ფიჭვის ხეებს შეერია.
დაჭრილი დაძაბული იყურებოდა ხეებს შორის, სადაც მისი ყოფილი მეგობრები გაუჩინარდნენ. მთელი მისი არსება მრისხანებამ მოიცვა ისე, როგორც ალი მოედება ფიჭვის წიწვებს. მხოლოდ ერთი რამის სურვილი ჰქონდა: მათთვის კისერში ჩაევლო ხელი და ადგილზე დაეხრჩო.
ინსტიქტურად შეეცადა დაეყვირა, დაავიწყდა, რომ ყელი სტკიოდა და მხოლოდ სუსტი ხავილი ამოსდიოდა. მარცხენა იდაყვზე წამოიწია. მარჯვენა მკლავის მოხრა შეეძლო, მაგრამ ზედ ვერ დაეყრდნობოდა. სულ ოდნავი მოძრაობისგანაც კი ყელში და ზურგში საშინელი ტკივილი იგრძნო. უხეშ ნაწიბურებზე კანი დაეჭიმა. ქვემოთ დაიხედა ფეხებზე, რომელზეც ძველი გასისხლიანებული პერანგი მაგრად ჰქონდა შემოჭერილი. ბარძაყს ვერ მოღუნავდა, რომ ფეხი აემოძრავებინა.
უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, გაჭირვებით გადაბრუნდა და მუცელზე დაწვა. ახალ ჭრილობაზე ნაკერი ტკაცანით გადაიხსნა და ზურგზე თბილი სისხლი ჩამოეღვარა, მაგრამ გამძვინვარებულს ტკივილი თითქმის არ უგრძნია.
ჰიუ გლასი წინ გახოხდა.