I
სექტემბრის ერთ დილას ჯოვანი დროგო, რომელიც სულ ახლახან გახდა ოფიცერი, ქალაქიდან გაემგზავრა, რათა თავისი პირველი დანიშვნის ადგილას - ციხესიმაგრე ბასტიანიში ჩასულიყო.
ჯოვანი დილაუთენია ადგა და პირველად ჩაიცვა ლეიტენანტის ფორმა. მერე ნავთის ლამპის შუქზე სარკეში ჩაიხედა, მაგრამ ის სიხარული ვერ იგრძნო, რომელსაც ელოდა. სახლში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მეზობელი ოთახიდან მომავალი ფაჩუნი არღვევდა: დედა ლოგინიდან დგებოდა, რომ შვილს დამშვიდობებოდა.
დადგა დღე, რომელსაც ჯოვანი ამდენი წელი ელოდა, მისი ნამდვილი ცხოვრების დასაწყისი. იმ უფერულ დღეებზე ფიქრობდა, სამხედრო აკადემიაში რომ გაატარა. გაახსენდა სწავლის მოსაწყენი საღამოები, როცა ესმოდა, როგორ სეირნობდა ხალხი ქუჩაში, თავისუფალი და, ალბათ, ბედნიერი. ზამთარში გამთენიისას უნდა ამდგარიყო გაყინულ საძინებელში, სადაც თავს დასჯის შიში დასტრიალებდათ. გაახსენდა, რა ნელა გადიოდა დღეები, თითქოს დასასრული არ უჩანდა.
ახლა, ბოლოს და ბოლოს, ოფიცერი გახდა. აღარ იყო საჭირო წიგნებისთვის თავის დაკვლა, არც სერჟანტის ხმის გაგონებაზე კანკალი. ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. ის დღეები, საძულველად რომ ეჩვენებოდა, სამუდამოდ გაქრა, გარდაიქმნა თვეებად და წლებად, რომლებიც არასოდეს განმეორდებოდა. დიახ, ის უკვე ოფიცერი იყო. ახლა ფული ექნებოდა, ლამაზი ქალებიც, ალბათ, ყურადღებას მიაქცევდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ჯოვანი დროგომ იგრძნო, რომ საუკეთესო ხანა - ადრეული სიყმაწვილის წლები - დასრულდა. ამგვარი ფიქრებით შეპყრობილი დაჟინებით იყურებოდა სარკეში, ცდილობდა, საკუთარ სახეში რამე მოსაწონი ეპოვა, მაგრამ მხოლოდ ნაძალადევ ღიმილს ხედავდა.
რა უაზრობაა! რატომ ვერ შეძლო, დამშვიდობებისას დედისთვის მოვალეობის გამო მაინც გაეღიმა? რატომ არ აქცევდა ყურადღებას მის ბოლო დარიგებებს, მხოლოდ ხმა ესმოდა, ასეთი მშობლიური და თბილი. რატომ ტრიალებდა ოთახში უაზროდ და ნერვიულად, ვერ პოულობდა საათს, ცხენოსნის წკეპლას, ქუდს, ყველაფერი ხომ თავის ადგილას ეწყო! მართლა საომრად ხომ არ მიდიოდა! მისი ამხანაგებიც, ათეულობით ლეიტენანტი, ზუსტად ამ დროს ტოვებდნენ მშობლიურ სახლებს, მაგრამ სიცილ-ხარხარით, თითქოს წვეულებაზე მიდიოდნენ. როცა დედას ელაპარაკებოდა, რატომ ვერ მოძებნა ალერსიანი და დამამშვიდებელი სიტყვები აზრს მოკლებული ბანალური ფრაზების ნაცვლად? წუხილი იმაზე, რომ პირველად ტოვებდა ძველ სახლს, სადაც მის დაბადებას დიდ იმედებს უკავშირებდნენ, შიში, რომელიც თან სდევს ნებისმიერ ცვლილებას, აღელვება დედასთან დამშვიდობებისას - ეს ყოველივე სულს უმღვრევდა, მაგრამ ამ ყველაფერზე მეტად სხვა რამ აწუხებდა, რის ამოცნობასაც ვერ ახერხებდა; რაღაც ბუნდოვანი წინათგრძნობა ჰქონდა: თითქოს საბედისწერო მოგზაურობას იწყებდა და უკან დაბრუნება არ ეწერა.
მეგობარმა ფრანჩესკო ვესკოვიმ ცხენდაცხენ გააცილა რაღაც მანძილზე. ცარიელ ქუჩებში ცხენების თქარათქური ისმოდა. თენდებოდა. ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა. აქა-იქ, ბოლო სართულებზე, დარაბები იღებოდა და ფანჯარაში გამოჩენილი დაღლილი სახეები წამით გულგრილად ავლებდნენ თვალს მზის ამოსვლის ზღაპრულ სურათს.
მეგობრები დუმდნენ. დროგო ფიქრობდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ციხესიმაგრე ბასტიანი, მაგრამ წარმოდგენაც ვერ შეძლო. არც ის იცოდა ზუსტად, სად მდებარეობდა ან რა მანძილი აშორებდა იქამდე. ზოგმა უთხრა, ცხენით ერთი დღის სავალიაო, ზოგმა - ცოტა ნაკლებიაო. ერთი რამ ცხადი იყო: იქ არავინ იყო ნამყოფი.
ქალაქის ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, ვესკოვიმ მხიარულად დაიწყო ლაპარაკი უმნიშვნელო რაღაცეებზე, თითქოს დროგო სასეირნოდ მიდიოდა. მერე უცებ თქვა:
- ხედავ იმ ბალახით დაფარულ გორაკს? ჰო, სწორედ იმას. ხედავ ნაგებობას მთის წვერზე? ეს უკვე ციხესიმაგრის ნაწილია, მისი მეწინავე სანგარი. მახსოვს, იმ მხარეს ბიძაჩემთან ერთად ვიყავი სანადიროდ ორი წლის წინ.
მალე ქალაქი უკან მოიტოვეს. ახლა გზად ხვდებოდათ სიმინდის ყანები, მინდვრები, შემოდგომის წითელი ტყეები. ერთად მიუყვებოდნენ მზის სხივებით განათებულ გზას. ჯოვანი და ფრანჩესკო ბავშვობიდან მეგობრობდნენ: დიდი ხნის განმავლობაში მეზობლად ცხოვრობდნენ, თანატოლ ბავშვებთან ერთად თამაშობდნენ, ერთნაირი გატაცებები ჰქონდათ. დღე ისე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთი არ ენახათ. მერე ვესკოვის ოჯახი გამდიდრდა. დროგომ ოფიცრის კარიერა აირჩია. ახლა იგრძნობოდა, როგორ შორს იყვნენ ერთმანეთისგან. ის მიმზიდველი და ფუფუნებით აღსავსე ცხოვრება, რომლითაც ვესკოვი ცხოვრობდა, დროგოსთვის უცხო იყო. მას წინ მნიშვნელოვანი და უცნობი რამ ელოდა. ჯოვანის ეჩვენებოდა, რომ მათი ცხენებიც კი განსხვავებულად დგამდნენ ნაბიჯს: მისი ცხენი ლაღი არ იყო, დაღლილს ჰგავდა. თითქოს ცხოველიც კი გრძნობდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა.
გზა აღმართზე ადიოდა. ზევით რომ ავიდნენ, დროგომ უკან მიიხედა, მზე ხელით მოიჩრდილა და ქალაქს გახედა. სახურავებიდან კვამლი ამოდიოდა. სადღაც შორს მისი სახლიც მოჩანდა. თავისი ოთახის ფანჯარა იცნო. ალბათ, ჩვეულებრივ, ღია იყო. ქალები ყველაფერს მოაწესრიგებდნენ, საწოლს აალაგებდნენ, ნივთებს კარადაში შეინახავდნენ. მერე დარაბებს დაკეტავდნენ. თვიდან თვემდე იქ არავინ შევა, გარდა მტვრის ნაწილაკებისა ან კარგ ამინდში მზის სხივი