ფესვები
მისი სამშობლო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. საქართველომ განვლო ძნელი, ტრაგიზმით აღსავსე ისტორიული გზა, რომლის მსგავსი იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში. ქართველმა ხალხმა გაუძლო ისტორიის გამოცდას და ღირსეულად ატარა ქართველობა და ქრისტიანობა, არასოდეს უღალატია მათთვის, არ უძებნია უკეთესი სამშობლო ოკეანეების გადაღმა სხვა ქვეყნებსა და ტერიტორიებზე - ქართველი ჭეშმარიტად ბედნიერი მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს...
უძველეს ხანაშივე ამ ტერიტორიაზე მშრომელი და გამრჯე ხალხი ცხოვრობდა. საყურადღებო და საამაყო ცივილიზაცია დაუტოვა მან შთამომავლობას - მტკვარ-არაქსის კულტურა (IV ათასწლეული ძვ.წ.), თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანები (XV ს. ძვ.წ.). თრიალეთში აღმოჩნდა უნიკალური ფასეულობა - ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს თასი, ვერცხლის სარწყული.
არგუმენტირებულად ამტკიცებენ, რომ ლითონის დამუშავების საქმეში პროტოქართველებს დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. სწორედ მათ, ერთ-ერთ პირველებს, აუთვისებიათ ბრინჯაოს წარმოება, ხოლო უკანასკნელი არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, შესაძლოა, პირველებიც კი იყვნენ რკინის ათვისების საქმეში.
უძველესი მითი არგონავტების შესახებ, რომელიც ძალზე პოპულარულია მსოფლიოში, კარგად მიუთითებს, რომ კოლხეთი (დასავლეთი საქართველო, რიონის აუზი) ოქროთი მდიდარი ქვეყანა ყოფილა, რომელიც ბერძნებისთვისაც კი გამოირჩეოდა გასაოცარი კულტურული ფასეულობებით. აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა მეორე ქართველური სახელმწიფო - იბერია. რომაელებმაც კი ვერ დაიმონეს თავისუფლებაზე შეყვარებული იბერები და ღირსეული მეგობრობით დაკმაყოფილდნენ.
I საუკუნეში ამ ქვეყანაში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა.
უკვე IV საუკუნეში, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ზეობის ხანაში, კაბადოკიელმა მოციქულთასწორმა ნინომ გააქრისტიანა სრულიად საქართველო. მცხეთაში, სადაც ადგილობრივმა ებრაელებმა ქრისტეს კვართი ჩამოიტანეს და სიდონიასთან ერთად დაფლეს, აღიმართა დიდებული სვეტიცხოვლის ტაძარი - ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე.
უცხოტომელებთან პერმანენტულ ბრძოლებში ყალიბდებოდა ახალი საქართველო - VIII-IX საუკუნეებში დაიწყო ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს ფორმირების პროცესი. ამ პროცესს სათავეში ჩაუდგნენ ტაო-კლარჯეთელი ბაგრატიონები. ბაგრატ III-მ პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფოს ერთიანობისათვის ბრძოლაში. ბაგრატ IV-ის დროს საქართველო თითქმის უკვე ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოა.
ეს ეპოქა გამორჩეული იყო უდიდესი კულტურული მიღწევებით. ქრისტიანობით ნასულდგმულები სულიერი ფასეულობები ვლინდებოდა ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში, ლითონის მხატვრულ დამუშავებაში, ხელოვნებისა და კულტურის სხვა დარგებში.
შეიქმნა ქართული ქრისტიანული ლიტერატურა, რომლის შედევრები დღესაც აცვიფრებს მკითხველს.
საქართველო და ქართული კულტურა განვითარების არნახულ სიმაღლეებს აღწევს დავით აღმაშენებლის ეპოქაში (1089-1125 წწ.), როცა საბოლოოდ დასრულდა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წყალობით დავითმა საქართველო ახლო აღმოსავლეთში უძლიერეს ქვეყნად გადააქცია. მან არაბთა 400-წლიანი ბატონობიდან გამოიხსნა და ქვეყანას დაუბრუნა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.
დავითის მემკვიდრეების დროს, განსაკუთრებით, დიდი თამარის მმართველობის პერიოდში (1183-1213 წწ.), წარმატებულმა სამხედრო ოპერაციებმა საქართველო ძლევამოსილ სახელმწიფოდ გადააქცია. ამ ეპოქის სწორუპოვარი შედევრია გენიალური შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ - ეპიკური პოემა სიყვარულზე, მეგობრობაზე, მაღალადამიანურ გრძნობებზე. პოემაში არიან არაბები, ინდოელები, ჩინელები, ვენეციელებიც კი, მაგრამ არ არიან ქართველები... სინამდვილეში, ქართველები არიან ყველგან, ეს ხომ ქართული სული ლაპარაკობს არაბის, ინდოელის პირით: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად“, „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“...
სამწუხაროდ, ისტორიას ჩაჰბარდა ერთიანი, ძლიერი საქართველო. გაუთავებელმა შემოსევებმა მუსრი გაავლო მოსახლეობას. მარტო თემურ ლენგმა (XIV ს.) რვაჯერ ილაშქრა საქართველოში და მთლიანად მოაოხრა მისი მდიდარი პროვინციები და ოლქები.
მრავალი დამანგრეველი თავდასხმის შემდეგ თურქეთმა და ირანმა გადაინაწილეს საქართველო: აღმოსავლეთი - ირანს, დასავლეთი კი თურქეთს ერგო. თანდათან მოხდა ერთიანი ეროვნული ორგანიზმისაგან მისი ცალკეული მხარეებისა და კუთხეების მოწყვეტა, მაჰმადიანურ სამყაროსთან მათი ინკორპორირება. ამიერკავკასიაში სომხეთის ქრისტიანული სახელმწიფოს გაუქმების შემდეგ რეგიონში ქრისტიანული აღმსარებლობის მატარებელი სახელმწიფო მხოლოდ საქართველო დარჩა...
ქართველი საზოგადოებისათვის აშკარა გახდა, რომ ან ქვეყანას უნდა მოეკრიბა ძალები და მტკიცე ერთიანობის პირობებში წინ აღდგომოდა მაჰმადიანური ქვეყნების ექსპანსიას, ან არადა, ბევრი სხვა ქრისტიანული სახელმწიფოს მსგავსად (ეგვიპტე, სირია, ბიზანტია), გათქვეფილიყო მაჰმადიანურ ოკეანეში.
იყო სხვა გზაც - ქრისტიანული იდეოლოგიისა და პოლიტიკური კავშირის საფუძველზე, ძლიერი ქვეყნის დახმარებით, მოეპოვებინა დაკარგული თავისუფლება, ტერიტორიები. როცა კონტაქტებისათვის დასავლეთ ევროპასთან გზა თურქეთმა გადაკეტა, ხოლო დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო (გავიხსენოთ საქართველოს მეფე-მთავრების წერილები ესპანეთის, საფრანგეთის მონარქებთან, სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტები ვატიკანსა და ვერსალში), გადაწყდა მტკიცე კავშირის დამყარება ერთმორწმუნე რუსეთთან. ამ პოლიტიკის სულისჩამდგმელი იყო ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I (XV ს.). მისი პოლიტიკური ხაზის გამტარებლები იყვნენ პროგრესული სახელმწიფო მოღვაწეები: თეიმურაზ I, მეფე არჩილი, ვახტანგ VI, რომლებსაც ღრმად სწამდათ, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა, თუკი ამიერკავკასიაში