თავი I
აღმოსავლეთმა, თენდებაო, მახარა მკვირცხლად,
მე კი მთქნარებით ვეგებები მზის პირველ სხივებს,
თბილი ლოგინი მექაჩება, ტკბილად ძილს მირჩევს,
გარეთ მუშები მღერიან და მეც წასვლას ვირჩევ.
- თხის ნამძინარევმა კიკინმა გამოაღვიძა მირი. ეტყობა, სუნზე იცნეს ბეკეკებმა ქვის კედლის ნაპრალებში შემოპარული განთიადი, თორემ გარეთ ისეთი უკუნეთი იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ვერა და ვერ წაართვა მირიმ ძილს თავი, თუმცა, იმას კი გრძნობდა, რომ ოთახში გვიანი შემოდგომის სუსხს დაესადგურებინა და მოიკუნტა. მისი ნება რომ ყოფილიყო, შეიყუჟებოდა საბნის ქვეშ და დათვივით მთელ ზამთარს ძილში გაატარებდა.
მერე ვაჭრები მოაგონდა, საბანს ფეხი გაჰკრა და ლოგინში წამოჯდა. მამამისი დარწმუნებული იყო, რომ საქონლით დატვირთულ ოთხთვალებს სწორედ იმ დღეს გაატარებდნენ მთის ვიწრო ბილიკზე და გრუხუნ-გრუხუნით მიაყენებდნენ სოფელს. ყველამ იცოდა, ახლა თუ არ მოივაჭრებდნენ, ზამთრის ბოლომდე ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობა მეტად აღარ მიეცემოდათ - ახლა თუ იჩქარებდნენ და საჭმელ-სასმელთან ერთად ლინდრის ერთ-ორ დამუშავებულ ქვასაც თუ გამოჰკრავდნენ ხელს, თორემ მერე მოთოვდა და რამდენიმე თვე სოფლიდან ფეხსაც ვერ გაადგამდნენ. ნეტავი დახმარება შემეძლოსო, ნატრობდა მირი.
ერთი კი შეიჭმუხნა, როდესაც მისი სხეულის სიმძიმის ქვეშ ბარდის ქუჩუბოთი დატენილ ლეიბს შარიშური გაუვიდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა: ჯერ ჩალის ლეიბზე მძინარე მამას გადააბიჯა, მერე უფროს დას, რომელსაც მარდა ერქვა, და წასასვლელად მოემზადა. მთელი კვირა გეგმებს აწყობდა, მამას სამტეხლოში თუ დავხვდები, ეგებ შინ აღარ გამომისტუმროსო.
შალის ბლუზა და პაჭიჭები ისე მოირგო, რომ საღამურის გახდა არც უფიქრია; წუღებიც ჩაიცვა, მაგრამ თასმის შეკვრა ცალ ფეხზეც არ მოეთავებინა, რომ ბარდის ქუჩუბოს ჭრაჭუნი ჩაესმა და მიხვდა, მის გარდა ოთახში კიდევ ეღვიძა ვიღაცას.
მამამ კერიაზე ნაკვერჩხლები მიჩხრიკ-მოჩხრიკა და თხის სკორე მიაყარა. ნარინჯისფრად აგიზგიზდა ცეცხლი, კედელზე კი მირის მამიკოს უზარმაზარი ჩრდილი ალაციცდა.
- გათენდა? - იკითხა მარდამ, თან იდაყვზე დაყრდნობილი ლოგინში წამოიწია და თვალები მოწკურა, აქაოდა, ცეცხლის შუქი თვალს მჭრისო.
- ჩემთვის კი, - უპასუხა ქალიშვილს მამაკაცმა და მირის გახედა, რომელსაც ცალი წუღა ეცვა და შესაკრავად გამზადებული თასმების ხელიდან გაშვება ვერ მოეფიქრებინა. გაქვავებულივით იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა.
- არა, - ერთადერთი სიტყვა უთხრა უმცროს გოგონას მამამ.
- მამიკო, - ამოილუღლუღა მირიმ. მეორე წაღში ფაციფუცით ჩადგა ფეხი და მშობელს მიუახლოვდა, თან გახსნილ თასმებს მიწურ იატაკზე მიათრევდა. ცდილობდა, სასხვათაშორისოდ ელაპარაკა, აქაოდა, სამტეხლოში წამოსვლა ეს-ესაა, მომაფიქრდაო.
- მამიკო, იმ უბედურ შემთხვევებს ახლა უამინდობაც რომ დაერთო, ვიფიქრე, ვაჭრების ჩამოსვლამდე მაინც მოგეხმარებოდი.
მამაკაცს აღარაფერი უთქვამს, უსიტყვოდ იცვამდა წუღებს, მაგრამ მისი ჯიუტი მიხრა-მოხრა უარის მეტს სხვას არაფერს ნიშნავდა. ეს იყო და გარედან სამტეხლოში მიმავალი მუშების სიმღერაც შემოესმათ. ხმა სულ უფრო ახლოდან ისმოდა. სხვებივით სამტეხლოში თუ აპირებდი წასვლას, უნდა გეჩქარა, დანარჩენებს რომ არ ჩამორჩენოდი. ჩამორჩენა იქით იყოს, თოვლის საბურველში გახვეულ მთაზე მარტოდმარტო სიარული წარმოუდგენელი გახლდათ. ესმოდა მირის მუშების მოძახილი და ასე ეგონა, ვიღაც გულზე მარწუხებს უჭერდა, რადგან იცოდა, ეს შეწყობილი ხმები მას არ უხმობდნენ, მას არავინ ეპატიჟებოდა, შემოგვიერთდიო.
მირი მიხვდა, რომ საკუთარი თავი უნებურად გასცა და შეცბუნებულმა მხრები აიჩეჩა, მერე კასრში დარჩენილი ხახვის ერთადერთი თავი ამოიღო და თხის მოყავისფრო ყველის თხელ ნაჭერთან ერთად მამას მაშინ გაუწოდა, როდესაც ეს უკანასკნელი კარს აღებდა.
- გმადლობ, ჩემო კოკობო. ხომ იცი, ვაჭრები თუ მოვიდნენ, ისე უნდა დახვდე, რომ შენით ვიამაყო, - უთხრა ქალიშვილს მამამ და თავზე აკოცა, მერე კი მუშების შეხმატკბილებულ სიმღერას თავადაც ააყოლა ხმა და სამტეხლოსკენ მიმავლებს კვალში ჩაუდგა.
ცრემლებს ძლივს იკავებდა მირი. რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე გააკეთებდა, რომ მამას მისით ეამაყა.
სახლის საქმეებში მარდაც დაეხმარა დას. ნაცარიც გამოიღეს კერიიდან, ცეცხლიც გააჩაღეს, თხის ნედლი სკორეც გაშალეს გასაშრობად და ვახშმის მოსამზადებლად დამბალ-დამარილებულ ღორის ხორცსაც დაამატეს წყალი. სიმღერ-სიმღერით აკეთებდა მარდა საქმეს, მირი კი გაუჩერებლად ტიკტიკებდა, ოღონდ სამუშაოზე წაყვანაზე მამამ უარი რომ უთხრა, ერთხელაც არ უხსენებია, არადა, გულზე შემოწოლილი სევდა ახრჩობდა და თუ იცინოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე დარდისთვის თავი დაეღწია.
- წინა კვირაში ბენას სახლს ჩავუარე, - დაიწყო მირიმ. - პაპამისი გარეთ იჯდა და აინუნშიც არ აგდებდა ბუზს, რომელიც ცხვირწინ უბზუოდა, მერე კი „ტკაც“ და ხელის ერთი დარტყმით მიისრისა ზედა ტუჩთან.
ზიზღისგან ერთიანად მოიბუზა მარდა.
- იცი, დაიკო, ცხვირქვეშ მიწებებული ბუზის სახიდან მოშორება