წინასიტყვაობა
„ არ ჩავარდე მწუხარებაში. ყველაფერი, რასაც კარგავ, სხვა ფორმით ბრუნდება “ - ეს სიტყვები მეცამეტე საუკუნის გენიას და ძალიან უცნაურ კაცს, ჯალალ ედ დინ რუმის, ზედმეტსახელად მოულანას ეკუთვნის, თუ დავუკვირდებით და თან პარალელებსაც გავავლებთ, ამ აზრის, იდეის თუ თეორემის აქსიომად ქცევა ძალიან მარტივი საქმეა, ამისთვის ბატონი რუმის რეინკარნაცია უნდა ვეძიოთ. რეინკარნაციის ნამდვილობის დადასტურება ღმერთის ნახვის და მისთვის ხელის ჩამორთმევის ტოლფასია, თუმცა ზუსტად ღმერთს მიერ შექმნილმა ადამიანთა მოდგმამ შექმნა ფენომენი, რომელსაც სახელად პარალელი ჰქვია. პარალელის გავლების შედეგად კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია რუმის რეინკარნირებული სხეული და სული აღმოაჩინოს, ზოგისთვის ეს შეიძლება ალფრედ ჰიჩკოკი იყოს, ზოგისთვის რობი უილიამსი, ჩემთვის ასეთი პიროვნება, არც მეტი არც ნაკლები, სტივენ კინგია, ამ ამერიკელი ვაჟბატონის გვარი, რუმის მეტსახელთანაც კი მოდის სინონიმურ თანხვედრაში, მოულანა ბატონს ნიშნავს, კინგი კი მეფეს, ჰოდა დამისახელეთ მეფე რომელიც ბატონი არ ყოფილა, პატრონიც. – „ ასეთია პერსპექტივის ბორბალი, ხანდახან იქ გაბრუნებს საიდანაც დაიწყე “ , ასე გადადნა რუმის ფრაზა 7 საუკუნის შემდეგ, აზრი და მოტივაცია იგივე დატოვა, სიტყვები კი შეცვალა, თუმცა როდის ჰქონდა ცხოვრებაში სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა?
ახლა როდესაც ჰოლანდიის სამხრეთ აღმოსავლეთით, გერმანიისა და ბელგიის საზღვრის პირას, პატარა ქალაქ მაასტრიხტში, საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში, ჩემი ბავშვობის მეგობრის ოთახში, იატაკზე დაფენილ ე.წ. მატრასზე ვწევარ, ვერ ვხვდები რამდენ გვერდს შევავსებ ჩემი ნააზრევით და რამდენს ჩემი სიყვარულით, ამ გვერდის და მისი თითოეული მომხმარებლის მიმართ. ჩემი წინასიტყვაობა პარალელებზე საუბრით ტყუილად არ დამიწყია და ამ პატარა ეპისტოლეში მას რამდენჯერმე დავუბრუნდები, უბრალოდ მეშინია პარადოქსული ფაქტის დაფიქსირებისა, როდესაც წინასიტყვაობა თვითონ წიგნზე დიდი გამოვა, ანუ წიგნი იქცევა ბოლოსიტყვაობად, წინასიტყვაობა კი წიგნად.
სტივენ კინგის ზემოთ მოყვანილ ფრაზას კიდევ ერთხელ ვიხმარ და პერსპექტივაზე გავამახვილებ ყურადღებას, რა არის პერსპექტივა? ვის აქვს ის? პერსპექტივა მხაზველობითი გეომეტრიის ნაწილია, რომელიც სწავლობს ცენტრალური პროექტირების საშუალებით სიბრტყეზე სხეულების გამოსახვის წესებს, თუმცა იგი ჩვეულებრივ აღქმაში მომავლის გეგმებს და ვისიმე შესაძლებლობებს გამოხატავს. ჩემი ღრმა რწმენით, სურვილით და გულში ჩადებული სიკეთით დარწმუნებული ვარ რომ პერსპექტივა ყველას აქვს, უფროსწორად თვალწინ უდევს, თაროზე, წიგნების სახით, დიახ პერსპექტივა არა მხაზველობით გეომეტრიის ნაწილი, არამედ წიგნია, თითქმის ყველა წიგნი პერსპექტივაა, ვერც ერთი თქვენგანი ვერ მანახებს წიგნს, რომლიდანაც რამე არ ისწავლება, წიგნი ცხოვრების ვირტუალური გამოვლინებაა, იგი ცხოვრებისეულ გამოცდილებას გძენს, თუ ყურადღებით, სიყვარულით და მონდომებით წაიკითხავ არა შენს შეცდომებზე, არამედ წიგნის პერსონაჟთა შეცდომებზე ისწავლი და რეალურ ცხოვრებაში მათ არ დაუშვებ, რამდენ თქვენგანს გაუგივებია თავისი თავი წიგნის ნებისმიერ პერსონაჟთან? რამდენი რაღაც წაგიკითხავთ რაც რეალურად გადაგხდენიათ კიდეც? რამდენი ფრაზა მოგისმენიათ ვიზუალურად რომელიც რეალურ ცხოვრებაში გითქვამთ, ან თქვენთვის უთქვამთ? უამრავი, უამრავი იმიტომ რომ წიგნი ცხოვრებაა, შენი ცხოვრებაა, ის პერსონაჟი შენ ხარ, დადებითიც, უარყოფითიც და საშუალოც. როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანის, სტივენ კინგის „ ნათებას “ ვკითხულობდი, მთავარი გმირი ჯეკ ტორანსი, ლუკა გვაზავა, ანუ ჩემი თავი მეგონა, ზუსტად იმ ფრაზებს ესროდა თავის ცოლს, რაც მეც მითქვამს იმ გოგოებისთვიც ვინც მყვარებია, ზუსტად იმას ფიქრობდა, რასაც მე ვფიქრობდი ამ სიტყვების თქმის დროს, და ნაფიქრალისა და შემდეგ თქმულის ფილტრიც ზუსტად ისეთივე აღნაგობისა ჰქონდა როგორიც ჩემს სულში, ტვინსა და გულში ბუდობდა. გურამ დოჩანაშვილსაც დავესესხები, ოღონდ აქ დღის 11 საათია და ყველაფერი გენიალურადაა, გარდა იმისა რომ სამშობლოს მოწყვეტილი ვწერ ამ სიტყვებს ლეპტოპში, რომელიც ჩემმა ზემოთხსენებულმა მეგობრებმა არ წაიღეს უნივერსიტეტში და დამიტოვეს, რათა ინტერნეტთან და ამ ნაწერთან წვდომა მქონოდა. ფრაზები მიყვარს, მათში რაღაც მშობლიურს ვხედავ, მიზეზი მარტივია, ეს ფრაზები და კიდევ უამრავი ჩვენს საყვარელ გვერდზე უამრავჯერ დამიდია, ამ სიტყვებით, ჩემ და თქვენ სათქმელს იმ უამრავ ადამიანს ვეუბნებოდი, ჩვენ გვერდს რომ მოჰყვებიან და ისევე უყვართ ის როგორც მე, ანუ შვილივით. დიახ შვილივით, ცხოვრება ისეთი სასტიკი და დაუნდობელია 30 წლამდე გაგანადგურებს თუ მედგრად არ დაუდექი, ხდება ისეთი რაღაცეები რის შემდეგაც ჯერ შემთხვევით, მერე კი ინერციით, არასწორ და დამღუპველ ნაბიჯებს დგამ, ამ დროს ახალგაზრდულ ასაკში და დეპრესიულ ფონზე, ისეთ სისულელეზე ფიქრობ, როგორიც თვითმკვლელობაა. ამ დროს თავში შენი პირველი მე ჩაქუჩს გირახუნებს და შენთვის ძვირფას ვინმეს/რამეს გახსენებს, რომ მეორე მეს მიერ მოწოდებული აზრი თვითმკვლელობის შესახებ უკუაგდო და ღრმა ქვეცნობიერში გადამალო, ჩემთვის