წიგნი პირველი - დიუნი დასაწყისი ის დროა, როცა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იზრუნოთ წონასწორობასა და სიზუსტეზე. ეს ყველა ბენე გესერიტმა დამ იცის. ამიტომ, მუად’დიბის ცხოვრების აღწერაზე მუშაობას რომ შეუდგებით, უპირველესად მისი ჟამი განსაზღვრეთ: დაიბადა ფადიშაჰ-იმპერატორ შადამ IV-ის შობიდან 57‑ე წელს. და ყურადღებით მიადევნეთ თვალი, რომ სწორად მიუთითოთ მუად’დიბის სამშობლო – პლანეტა არაკისი. ნუ შეგაცდენთ ის ფაქტი, რომ იგი კალადანზე დაიბადა და სიცოცხლის პირველი თხუთმეტი წელი იქ გაატარა. არაკისი, პლანეტა, რომელიც დიუნის სახელითაა ცნობილი, მისი მარადი სამშობლოა.
პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სახელმძღვანელო“
არაკისზე გამგზავრების წინა კვირას, როცა საბოლოო სამზადისის ფუსფუსი ლამის აუტანელ საყოველთაო შეშლილობაში გადაიზარდა, ბიჭის, პოლის, დედასთან მოხუცი ქალი მოვიდა.
კალადანის ციხესიმაგრეს თბილი ღამე ჩამოსწოლოდა და ქვით ამოყვანილ უძველეს კედლებში, სადაც ატრეიდესების ოჯახის ოცდაექვსი თაობა ცხოვრობდა, ახლაც ის ნოტიო სიგრილე იგრძნობოდა, ამინდის შეცვლის წინ რომ იცოდა ხოლმე.
მოხუცი ქალი გვერდითა კარიდან შეუშვეს, პოლის ოთახის წინ გამავალ თაღიან ტალანში ჩაიყვანეს და ცოტა ხნით შეახედეს ბიჭთან, რომელიც საწოლში იწვა.
გაღვიძებულმა ბიჭმა იატაკთან დაკიდებული ტივტივა ნათურის ჩაწეულ შუქზე გაარჩია ქალის ზორბა ფიგურა, დედაზე ერთი ნაბიჯით წინ რომ იდგა. დედაბერი ალქაჯის ლანდს ჰგავდა: მოთელილი, აბლაბუდასავით თმა ჩაჩივით წამოჰხურვოდა ბნელ ჩრდილში ჩაკარგულ სახეზე, თვალები სპეკალებივით უელავდა.
– თავისი ასაკისთვის პატარა ხომ არ არის, ჯესიკა? – იკითხა დედაბერმა. აუწყობელი ბალისეტივით ხრინწიანი და გაბზარული ხმა ჰქონდა.
პოლის დედამ თავისი რბილი კონტრალტოთი უპასუხა:
– ცნობილია, რომ ატრეიდესები გვიან იწყებენ ტანის აყრას, ღირსო დედაო.
– მსმენია, მსმენია, – დაიქშინა დედაბერმა, – მაგრამ ეს ხომ უკვე თხუთმეტისაა.
– დიახ, ღირსო დედაო.
– ღვიძავს და ყურს გვიგდებს, – თქვა დედაბერმა, – ცბიერი პატარა ცუღლუტი, – ჩაიხითხითა მან, – მაგრამ ხელმწიფეს ცბიერება სჭირდება. და თუ ის მართლაც კვიზაც ჰადერაქია... აბა...
საწოლის ჩრდილებში ჩაფლული პოლი ოდნავ გახელილი თვალებით იყურებოდა. ორი ნათელი ოვალი – დედაბრის თვალები – თითქოს გაფართოვდა და გაღვივდა, ბიჭს რომ ჩააცქერდა.
– ტკბილად იძინე, ცბიერო პატარა ცუღლუტო, – თქვა დედაბერმა, – ხვალ ჩემს გომ ჯაბართან შესახვედრად მთელი შენი ძალა დაგჭირდება.
და წავიდა, დედასაც უბიძგა და გაიყვანა, კარი კი მაგრად გაიჯახუნა.
გამოფხიზლებული პოლი იწვა და ფიქრობდა: „ნეტავ, რა არის გომ ჯაბარი?“
მთელ ამ ცვლილების ჟამის ალიაქოთში ეს დედაბერი იყო ყველაფერზე უფრო უცნაური რამ, რაც კი ენახა.
ღირსო დედაო...
და დედამისსაც როგორ მიმართა, ჯესიკაო, თითქოს უბრალო მოახლე გოგო ყოფილიყო და არა ის, ვინც არის: ბენე გესერიტი ქალბატონი, ჰერცოგის თანამესარეცლე და მისი მემკვიდრის დედა.
„ნეტავ, ეს რაღაც გომ ჯაბარი არაკისთანაა დაკავშირებული? ისეთი რამე ხომ არაა, რაც უნდა ვიცოდე, სანამ იქ წავალთ?“
უხმოდ წარმოთქვა უცნაური სიტყვები: „გომ ჯაბარი... კვიზაც ჰადერაქი“.
რამდენი რამ იყო სასწავლი. არაკისი კალადანისგან ისე განსხვავებული ადგილი ჩანდა, რომ პოლს დიდძალი ახალი ინფორმაციისგან თავი უბრუოდა. არაკისი – დიუნი – უდაბნო-პლანეტა.
თუფეა ჰავატმა, მამამისის ასასინთა ოსტატმა, აუხსნა: მათმა მოსისხლე მტრებმა, ჰარკონენებმა, არაკისზე ოთხმოცი წელი დაყვეს. გერიატრიული სუნელის, მელანჟის, მოპოვებაზე გაერთიანება პუვმე-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, პლანეტა მათი საიჯარო ფეოდი იყო. ახლა ჰარკონენები მიდიოდნენ, მათ ჩაანაცვლებდა ატრეიდესების გვარი და პლანეტა მათი მუდმივი ფეოდი ხდებოდა – რაც ჰერცოგ ლეტოს ცხადზე უცხადესი გამარჯვება იყო. მაგრამო, თქვა ჰავატმა, ამ უცხადესობას უდიდესი საშიშროებაც ახლავს, რადგანაც ჰერცოგ ლეტოს ლანდსრაადის წარჩინებული გვარები კარგად იცნობენო.
– ცნობილი კაცი ძლიერთა შურს აღძრავს, – თქვა ჰავატმა.
არაკისი – დიუნი – უდაბნო-პლანეტა.
პოლს დაეძინა და ესიზმრა, რომ არაკენის გამოქვაბულში იყო, მის გარშემო უხმოდ დადიოდა ნათელბურთების ბუნდოვანი შუქით განათებული ხალხი. მწუხარე, ამაღლებული მდუმარება იდგა, როგორც ტაძარში, და წყლის წვეთების ჩუმი წკაპუნი ისმოდა. პოლმა სიზმარშივე იცოდა, რომ გაღვიძებულს ეს ყველაფერი ემახსოვრებოდა. წინასწარმეტყველური სიზმრები ყოველთვის ახსოვდა ხოლმე.
სიზმარი გამკრთალდა და გაქრა.
პოლს გაეღვიძა, თავისი საწოლის სითბოთი და... ფიქრით, ფიქრით მოცულს. ციხესიმაგრე კალადანის სამყარო, რომელშიც არ იყო თამაში, არ იყვნენ მისი ასაკის ამხანაგები, იქნებ არც კი იმსახურებდა, მასთან გამომშვიდობებას რომ დაემწუხრებინა. ექიმმა იუემ, მისმა მასწავლებელმა, მიანიშნა, რომ ფაუფრელუჩესის კლასობრივ სისტემას არაკისზე არცთუ მტკიცედ იცავდნენ. პლანეტა ბინას აძლევდა ხალხს, რომელიც უდაბნოს განაპირას ცხოვრობდა და მასზე არც კაიდი მბრძანებლობდა, არც ბაშარი: ეს ქვიშისნება ხალხია, ფრემენები, რომლებიც იმპერიის ნუსხებში არსად არ არიან აღნიშნულნი.
არაკისი – დიუნი –