1.
პიტერ გოლდსმიტს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩვენთან ისროდნენ. მგონი ერთ-ერთი პირველი უცხოელი იყო, რომელიც თბილისში ჩამოვიდა.
იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფონდების სახელებს, რომლებსაც ის წარმოადგენდა და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში, მე ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ ძველი მეგობრები კი ვართ: გვივლია კიდეც ერთად და რაღაცეებიც გადაგვხდენია.
იმ ღამითაც დამირეკა და მითხრა:
– ჰეი, მეგობარო, შოკში ვარ….
რაღაცნაირი, იმქვეყნიური ხმა ჰქონდა.
– რა იყო?
მართლაც საკვირველია, უცხოელი რომ ნაშუაღამევს გირეკავს.
– თქვენ გიჟები ხართ, საერთოდ!… ბესო წავიდა!
ბესო პიტერის ოფისის მძღოლი იყო. იმერელი ბიჭი, ასე, ჩვენი ხნისა: ყოველთვის გაპარსული იყო და კარგად გაუთოებული უბრალო პერანგი ეცვა.
მე გამეცინა.
– ლამის ყოველ წელიწადს სამსახურს იცვლი და ბესოსი გაგიკვირდა?
ისე, ბესო კარგა დიდხანს იყო პიტერის მძღოლი. ჩუმი ბიჭი იყო, იმერელს დიდად არ ჰგავდა.
– შენ ვერ ხვდები, – დაიკვნესა პიტერმა, – ბესო სადღაც დასაკარგავში წავიდა…, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. დილიდან მატარა, ნაშუადღევს, ოფისში რომ მომიყვანა, მმართველისთვის გასაღებები დაუტოვებია და უთქვამს, პიტერს არ უთხრა, მივდივარო. …მობილური გამორთული აქვს.
– მერე რა? კარგი მძღოლი იყო, მაგრამ იშოვი ახალ კარგ მძღოლს.
– არაფერი გესმის. ბესომ მემუარები დატოვა ჩემთვის გადმოსაცემად. ახლა წავიკითხე ეს მემუარები.
ბესო „thank you “, „yes “ და „of course “ კი ამბობდა ხოლმე გაუბედავად, მაგრამ...
– კი, ინგლისურად დაწერა. ნუ, მე მესმის.… მშვენივრად წაიკითხავ. გამგები გაიგებს,… ეს იცი რა, ახლა ჭკუაზე ვერა ვარ…, ხვალ უნდა მივიდეთ ბესოს სახლში. მოვძებნოთ….
პიტერის შფოთვის ამბავს მერე მივხვდი, როცა ბესოს უბრალო რვეულში ნაწერი წავიკითხე. რვეულს მაიკლ ჯორდანი ეხატა და ეწერა „okul defteri “.
პიტერი თავად დაჯდა იმ თავისი თეთრი ჯიპის საჭესთან და ვარკეთილში დიდხანს ვეძებეთ ის სახლი, სადაც, წესით, ბესოს ოჯახს უნდა ეცხოვრა.
იქ გვითხრეს, რომ ისინი სოფელში დაბრუნდნენ, სოფელში კი არა, პატარა ქალაქში, საიდანაც საშოვარზე იყვნენ წამოსულები.
პიტერმა არ დაიშალა და მაინც იპოვა ბესოს ცოლ-შვილი. იქ არ ჩასულა, მაგრამ ტელეფონით მისწვდა მის ცოლს.
ერთადერთი, რაც შევიტყვეთ, ის იყო, რომ ბესო უცხოეთში წასულა.
როგორც ათასები.
ეს ზოგადი უცხოეთში წასვლა კიდევ უფრო დაგაფიქრებდა კაცს.
მე და პიტერი გამოვთვერით. სხვა რა შეგვეძლო? გამოვთვერით და ბევრი ვილაპარაკეთ. იმდენი ვილაპარაკეთ, რომ იმას ლაპარაკიც აღარ ერქვა, წიგნი გამოვიდოდა.
ოღონდ, ამ ამბავზე წიგნი არ დამიწერია, უბრალოდ, ბესოს რვეული გადმოვთარგმნე. დიდი მთარგმნელი არ ვარ, მაგრამ არც ბესო ჩანდა დიდი მოინგლისურე.
მთავარი ეგ სულაც არ არის, მთავარი ამბავია.
პიტერი კი ყოველდღე საინფორმაციო საიტებს ჩაათვალიერებს და მირეკავს:
– ჯერჯერობით ახალი არაფერია.
და ამოიხვნეშებს.
ისლამ სულთანოვის მამა, ჰუსეინი, ქირბალის ბოლო ხანი იყო. როდესაც კომუნისტები იმ უზარმაზარ შუა აზიას მიადგნენ და გაწითლება დაუწყეს, სულთან ჰუსეინთან მოლაპარაკებები გააბეს და მანამდე ელაპარაკნენ, სანამ არ მოკლეს.
ქირბალი პატარა, მთიანი ქვეყანა იყო და კომუნისტებს იმისთვის თუ სჭირდებოდათ, რომ მის უზარმაზარ მთებზე სამხრეთისაკენ მიმავალი გზები გადიოდა.
მაშინ ისლამ სულთანოვს, უბრალოდ, ისლამი ერქვა და ამ წყნარი ხანის ნაბოლარა ვაჟი იყო. მგონი ოთხი-ხუთი წლისა. თავისი მრავალრიცხოვანი ძმებივით ის მთებს არ შეჰფარებია და არც ავღანეთში ან სპარსეთში გაქცეულა, რადგან ის და დედამისი კომუნისტებმა სწრაფად დაატუსაღეს და მშობლიურ მხარეს მოაცილეს. დედა და ისლამი დიდხანს ისხდნენ მატარებელში, მერე კი ქირბალის სახანოდან ძალიან შორს, ქალაქ თბილისში აღმოჩნდნენ, სადაც ერთ სარდაფში დაასახლეს აღმართ ქუჩაზე და სადაც მათ გვარი – სულთანოვი – მიანიჭეს.
ისლამ სულთანოვი თბილისში, ენგელსის ქუჩაზე დადიოდა რუსულ სკოლაში, დედამ კი ქარგვით გაითქვა სახელი. მას ძველებური სპარსული ოსტატობა ჰქონდა ნასწავლი და ცხვირსახოცებს ქარგავდა და ყიდდა. ასევე, დედამ ენგელსის ქუჩისთვის უცნაური საჭმელების კეთება და მაგარი ჩაის მოდუღება იცოდა და მუშათა სასადილოში დამლაგებლად მუშაობდა.
ისლამ სულთანოვმა ქართული ქუჩაში ისწავლა. იქვე ისწავლა სომხური და ქურთული, ხოლო სპარსული და არაბული თურმე ენის ამოდგმიდანვე იცოდა.
1938 წელს ისლამ სულთანოვი და დედამისი დააპატიმრეს. ისლამ სულთანოვს მაშინ ჩვიდმეტი წელი უსრულდებოდა და იმის შემდეგ დედა აღარ უნახავს. შემდგომი ოცი წელიწადი მან თეთრ ჩრდილოეთში გაატარა.
ქირბალის ქვეყანა იმ დროისთვის ერთი შუააზიური რესპუბლიკის ავტონომიურ ოლქს წარმოადგენდა და ისლამ სულთანოვი ისე დაბერდა, რომ იქ აღარ ჩასულა.
1957 წელს, გადასახლებიდან დაბრუნებისთანავე, მან გაარკვია, რომ დიდ ქალაქებში