მეფე მათიუშ პირველი
ექიმმა თქვა, მეფე სამ დღეში თუ არ გამომჯობინდა, ძალიან ცუდი ამბავი მოხდებაო.
აი, როგორ თქვა ექიმმა:
- მეფე მძიმედ არის ავად და სამ დღეში თუ არ გამომჯობინდა, ცუდი ამბავი მოხდება.
ყველანი დანაღვლიანდნენ. უფროსმა მინისტრმა თვალებზე სათვალე წამოიცვა და იკითხა:
- მაინც რა მოხდება, თუ მეფე არ გამომჯობინდა?
ექიმს არ უნდოდა, პირდაპირ ეთქვა, აი, ეს მოხდებაო, მაგრამ მაინც ყველა მიხვდა, რომ მეფე მოკვდებოდა.
დაძმარებულ-დამწუხრებულმა უფროსმა მინისტრმა სასწრაფოდ თათბირი მოიწვია.
მინისტრებმა დიდ დარბაზში მოიყარეს თავი და გრძელი მაგიდის გარშემო შემოწყობილ სავარძლებში ჩასხდნენ. ცხვირწინ ქაღალდი და ორი ფანქარი ედოთ; ერთი ფანქარი ჩვეულებრივი იყო, მეორე კი ისეთი, ნახევარი ლურჯი რომ არის და ნახევარი - წითელი. უფროსი მინისტრის წინ ზარიც იდო.
მინისტრებმა კარი გასაღებით ჩაკეტეს, ხელი არავინ შეგვიშალოსო, მერე სინათლე აანთეს, დასხდნენ და ჩუმად ისხდნენ, ხმას არ იღებდნენ.
ბოლოს უფროსმა მინისტრმა ზარი დააწკარუნა და თქვა:
ახლა უნდა მოვითათბიროთ, როგორ მოვიქცეთ: ყველამ იცის, რომ მეფე ავად არის და ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია.
ჩემი აზრით, ექიმი უნდა მოვიყვანოთ, რომ გარკვევით გვითხრას, მორჩება მეფე თუ არ მორჩება, - შესთავაზა სამხედრო მინისტრმა.
მინისტრებს ძალიან ეშინოდათ სამხედრო მინისტრისა და ყველაფერს უჯერებდნენ. დაუჯერებდნენ, მაშ რა იქნებოდა, სულ ხმლითა და რევოლვერით დადიოდა.
- კარგი, მოვიყვანოთ ექიმი, - დაეთანხმნენ მინისტრები და მაშინვე კაცი აფრინეს ექიმთან, მაგრამ ექიმი აბა როგორ მოვიდოდა, სწორედ იმ წუთს მეფისთვის ოცდაოთხი კოტოში უნდა დაესვა.
მეტი რა გზაა, უნდა დაველოდოთ, - ბრძანა უფროსმა მინისტრმა, - ვიდრე ექიმი მოვიდოდეს, მოიფიქრეთ და თქვით, როგორ მოვიქცეთ, თუ მეფე მოკვდება.
მე ვიცი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. - კანონით, მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ადის მისი უფროსი ვაჟიშვილი, ამიტომაც ეძახიან მას ტახტის მემკვიდრეს. თუ ჩვენი მეფე მოკვდება, ტახტზე დაჯდება მისი უფროსი ვაჟიშვილი.
მეფეს რომ მხოლოდ ერთი ვაჟიშვილი ჰყავს?
მეტი არც არის საჭირო.
კარგი, მაგრამ მეფის ვაჟიშვილი ხომ პატრა მათიუშია! იმან როგორ უნდა იმეფოს, ჯერ წერაც არ იცის!
რას ვიზამთ, - უპასუხა იუსტიციის მინისტრმა. - ჩვენს სახელმწიფოში ამნაირი ამბავი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ესპანეთში, ბელგიასა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში ყოფილა შემთხვევა, როცა მეფე მომკვდარა, ტახტის მემკვიდრედ მცირეწლოვანი შვილი დარჩენია და სწორედ ეს ყმაწვილი გამეფებულა.
მართალია, - დაუდასტურა ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრმა. - საფოსტო მარკებიც კი მინახავს, რომლებზედაც ასეთი პატარა მეფის სურათებია გამოხატული.
მაგრამ, ბატონებო, ხომ არ შეიძლება, რომ მეფემ არც წერა იცოდეს და არც ანგარიში, არც გეოგრაფია და არც გრამატიკა! - შეიცხადა განათლების მინისტრმა.
მეც ასე ვფიქრობ, - მხარი აუბა ფინანსთა მინისტრმა. - როგორ უნდა იანგარიშოს, როგორ უნდა ბრძანოს, ამდენი და ამდენი ფული მოჭერითო, თუ გამრავლების ტაბულა არ ეცოდინება?
ყველაზე სამწუხარო კი მაინც ის არის, რომ ასეთი პატარა მეფისა არავის შეეშინდება,- შეფიქრიანდა სამხედრო მინისტრი. - ხელში როგორ უნდა დაიჭიროს ჯარისკაცები და გენერლები?
მე მგონი, ჯარისკაცებს კი არა, ასეთი ერთი ბეწო მეფისა არავისაც არ შეეშინდება, - დაეთანხმა სამხედრო მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრი, - სულ გაუთავებელი გაფიცვები და აჯანყებები იქნება ჩვენს ქვეყანაში. იცოდეთ, კარგს არაფერს მოელოდეთ, თუ მათიუში დასვით მეფედ.
მე არ ვიცი, მაშინ რა მოხდება, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ, კანონის ძალით, მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტზე უნდა ავიდეს ძე მეფისა! - გაიმეორა სიბრაზისაგან ერთიანად აჭარხლებულმა იუსტიციის მინისტრმა.
მაგრამ მათიუში ხომ ძალიან პატრააა! - ერთხმად იყვრიეს მინისტრებმა. ალბათ საშინელი ჩხუბიც ატყდებოდა, ამდროს დარბაზში უცხოეთის ელჩი
რომ არ შემოსულიყო.
შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მინისტრებს კარი გასაღებით ჰქონდათ დაკეტილი და უცხოეთის ელჩი დარბაზში როგორ შევიდაო, მაგრამ აი რა უნდა გითხრათ: ექიმის მოსაყვანად კაცი რომ აფრინეს, კარის ჩაკეტვა დაავიწყდათ. ზოგიერთები შემდეგში იმასაც ამბობდნენ, აშკარა ღალატი იყოო, იუსტიციის მინისტრმა იცოდა, რომ უცხოეთის ელჩი უნდა მოსულიყო, და კარი ღია განგებ დატოვაო.
- საღამო მშვიდობისა! - მიესალმა ელჩი მინისტრებს. - მე აქ ჩემი მეფის სახელით გეახელით და მოვითხოვ მათიუშ პირველის გამეფებას, ხოლო თუ თქვენ ამას არ ინებებთ, ომი არ აგცდებათ.
უფროს მინისტრს ძალიან შეეშინდა, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, ვითომ იმას სულაც არაფერი ესაქმებოდა და არც არავინ არაფერს ეკითხებოდა, თან ფურცელზე ლურჯი