გურიის რესპუბლიკა
წინასიტყვაობა
გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო რევაზ მახარაძეს და ნანა თევზაძეს.
ასევე ნონა იმნაძეს, ლევან ბრეგაძეს, ალექსანდრე მიქაბერიძეს, გრიგოლ მახარაძეს, დიმიტრი სილაქაძეს, ქართული ემიგრაციის მუზეუმს - რუსუდან კობახიძეს და დოდო კორსანტიას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და გიორგი კეკელიძეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და ნათია კალანდაძეს, მამუკა ხანთაძეს, ასევე ყველას, ვინც მასალების მოძებნაში დამეხმარა.
წიგნში გამოყენებულია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ჯეოსელის" ერთობლივ პროექტ "ციფრულ ფოტომატიანეში", თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცული ფოტოები.
ირაკლი მახარაძე
"რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს".
გურულ მეამბოხეთა გამოთქმა
"გურულს იარაღი ხელში და წინ მტერი, - აი, მისი საქმე".
გიორგი წერეთელი
საყვარელო გურია!
შენი ნახვა მწყურია,
შენს კალთაში მიმიღე,
სიტყვა გითხრა ძმურია.
შენზე შეყვარებულსა,
გულში არ მაქვს შურია,
როგორ გაჩნდი ამქვეყნად,
ასე უცნაურია?(1)
საქართველოს სხვა კუთხეებისგან გამორჩეულია ბუნებით უხვად დაჯილდოებული გურია და მისი მცხოვრებლები - ამაყი, ფიცხი, მეამბოხე და კეთილშობილი გურულები, რომლებიც "საგრძნობლად განსხვავდებიან კიდეც თავიანთი ნათესავებისგან. თუ სხვა კუთხის ქართველები უპირატესად ვაჭრები არიან – პროფესიით და ხასიათითაც, - გურია ხელოვანთა(2) ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა", - ასე წერდა გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი(3). მამაჩემი ხუმრობით იტყოდა ხოლმე, გურულები ან ჯანყდებოდნენ და ომობდნენ, ან რევოლუციონერობდნენ, ან მთავრობაში ისხდნენ, ან ამერიკაში ჯირითობდნენ, ან კიდევ ტყეში იყვენ ფირალებად გავარდნილებიო; მარა, დაამატებდა, პირველობას არავის უთმობდნენო. მის სიტყვებში იყო ჭეშმარიტების მარცვალი. ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები ერთ-ერთი მთავარი ვიოლინოს პარტიას ასრულებდნენ, განსაკუთრებით ეს გამოიხატა XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა მხარეში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდისა და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ მათგანს არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორიც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სანამ უშუალოდ ამბის მოყოლას დავიწყებდე, გურიის შესახებ მცირე გეოგრაფიულ-ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ. გურია ძველთაგან ერქვა საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონს, რომლის საზღვრებს წარმოადგენდა: დასავლეთით - შავი ზღვა, ჩრდილოეთით - მდინარე რიონი, აღმოსავლეთით - აჭარა-გურიის ქედი და სამხრეთით - მდინარე ჭოროხი. "წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, - წერდა იაკობ გოგებაშვილი "ბუნების კარში" (1912 წელი), - გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე – ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის მხოლოდ 100 000"(4). XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთ ნაწილი (გონიოს მხარე) და მაჭახელაც შედიოდა. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა XVI საუკუნეში ტრაპიზონი და სამხრეთ საქართველო (ახლაციხის მხარე) დაიპყრეს, გურია ოსმალეთის მოსაზღვრე გახდა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გურიას ჩამოეჭრა მისი სამხრეთი ნაწილი, დღევანდელი აჭარა, სადაც ოსმალებმა საბოლოოდ მოიკიდეს ფეხი და მაჰმადიანობა გაავრცელეს. 1829 წლის ადრიანოპოლის ტრაქტატით ოსმალეთ-გურიის საზღვრად დადგინდა მდინარე ჩოლოქი(5). ჩრდილოეთით გურიას სამეგრელოს სამთავრო ესაზღვრებოდა. ამ სამთავროებს მდინარე რიონი ყოფდა. დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ წინათ გურიის საზღვარი იყო მდინარე რიონის მარცხენა ნაპირი და ფოთი პალიასტომის ტბასთან ერთად მის შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომ ხანაში საზღვარი მდინარე ფიჩორზე იყო გადმონაცვლებული.(6)
პირველად გურია საისტორიო წყაროებში VIII საუკუნეში მოიხსენიება. მემატიანის ცნობით, მურვან ყრუს შემოსევისას (735-738 წლები) უკანდახეულმა არაბებმა გაიარეს "გზა გურიისა".(7) აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაზე მწირი ცნობებია შემონახული. თედო სახოკიას თქმით, "მოგზაურებს ეს კუთხე საქართველოსი, როგორღაც ყოველთვის განზედა რჩებოდათ".(8) ქართული დემოგრაფიული ძეგლების ზოგადი შეფასებისას და მოსახლეობის აღწერის დავთრების მნიშვნელობის კვლევისას, ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ზოგიერთ კუთხეთა მსგავსად, გურიის არც ერთი აღწერის დავთარი არ მოიპოვება.(9)
თავად ტერმინ "გურიის" ეტიმოლოგიის დადგენას ვახუშტი ბაგრატიონიდან მოყოლებული მრავალი მეცნიერი თუ ისტორიკოსი ცდილობდა, მას მრავალი ახსნა-განმარტება აქვს. მარი ბროსეს აზრით, ეს ტერმინი მომდინარეობს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებიდან "გუარე". ნიკოლოზ ბერძენიშვილი ფიქრობდა, რომ გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. არის ასეთი ვარაუდიც, რომ "გურია" ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის წყაროებში