კაცი I-VI თავი თავი I
წვიმს. უპატრონო მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის მეორე სართულზე შეღებულ სარკმლიდან ოზონით გაჯერებული სურნელი, ქარით მობერილ წვიმის ნამთან ერთად ეფინება ფანჯარასთან ახლოს, ინვალიდის ეტლში მჯდომ შუახნის ავადმყოფი მამაკაცის სახეს, მაგრამ თუკი გულმოდგინედ დააკვირდებით, გაგიჭირდებათ დაჯერებით თქვათ, რა უფრო მეტად ასველებს მის ნაადრევად დამჭკნარ სახეს,რომელიც დროდადრო ნერვიულად უთრთის, წვიმის შხეფი თუ დახუჭული თვალებიდან ჩამოდენილი ცრემლის ნიაღვარი? გადაუღებლად წვიმს...წვიმის ხმას კი ადვილად მივყავართ წარსულში.
,,გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ სასამართლო მობრძანდება! “ - ღრუბლებიდან გასროლილ ელვასა და გრუხუნთან ერთად გაისმა დარბაზში სასამართლო მდივნის უსიამოვნო ხმა. ,,გთხოვთ დაბრძანდით! “ -- მიმართა სასამართლომ ხალხს და თვითონ სამთავა გველეშაპივით კაკლის ხისგან გამოთლილ მაღალზურგიან სავარძლებში ჩაესვენა. ,,ერთი მიკეტე ეგ ფანჯარა, თორემ წაგვიღო და ეგ არის “ -- თხოვნით მიმართა მილიციის მორიგე ოფიცერს სასამართლოს თავმჯდომარემ.
საბჭოური სასამართლო სამი ადამიანისაგან შედგებოდა. ,,აბა დაიწყეთ! “ - ეხლა უკვე პროკურორს მიუბრუნდა. ,,ამხანაგო მოსამართლე, ამხანაგო სახალხო მსაჯულებო, სასამართლოს წევრებო, დამსწრე საზოგადოებავ, ამხანაგებო. მე მინდა დაწვრილებით განგიმარტოთ საქმის ვითარება. საქმის ვითარება კი შემდეგშია: აი ეს არასრულწლოვანი ყმაწვილი, რომელიც დღეს საბრალდებო სკამზე ზის, არ დაიჯერებთ და არც ბევრი არც ცოტა, წარმოადგენს ჩვენი საბჭოური ცხოვრების წესისა და მშობლიური პარტიის მომავალი იდეების განხორციელების წინააღმდეგ მომქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს. ჯგუფისა, რომელიც მან თავის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა, მართალია წევრების რაოდენობა ამ ეტაპზე ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ რაც მთავარია, გამოკვლეული და დადგენილია მათი დანაშაულებრივი მოქმედება. “ - ცოტაოდენი პაუზა აიღო წყლის დასალევად პროკურორმა. ,,კერძოდ რაში გამოიხატება ეს ორგანიზატორობა, როგორც მე ვხედავ ამ საქმეში სხვა პირები არსად ჩანან? “ - სათვალე ასწია და ისე ჩაეკითხა ერთერთი სახალხო მსაჯული, რომელიც ბრალდებულის ოჯახის ახლობელი გახლდათ. ,,სწორედ გასაკვირი აი ეს არის, რომ ვერ შევძელით ამ ყრმაწვილისაგან რაიმე ჩვენების მიღება, რანაირად არ დავამუშ... უკაცრავად გავესაუბრეთ, მაგრამ ნურასუკაცრავად, ერთი სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ “ ,, აბა რას ემყარება ბრალდება? “ -- ახლა უფრო მკაცრი ტონით მიმართა იგივე მსაჯულმა. ,,როგორ თუ რას?-- ცოტა იწყინა პროკურორმა. ,, მოწმეების ჩვენებებს. კერძოდ: სკოლის დირექტორის, მასწავლებლების ჩვენებას, მისი კარის მეზობლისა და მისი მეგობრის მშობლის ჩვენებას. “ -- ოფლი მოიწმინდა პროკურორმა. ,,განაგრძეთ,განაგრძეთ... “ -- გაამხნევა პროკურორი თავმჯდომარემ. ,,მოწმეთა ჩვენებიდან იკვეთება შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ: ეჭვმიტანილი ხშირად ესწრებოდა ,,მუშტაითის ბაღში “ ვინმე ცხვირმიჭყლეტილი გიასა და სქელი ირაკლის მეტსახელად ,,კიკას ” ანტისახემწიფოებრივ თემაზე მიმდინარე შეკრებებს, რისთვისაც სისტემატურად აცდენდა სკოლას. აგრეთვე, მისი სახლიდან,მეზობლების გასაგონადაც კი, ხშირად ისმოდა, მთავრობის გინება და ანეგდოტები პოლიტიკურ თემებზე, თქვენ წარმოიდგინეთ თვით ლეონიდ ილიას ძეზეც. მისი მეგობრის მშობელი ადასტურებს, რომ იგი დასცინოდა მის შვილს და სისტემატურად აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცყოფას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი შვილი არ თანხმდებოდა ეჭვმიტანილს, მის დანაშაულებრივ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რისთვისაც იგი რამოდენიმეჯერ მძიმედ გაილახა კიდეც. მოკლედ, რომელიერთი ჩამოვთვალო, ასეთი ფაქტები ამ საქმეში ძალიან ბევრია და ბოლოს მთავარი დანაშაულებრივი ქმედება ამხანაგებო! ამ თვის დასაწყისში, ერთ საღამოს მან გადაწყვიტა თავს დასხმოდა მისი სკოლის დირექტორის კაბინეტს და გაენადგურებინა იგი. რაც მან წარმატებით დაგეგმა და შეასრულა კიდეც. ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ აირჩია მან თავდასხმის ობიექტად დირექტორის კაბინეტი არა? ეხლავე მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ ეს კაბინეტი ამავე დროს წარმოადგენს ჩვენი დიდი ბელადის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ისტორიულ კაბინეტსაც და მოგეხსენებათ ამ ვანდალური თავდასხმის შედეგად განადგურებული იქნა იქ არსებული წმინდა ექსპონანტები, ,,მოჟნო სკაზატ სვეტოე სვიტიხ “ ამხანაგებო! აბა რა გასაკვირია, როცა ეს ვაჟბატონი კომკავშირის წევრიც კი არ არის, არადა წელს სკოლას ამთავრებს. საინტერესოა რაზე ფიქრობენ სკოლაში, შეიძლება ასეთი გულგრილობა გზააცდენილი მეგობრის ცხოვრების მიმართ, ბოლოსდაბოლოს სად არის სკოლის პარტიული და კომკავშირული ორგანიზაციების ხემძღვანელ პირთა პირადი პასუხისმგებლობა. ასეთი რამ საბჭოური სკოლისთვის ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, ამხანაგებო?! - პროკურორმა მაღალფარდოვან ნოტაზე სცადა დაემთავრებინა თავისი გამოსვლა.