წიგნები, ადამიანები, ეპოქები მითხარი, რომელია შენი საყვარელი წიგნი და გეტყვი, როგორი ადამიანი ხარ შენ. თუ დეტექტივების მოყვარული ბრძანდები, ჯერ კიდევ ძიებაში ხარ; თუ თრილერი მოგწონს, მაშინ მძაფრ შეგრძნებებს ეძებ, ხოლო თუ ექსპერიმენტები გიზიდავს, მაშინ თანამედროვე ლიტერატურა შენთვისაა. მიდის დრო. იცვლება ეპოქები, გემოვნება, შეხედულებები, მიდგომები, აზროვნება. ვითარდება ტექნოლოგიები, სამყარო სხვაფერდება. ამ ცვლილებებს არც წიგნები ჩამორჩებიან, წიგნებიც ისევე იცვლებიან, როგორც ადამიანები, რადგან წიგნებს ეს შეცვლილი ადამიანები ქმნიან და კითხულობენ. ახალი ლიტერატურული მიმდინარეობების შექმნა და მერე სიკვდილი სწორედ ამ ცვლილებებს ასახავს. მხოლოდ მათი ანალიზითაც კი შეიძლება ეპოქების დახასიათება, მათი თავისებურებების გამოყოფა. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში მეთვრამეტე საუკუნეში რომანტიზმი იყო მწერლებისა და პოეტებისთვის სათქმელის გადმოცემის ყველაზე კომფორტული და მისაღები საშუალება, თვალწინ დაგვიდგება საქართველო მეთვრამეტე საუკუნეში - სენტიმენტებით, ბუნების იდეალიზებით და ცალმხრივი ან ორმხრივი მტანჯველი სიყვარულით. მეცხრამეტე საუკუნემ სამშობლოს სიყვარულის გამძაფრებული შეგრძნება და პატრიოტიზმის აღ მასვლა მოიტანა. კომუნისტური ეპოქის დასაწყისს კი დაემთხვა მოდერნიზმი, ყველაფერი სიმბოლო გახდა, ქვეტექსტები, დაფარული და დაშიფრული გრძნობები, ამბოხი. სიკვდილი და პოეზია, სიკვდილი და წიგნები გაერთიანდნენ... საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და მწერლობამაც ამოისუნთქა. უფრო მეტი თემა შემოვიდა, მეტი თავისუფლება, მეტი ექსპერიმენტი, მეტი გაქანება. პოსტმოდერნიზმი შემოიჭრა და წალეკა ქართული ლიტერატურული სივრცე. იმდენად ძლიერი და ხანგრძლივი გამოდგა პოსტმოდერნიზმის გავლენა, რომ დღემდე იგრძნობა. ლექსმა თავი დააღწია რითმას და გათავისუფლდა. აზრი და შინაარსი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ფორმა. და რა ხდება დღეს, ამ საოცარ ეპოქაში, როდესაც ვირტუალური სამყაროთი ჩანაცვლდა ჩვენი რეა ლური ცხოვრების უმეტესი ნაწილი? დღეს პოსტ-პოსტმოდერნიზმის ეპოქა უნდა იყოს. სოციალური ქსელების, ინტერნეტის ეპოქა. დღეს ძალიან მარტივი გახდა წიგნის დაწერა, შენი ტექსტის მკითხველისთვის გაზიარება. მთელი მსოფლიო ერთ მოწყობილობაში მოთავსდა. ყველაფერი აირია, ჟანრებიც, მიმდინარეობებიც... ზოგიერთმა მწერალმა გადაწყვიტა, ამ ყველაფერს დაპირისპირებოდა, ან პირიქით - პედანტური სიზუსტით აღეწერა. ხდება ის, რომ დრო აღარ რჩება, ვირტუალურმა რეალური ჩაანაცვლა, ადამიანური ურთიერთობები ჩვეულებრივ საბაზრო პროდუქტად იქცა. თითქოს სიყვარულიც მექანიკური ჩვევა გახდა, რაღაც კბილების გამოხეხვის მაგვარი, გულგრილობამ დაისადგურა ირგვლივ, ემოციებს ყვითელი კაცუნებით გამოვხატავთ... ზოგიერთმა მწერალმა ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად ფანტასტიკას მიაშურა და სულ სხვა სამყაროების შექმნასა და აღწერას მიჰყო ხელი. მათ მკითხველის არმიაც შეუერთდა - ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა ძალიან პოპულარული გახდა. ქართულ მწერლობაშიც ქართული მითოლოგია ახალი ძალებით და ახალი მიმართულებებით შემოიჭრა. მსოფლიოს თითქმის ყველა კარგი წიგნი ფილმად იქცა, ხშირად ფილმი უსწრებს წიგნს. ვიზუ ალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ადამიანებს დრო აღარ რჩებათ კითხვისთვის, სჯობს ფილმი ნახო. თუმცა ვიზუალიზაციამ და გრაფიკულმა გამოსახვამ განსხვავებული როლიც იკისრა და საერთოდაც ახალ მიმართულებებს ჩაუყარა საფუძველი, მაგალითად, კომიქსები თუ გრაფიკული რომანები. როცა ყველა ემოცია უკვე მოძველებულია, ვადაგასული და დრომოჭმული, როცა ათასგვარი სპეცეფექტებითა და სენსაციებით თავბრუდახვეულ მკითხველს ტრადიციული ტექსტი გრძნობებს ვეღარ აუშლის, მაშინ ტექსტს ნახატიც უნდა მიჰყვეს და ნათქვამი გამოიხატოს. პოეზიამ გვერდზე გადადო ბანალურად ქცეული შეგრძნებები და შეეცადა, ყოველდღიური წვრილმანების აღწერით გადმოეცა საკუთარი სათქმელი. მოკლედ, დღეს დიდი არჩევანია. პოეტებსა და მწერლებს საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაცია და მკითხველის მოძიება უკვე თავად შეუძლიათ. ბუქსითის მეათე ნომერში გაეცნობით ინტერვიუს ფსიქოლოგ დავით ანდღულაძესთან პროფესიების არჩევასთან დაკავშირებით, ინტერვიუს მიშელ უელბეკთან, ბავშვებში კითხვის უნარის განვითარების ეტაპებს, ნათია როსტიაშვილის მოთხრობას, ბარბარე ჯორჯაძის კულინარიულ ენციკლოპედიას და კიდევ ბევრ შესანიშნავ წიგნსა თუ ავტორს. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არ დაგვავიწყდეს: წიგნები მხოლოდ წაკითხვის შემდეგ ხდებიან წიგნები, და მაშინ შეუძლიათ იფრინონ კიდეც, როგორც ეს მისტერ მორის ლესმორს შეემთხვა; რომ ყველაზე უმნიშვნელო ამბავსაც კი აქვს არსებობის უფლება. წაუკითხეთ ბავშვებს მორისის ისტორია და ერთად იმსჯელეთ იმის შესახებ, როგორ ავსებენ წიგნები და ამბები ფერებით შავ-თეთრ ადამიანებს, შავ-თეთრ სამყაროებს.
ჟურნალი წიგნების მაღაზია „ ბუქსითის “ და „ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების “ ერთობლივი პროექტია, რომელიც ფონდ „ ღია საზოგადოების “ მხარდაჭერით გამოიცემა.
ინა იმედაშვილი