1
შუაღამის ორი საათი იქნებოდა, როდესაც აფორიაქებულმა როუზმერი დემფსიმ თვალი გაახილა და ოდნავ შეირხა. როდესაც წინ მნიშვნელოვანი დღე ელოდა, შეშფოთებულს ეღვიძებოდა ხოლმე და მოუსვენრობა იპყრობდა, ცუდი რაღაც არ მოხდესო.
ბავშვობიდან ასე დასჩემდა და ახლაც, ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკში, იღბლიანი ქორწინებიდან ოცდათორმეტი წლის შემდეგ, როდესაც ერთადერთი შვილი, ცხრამეტი წლის ლამაზი და ნიჭიერი გოგონა სიუზენი ჰყავდა, იგივე გრძნობა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, მოსვენებას არ აძლევდა. იგი პირწავარდნილი კასანდრა(კასანდრა - ძველ ბერძნულ ეპოსში: ტროის მეფე პრიამეს ქალიშვილი, წინასწარმეტყველი; მის ავის მომასწავებელ წინასწარმეტყველებას არავინ უჯერებდა, თუმცა ყოველთვის მართლდებოდა.) იყო.
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დედა, - გაიფიქრა როუზმერიმ, - დიდი მადლობა, რადგან ყოველთვის ღელავდი, რომ ანანასის ნამცხვარი, რომლის გამოცხობაც მამის დაბადების დღისთვის მიყვარდა, არ გამომივიდოდა. რვა წლის ვიყავი, როდესაც ის ნამცხვარი პირველად გამოვაცხვე და გამიფუჭდა, მაგრამ შემდეგ წლებში მშვენივრად ვაცხობდი და ძალიანაც ვამაყობდი, რომ გამომდიოდა. მხოლოდ თვრამეტი წლის ვიყავი, როდესაც გამიმხილე, სათადარიგო ნამცხვარს მეც ვაცხობდიო. ამან ისე გამაოგნა და გამაბრაზა, რომ ჩემი ნამცხვარი სანაგვე ყუთში მოვისროლე.
შენ გაგეცინა და ბოდიშის მოხდა სცადე. იცი, როუზი, - მითხარი მაშინ, - ბევრ რამეში ხარ ნიჭიერი, მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსი შენი საქმე ნამდვილად არ არისო.
მერე თურმე ხეირიანად არც სხვა საქმის კეთება შემეძლო.
„როუზი, საწოლის დალაგებისას გადასაფარებელი თანაბრად უნდა იყოს ორივე მხარეს დაშვებული, ამაზე მხოლოდ ერთი ზედმეტი წუთი დაგეხარჯება და სულ ესააო, - მარიგებდი შენ, - ჟურნალს რომ წაიკითხავ, მაგიდაზე არ დატოვო, სხვა ჟურნალებთან ერთად დადეო“.
ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, წვეულება როგორ გავმართო და ნამცხვრის გამოცხობასაც მშვენივრად ვახერხებ, თავს მშვიდად მაინც ვერასოდეს ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რაღაც ისე არ ჩაივლის, როგორც საჭიროა“, - გაიფიქრა ქალმა.
მაგრამ დღეს ქალს აფორიაქების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. ჯეკის მესამოცე დაბადების დღე იყო და საღამოს სამოცამდე სტუმარი ეწვეოდათ. ფირმა, რომელიც ბანკეტებს ემსახურება ხოლმე, უკანა ეზოში სტუმრებს კოქტეილებსა და ა-ლა-ფურშეტს შესთავაზებდა. სინოპტიკოსებიც მშვენიერ ამინდს, მზიან დღესა და ოცდაერთ გრადუსს წინასწარმეტყველებდნენ.
7 მაისი იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სილიკონის ველზე ყვავილები იფურჩქნებოდა. ოცდათორმეტი წლის წინ სან-მატეოში ჩამოსვლის შემდეგ მათ ორი სახლი გამოიცვალეს, ხოლო მესამე, რომელშიც ახლა ცხოვრობდნენ, ტოსკანური სტილის ვილა გახლდათ და მათი ოცნების სახლს წარმოადგენდა. როდესაც შენობასთან მისასვლელ გზაზე გადაუხვევდა ხოლმე, ქალს ყოველთვის გული აღტაცებითა და სიხარულით ევსებოდა.
- ყველაფერი კარგად იქნება, - მოუსვენრად შეუძახა ქალმა თავს, - ჯეკისთვის შოკოლადის ნამცხვარს გამოვაცხობ და, რა თქმა უნდა, საუცხოო ნამცხვარი გამოვა. მეგობრები კარგ დროს გაატარებენ და მეტყვიან, რომ ჩემით აღფრთოვანებულები არიან. „ჩინებულ წვეულებებს მართავ ხოლმე, როუზი... ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო... სახლიც კოხტა და ნატიფი გაქვთ...“ და ასე შემდეგ. მე კი ამ დროს შინაგანად შეშფოთებული ვიქნები, შეშფოთებული და განერვიულებული.
ფრთხილად, ისე, რომ ჯეკი არ გაეღვიძებინა, ქალი გვერდზე გადაბრუნდა და უნებურად ჯეკის მხარს შეეხო. კაცი თანაბრად სუნთქავდა და უშფოთველად ეძინა. ასეთ ძილს ნამდვილად იმსახურებდა, რადგან ბეჯითად და თავდაუზოგავად მუშაობდა ხოლმე. როდესაც როუზმერის სურდა, აფორიაქება დაეძლია და დაწყნარებულიყო, ცხოვრებაში თავსგადახდენილ სასიამოვნო ამბებს იხსენებდა ხოლმე. ამჯერად ქალს გონებაში ის დღე წამოუტივტივდა, როდესაც ჯეკს მარკეტის უნივერსიტეტის ეზოში შეხვდა. მაშინ როუზმერი ბაკალავრიატის სტუდენტი იყო, ხოლო ჯეკი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც ამბობენ ხოლმე, მათ დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი და როდესაც როუზმერიმ კოლეჯი დაამთავრა, დაქორწინდნენ. ჯეკი ახალი ტექნოლოგიებით იყო გატაცებული და საუბარში ხშირად ახსენებდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: რობოტები, ტელეკომუნიკაციები, მიკროპროცესორები და ინტერნეტი. ერთ წელიწადში ცოლ-ქმარი ჩრდილო კალიფორნიაში გადასახლდა.
„ყოველთვის მინდოდა, მილუოკიში გვეცხოვრა, - გაიფიქრა როუზმერიმ, - იქ გადასვლაზე არც ახლა ვიტყოდი უარს. უმეტესობისგან განსხვავებით მე ცივი ზამთარი მიყვარს. თუმცა სამდურავი არც აქაურობაზე მეთქმის. იმედი ნამდვილად არ გაგვცრუებია. ჯეკი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ იურიდიულ განყოფილებას უდგას სათავეში და სიუზენიც აქ დაიბადა. ათ წელზე მეტხანს ველოდით და ვლოცულობდით, ვიდრე ის ამ ქვეყანას მოევლინებოდა“.
როუზმერიმ ამოიოხრა. სამწუხაროდ, სიუზენი, მათი ერთადერთი შვილი, თხემით ტერფამდე კალიფორნიელი იყო და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ვერც წარმოედგინა. როდესაც სიუზენმა გასულ წელს სწავლის გასაგრძელებლად კალიფორნიის უნივერსიტეტი აირჩია, რომელიც მანქანით ხუთი საათის სავალზე იყო, როუზმერი ამ ამბავმა ააღელვა, მაგრამ სცადა, უსიამოვნო ფიქრები თავიდან მოეცილებინა. სტენფორდის უნივერსიტეტში, რომელიც სახლთან უფრო ახლოს იყო, სიუზენი