The Armory Show – მოდერნისტული ხელოვნების პირველი გამოფენა ამერიკაში
1913 წლის 17 თებერვალს, ასი წლის წინ ნიუ – იორკში გაიხსნა გამოფენა, რომლითაც ამერიკაში მოდერნისტული ხელოვნების აღიარება დაიწყო. ექსპოზიცია ამერიკის ნაციონალური გვარდიის არსენალის სივრცეში მოეწყო და სათაურიც აქედანვე მიიღო – The Armory Show. ორგანიზება ამერიკელ მხატვართა და მოქანდაკეთა ასოციაციამ განახორციელა, გამოფენის სლოგანი კი ასე ჟღერდა – „ ახალი სული “ (The New Spirit) და რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელოვნებაში არ გულისხმობდა რევოლუციურ განწყობას; ეს იყო ახალი დროების, ეპოქის დასაწყისის განცდა, დამუხტული ენერგიითა და თავისუფლების მოლოდინით. გამოფენის ლოგოდ ფესვებიანი ფიჭვის ხე აირჩიეს, რომელიც მასაჩუსეტის დროშაზე იყო გამოსახული ამერიკული რევოლუციის დროს. გამოფენაზე დაახლოებით 1300 ნამუშევარი გამოიტანეს და მათგან რამდენიმემ ამერიკული საზოგადოების შოკი გამოიწვია. ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისა იყო ის ფაქტი, რომ ამ დროს მეტროპოლიტენ მუზეუმმა თავისი კოლექციისთვის სეზანის ტილო შეიძინა და გზა გაუხსნა მოდერნისტული ხელოვნების სათავეებში მდგომი მხატვრების ნამუშევრების ოფიციალურ ინსტიტუციებში შესვლას, რომელთა კოლექციაში მანამდე მხოლოდ ისტორიული ექსპონატები, ტრადიციული ფერწერა და ამერიკული რეალიზმის ნიმუშები იყო. ევროპაში მოდერნისტულ ხელოვნებასთან შეგუება უკვე ნელ – ნელა იწყებოდა. The Armory Show – მდე სამი წლით ადრე ბრიტანელმა მხატვარმა და არტ კრიტიკოსმა როჯერ ფრაიმ, რომელიც ასევე ავტორია ტერმინისა პოსტ იმპრესიონიზმი, ლონდონში მოაწყო ფრანგი მხატვრების დიდი გამოფენა – მანე და პოსტ იმპრესიონიზმი. აქ გამოფენილ მხატვრობას ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულად აკრიტიკებდა და „ ხელოვნებად “ არ თვლიდა, თუმცა მათი მიღების პროცესი უკვე დაწყებული იყო. The Armory Show კი უკვე სხვა მასშტაბის გამოფენა იყო და მის გახსნაზე დაახლოებით 4000 ვიზიტორი მივიდა. აქ პირველად დაუკავშირდა სიტყვა „ ავანგარდი “ ხელოვნებას, ხოლო პუბლიკისთვის სრულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა მატისის „ ცისფერი შიშველი ნატურა “ და „ წითელი სტუდია. “ ამერიკელ დამთვალიერებელს, რომლის თვალი აკადემიურ, ანტიკური ქანდაკებების მოდელის მიხედვით შესრულებულ შიშველ ნატურებს იყო მიჩვეული, აქამდე მსგავსი რამ არ ენახა, – პლასტიურობის სრულიად ახლებური ხედვა, კაშკაშა ფერების მძაფრი ექსპრესიულობა. ასევე განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია მარსელ დიუშანის კუბისტურ – ფუტურისტულ მოტივებზე აგებულმა ფერწერამ – „ სხეული რომელიც ეშვება კიბეზე. “ ეს მისი პირველი წინააღმდეგობრივი ნამუშევარი იყო და ის ჯერ კიდევ კუბისტებმა დაიწუნეს, როგორც „ არასაკმარისად კუბისტური “ და სათაურის შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დიუშანმა უარი განაცხადა და მისივე თქმით მას შემდეგ არტისტთა ჯგუფებში მონაწილეობის ინტერესი საერთოდ დაკარგა. გამოსახულება ფრაგმენტირებულ ფორმას აჩვენებს, მოძრავი გამოსახულების ეფექტით. The Armory Show – ზე მას შეარქვეს „ აფეთქება სახურავების ქარხანაში. “ მოძრავი გამოსახულება ზოგადად ახალი საკვლევი თემა იყო იმ პერიოდის ვიზუალური ხელოვნების სფეროსთვის. მთლიანად ეს გამოფენა ილუსტრაცია იყო იმ ცვლილებების დასაწყისისა, რაც ხელოვნების აღქმასა და მის გაგებაში ხდებოდა. აშკარა იყო, რომ ეს რადიკალურად მოაზროვნე მხატვრები სხვა მშვენიერებასა და ახალ ჭეშმარიტებას ეძებდნენ. გამოფენა შემდეგ ჩიკაგოში გადაიტანეს, მანამდე კი ის უამრავმა ადამიანმა მოინახულა და დილერების დაინტერესებაც გაჩნდა. დღეს რთული გასაგებია რა იყო ასეთი გამაოგნებელი ამ ხელოვნებაში, – თანამედროვე ადამიანი ვიზუალური ინფორმაციის ძალიან დიდსა და მრავალფეროვან ნაკადს არის მიჩვეული და ერთგვარ იმუნიტეტესაც ფლობს, მაშინ კი განსხვავებული ფორმების შემოსვლა მტკივნეულად ხდებოდა. ახალი ხელოვნება მაშინ ტრადიციასთან სრულ დაშორებას ნიშნავდა, ტრადიციული აკადემიური მხატვრობა კი საუკუნეების მანძილზე ავითარებდა რეალობის ისეთი ილუზიის შექმნას, სადაც მონასმის კვალიც არ უნდა ყოფილიყო და ტილოზე გამოსახული „ ნამდვილისგან “ ვერ უნდა გაგერჩიათ. ტექნიკური ოსტატობის მაღალი ხარისხი დაფასებული ღირებულება იყო საუკუნეების მანძილზე და რასაკვირველია გარკვეულ მსოფლმხედველობასთან ერთად განიხილებოდა იდეალისა და მშვენიერების საყოველთაოდ აღიარებულ ცნებებთან ერთად. ახალი ხელოვნების შემქმნელები კი ხაზგასმით ტოვებდნენ “ დახატულის “ კვალს, არ ცდილობდნენ შეუმჩნეველი და დახვეწილი გრადაციებით მიეღოთ ნახევარტონები, პირიქით, საღებავისა და ფუნჯის ნაკვალევი აგრესიულად ხილული იყო და აღარავინ ცდილობდა, რომ ჩარჩოს შიგნით უსასრულო სივრცის ილუზორული ხილვის ეფექტისთვის მიეღწია. მოკლედ, როგორც ხშირად განსაზღვრავენ მოდერნისტულ მხატვრობას, – მხატვრობის საგანი თვითონ მხატვრობა გახდა. ეს იყო ეპოქა, როცა ახალი ტექნოლოგიების, ინდუსტრიის, კინოსა და ფოტოგრაფიის ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომობამ ვიზუალური სახეების დიდი ნაკადები წარმოშვა, ადამიანები კი კიდევ უფრო მეტს ელოდნენ მომავლისგან და დიდ იმედებს ამყარებდნენ ტექნოლოგიურ პროგრესზე. აკეთებდნენ ფოტო მონტაჟს