რელიგიის აუცილებლობა
იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინეს და კვლავაც ახდენენ კაცთა მოდგმის ბედის ფორმირებაზე, ყველაზე ძლიერია ის, რომლის ზეგავლენასაც ჩვენ რელიგიას ვუწოდებთ. რელიგიური ფაქტორი საფუძვლად უდევს ყველა სოციალურ ინსტიტუტს, და იგივეა ადამიანთა გამაერთიანებელი ყველაზე მძლავრი იმპულსი. ძალიან ხშირად რელიგიური კავშირი უფრო მტკიცეა, ვიდრე ყველა რასობრივი, ტერიტორიული და თვით ოჯახური კავშირი. ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც ერთ ღმერთს სცემენ თაყვანს და ერთ სარწმუნოებას აღიარებენ, უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, ვიდრე ერთი ოჯახის წევრები, თვით ღვიძლი ძმები. ვინ იცის, რამდენჯერ უცდიათ რელიგიის წარმოშობის ახსნა, ძველი რელიგიები, რომლებიც დღესაც არსებობენ, ამტკიცებენ, რომ მათი პირველსაწყისი ზებუნებრივია, და დასაბამსაც თითქოს ადამიანის ტვინიდან კი არა, სადღაც გარედან იღებენ.
თანამედროვე მეცნიერებაში ფართო გავრცელება ჰპოვა ორმა თეორიამ: სულების თეორია და უსასრულოს იდეის ევოლუციის თეორია. ზოგი სწავლული რელიგიური იდეოლოგიის დასაბამად წინაპრებისადმი თაყვანისცემას სახავს, ზოგს კი ბუნების ძალთა პერსონიფიკაცია მიაჩნია ამ დასაბამად. ადამიანს სურს, შეინახოს წინაპრების ხსოვნა და სწამს, რომ ისინი ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც განაგრძობენ არსებობას; ამიტომაც ცდილობს სასმელ-საჭმელი არ მოაკლოს თავის წინაპრებს და, გარკვეული აზრით, ლოცულობს კიდეც მათ მიმართ. ეს რწმენა თანდათანობით რელიგიაში გადაიზარდა.
ეგვიპტის, ბაბილონის, ჩინეთის, ამერიკისა და სხვა ხალხების რელიგიათა შესწავლისას ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მათ დასაბამი დაუდო წინაპართა კულტმა. ძველ ეგვიპტელთ სარწმუნოებას საფუძვლად ედო წარმოდგენა სულზე როგორც ორეულზე: ყოველი ადამიანის სხეულში ცოცხლობდა სხვა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა მას; როცა ადამიანი კვდებოდა, ორეული ტოვებდა სხეულს, მაგრამ სიცოცხლეს კი აგრძელებდა. თუმცა მხოლოდ მანამდე ცოცხლობდა, სანამდისაც ინახებოდა მკვდარი სხეული. ამიტომაც იყო, რომ ეგვიპტელები თავს დაჰკანკალებდნენ გვამებს. მათ შესანახად იგებოდა უზარმაზარი პირამიდები, რადგანაც სხეულის ყოველგვარი დაზიანება დაუყოვნებლივ დაეტყობოდა ორეულს. რა თქმა უნდა, ეს სხვა არა არის რა, თუ არა წინაპართა თაყვანისცემა. ორეულის იდეას ჩვენ ვხვდებით ბაბილონშიც, თუმცა რამდენადმე სახეცვლილს: ორეული მთლიანად კარგავს სიყვარულის გრძნობას, ის აფრთხობს და აიძულებს ცოცხლებს, სასმელ-საჭმელი არ მოაკლონ და ყველანაირად ემსახურონ მას. ორეულს საკუთარი ცოლ-შვილიც კი აღარ უყვარს. წინაპართა კულტის ნაკვალევი ძველი ინდოეთის რელიგიაშიც შეიმჩნევა, ხოლო რაც შეეხება ჩინეთს, წინაპართა თაყვანისცემა იქ არამარტო რელიგიის საფუძველია, არამედ მისი დღევანდელი შინაარსიც; მთელ ამ უზარმაზარ ქვეყანაში, კაცმა რომ თქვას, წინაპართა კულტი ჩინეთში გავრცელებული ერთადერთი რელიგიაა. ყოველივე ეს თითქოს ადასტურებს იმ სწავლულთა თვალსაზრისს, რომელთა მტკიცებითაც, წინაპართა კულტი რელიგიის საწყის სტადიად გვევლინება.
მეორე მხრივ, ზოგიერთი მეცნიერი, ძველი არიული ლიტერატურიდან მოხმობილ მაგალითებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ რელიგია ბუნების ძალთა თაყვანისცემიდან იღებს დასაბამს. მართალია, ინდოეთში ბევრი რამ მოწმობს წინაპართა კულტის არსებობას, მაგრამ უძველეს წყაროებში მისი სახსენებელიც არსადაა, ასე რომ, თანამედროვე მკვლევარნი ბუნების ძალთა გაღმერთების თეორიისაკენ იხრებიან. ადამიანის გონება თითქოს ცდილობს ფარდის მიღმა შეიჭყიტოს. აისი, დაისი, დაღამება, გრიგალი, ბუნების გამაოგნებელი, გიგანტური ძალები, – ყოველივე ეს უჩვეულო ძალით იზიდავს გონებას, რომელიც მათ წვდომას და გაგებას ლამობს. ამიტომაცაა, რომ ადამიანი თავის საკუთარ თვისებებს ანიჭებს, სულითა და სხეულით მოსავს ბუნების მოვლენებს; ეს თვისებები ზოგჯერ მშვენიერნი არიან, ზოგჯერ კი ტრანსცენდეტურნი. ყოველივე ამას იქამდე მივყავართ, რომ ბუნების მოვლენები, პერსონიფიცირებულ თუ არაპერსონიფიცირებულ აბსტრაქციებად იქცევიან. იგივე ხდებოდა ძველ საბერძნეთშიც: მთელი მათი მითოლოგია სხვა არა არის რა, თუ არა ბუნების განღმრთობილ ძალთა აბსტრაქცია. იგივე შეიძლება ითქვას ძველ გერმანელებზე, სკანდინავიელებსა და სხვა არიელ ხალხებზედაც. ეს კი ნიშნავს, რომ თითქოს მტკიცდება იმ სწავლულთა თვალსაზრისი, ბუნების პერსონიფიცირებულ ძალებს რომ მიიჩნევენ რელიგიის პირველსაწყისად.
ორივე თვალსაზრისი, მათი შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეიძლება გაერთიანდეს იმის საფუძველზე, რაც მე რელიგიის ჭეშმარიტ ჩანასახად მესახება, და რასაც ვუწოდებდი იმისკენ სწრაფვას, რომ დაძლეულ იქნეს გრძნობად აღქმათა შეზღუდულობა. ადამიანი ან თავისი წინაპრების სულის, მიცვალებულთა სულის საძებნად მიდის, რადგანაც სურს გაიგოს, რა ხდება სხეულის სიკვდილის შემდეგ, ან ცდილობს აზრით ჩასწვდეს ბუნების ძლევამოსილ ძალთა მოქმედების მექანიზმს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას სურს გადალახოს გრძნობად აღქმათა სამყაროს საზღვრები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ, და ის ცდილობს გაიგოს, რა არის მათ მიღმა. ამაში არა არის რა იდუმალი. მე სავსებით ბუნებრივი მგონია, რომ რელიგიის დასაბამი შეიძლებოდა ძილი ყოფილიყო. განა მშვენიერი მდგომარეობა არ არის ძილი? როგორც ვიცით, ბავშვები და მიამიტი ადამიანები მაინცდამაინც დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ სიზმრებსა და სიცხადეს შორის. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ბუნებრივი, რომ სწორედ ბუნებრივი ლოგიკის ძალით დაუკვირდე