I
ზამთარში, ვიდრე ექვსკვირიანი ომი დაიწყებოდა, მე და ჩემი მამალი კატა, პეტრონიუს არბიტერი(გაიუს პეტრონიუს არბიტერი – რომაელი პოლიტიკოსი და მწერალი. მოღვაწეობდა იმპერატორ ნერონის დროს.), კონექტიკუტში, ძველ ფერმაში ვცხოვრობდით. ალბათ, ეს ადგილი ახლა აღარ არსებობს, რადგან აფეთქების ზონასთან, მანჰეტენი რომ ძლივს გადაურჩა, ახლოს იყო. ძველი ნაგებობები კი ქაღალდის ხელსახოცებივით იწვიან. თუმცა, რომც არ განადგურებულიყო, რადიაციის გამო იქ ცხოვრებას აღარავინ მოისურვებდა. მე და პიტს კი იქაურობა მოგვწონდა. წყალგაყვანილობა გაუმართავი იყო, ამიტომ საცხოვრებელი იაფად გვქონდა დაქირავებული. სასადილო ოთახს სინათლე ჩრდილოეთიდან ეცემოდა, რაც ჩემი სახაზავი დაფისთვის ზედგამოჭრილი იყო.
საცხოვრებელს ერთადერთი ნაკლი ჰქონდა – გარეთ თერთმეტი კარით შეიძლებოდა გასვლა. პიტის კარსაც თუ ჩავთვლით – თორმეტით.
ყოველთვის ვცდილობდი, პიტს საკუთარი კარი ჰქონოდა. გადავწყვიტე, მისთვის გასასვლელი იმ საძინებელში გამეკეთებინა, რომელსაც არავინ იყენებდა. ფიცარი ფანჯრის ნიშაში ზუსტად ჩაჯდა; ისე ამოვჭერი, რომ პიტი გატეულიყო და ულვაშებიც არ გასჭედოდა. ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი დრო კატებისთვის კარის გაღებას დავუთმე – ერთხელ დავითვალე, რომ ცივილიზაციის დასაბამიდან ამ საქმიანობაში ცხრაას სამოცდათექვსმეტი საუკუნე გავიდა. შემიძლია, ეს გამოთვლები გაჩვენოთ.
პიტი საკუთარი კარით სარგებლობდა ხოლმე, თუმცა ხანდახან მაიძულებდა, ადამიანებისთვის განკუთვნილი კარი გამეღო – ის ერჩივნა. მაშინ კი, როცა გარეთ თოვლი იდო, თავისი კარიდან არასოდეს გადიოდა.
ჯერ კიდევ კნუტი იყო, ბუსუსიანი და კრუტუნა, როცა მარტივი ფილოსოფია შეიმუშავა. მე საცხოვრებელზე, საჭმელსა და ამინდზე ვზრუნავდი; სხვა ყველაფერს პიტი განაგებდა. ჩემგან მოითხოვდა, რომ განსაკუთრებით პირნათლად ამინდზე დაკისრებული პასუხისმგებლობა შემესრულებინა. კონექტიკუტური ზამთარი მხოლოდ შობის მისალოც ბარათებზეა მიმზიდველი. მთელი ზამთარი პიტი ერთსა და იმავეს აკეთებდა – ჯერ თავის კართან მიდიოდა, თუმცა უსიამოვნო, თეთრი მასის დანახვისთანავე გარეთ გასვლაზე უარს აცხადებდა – სულელი კი არ იყო; მერე ჩემთან მოდიოდა და სანამ ადამიანებისთვის განკუთვნილ კარს არ გავუღებდი, არ მეშვებოდა.
ღრმად სწამდა, რომ რომელიმე კარის მიღმა მაინც იქნებოდა ზაფხული. ამის გამო ყოველ ჯერზე თერთმეტივე კარს მაღებინებდა. თითოეულ კართან იქამდე ვიცდიდი, ვიდრე პიტი დარწმუნდებოდა, რომ აქაც ზამთარია. შემდეგ მომდევნო კართან ვინაცვლებდით... და ყოველი იმედგაცრუების შემდეგ პიტი ჩემი „მუშაობით“ უფრო და უფრო უკმაყოფილო ხდებოდა.
სახლში იქამდე რჩებოდა, ვიდე ჰიდრავლიკური წნევა გარეთ უბიძგებდა. უკან ყინულიანი თათებით ბრუნდებოდა. ხის იატაკზე ქუსლიანი ფეხსაცმელივით კაკაკუკი გაუდიოდა. მრისხანედ შემომხედავდა და მხოლოდ მაშინ ამოიკრუტუნებდა სიამოვნებისგან, როცა თათებიდან ყინულს მთლიანად ალოკავდა... მერე კი დროებით მპატიობდა.
პიტს ზაფხულში გასასვლელი კარის ძებნა არასოდეს შეუწყვეტია.
1970 წლის 3 დეკემბერს ამ კარს მეც ვეძებდი.
ჩემი ძიებაც ისეთივე უშედეგო იყო, როგორიც პიტისა – კონექტიკუტში, იანვარში. სამხრეთ კალიფორნიაში მხოლოდ მთაში თოვდა, მოთხილამურეებისთვის; ლოს-ანჯელესის ცენტრში კი არა. სმოგის(სმოგი – შავი, სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში.) გამო, ალბათ, აქ არც არასოდეს გათოვდებოდა. ზამთარი მხოლოდ ჩემს გულში იყო.
ჯანმრთელობას არ ვუჩიოდი, თუმცა სულ ნაბახუსევზე ვიყავი. რამდენიმე დღეში ოცდაათი წლის ვხდებოდი. არც ფინანსურად მიჭირდა, არც პოლიცია მეძებდა, არც ვინმეს ქმარი და არც სასამართლო უწყების ჩასაბარებლად დამდევდა ვინმე; ისეთი არაფერი მჭირდა, რასაც ხანმოკლე ამნეზიით არ დაადგებოდა საშველი. მაგრამ მაინც, ჩემს გულში ზამთარი იყო და ზაფხულში გასასვლელ კარს ვეძებდი.
მართალი ხართ, თუ ფიქრობთ, რომ ზედმეტად ვწუწუნებ. პლანეტაზე მაშინ, ალბათ, ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ჩემზე უარესად იყო. და მაინც, მე ზაფხულში გასასვლელ კარს ვეძებდი.
თითქმის ყველა, რაც მოვსინჯე, მოქანავე, ორმაგი კარი აღმოჩნდა; იმ ერთ-ერთის მსგავსი, ჩემ წინ რომ იყო წარწერით: „სანსუსი – გრილ-ბარი“. შიგნით შევედი, სადღაც, შუაში კუპე შევარჩიე, ჩანთა სავარძელზე ფრთხილად დავდე, სიღრმისკენ ოდნავ გავაცურე და მიმტანს ლოდინი დავუწყე.
– ვაააარრრ? – თქვა ჩანთამ.
– დაწყნარდი, პიტ, – ვუთხარი მე.
– ახლააა!
– ნუ სულელობ, ახლახან იყავი გამოსული. დაწყნარდი, მიმტანი მოდის.
პიტმა მოკეტა. მაგიდასთან ოდნავ დახრილ მიმტანს ავხედე და ვუთხარი:
– ორმაგი სკოჩი, ერთი ჭიქა წყალი და „ჯანჯაფილიანი ელი“(„ჯანჯაფილიანი ელი“ – გაზიანი სასმელი.).
მიმტანი შეწუხდა:
– „ჯანჯაფილიანი ელი“, სერ? სკოჩთან ერთად?
– გაქვთ თუ არა?
– კი გვაქვს, მაგრამ...
– ჰოდა, მომიტანეთ. დალევას არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა, ამრეზით ვუყურო. და ლამბაქიც მოაყოლეთ.
– როგორც იტყვით, სერ, – მაგიდა გადაგვიწმინდა, – ცოტაოდენ სტეიკზე რას იტყვით, სერ? ან მიდიებზე? დღეს ძალიან გემრიელი მიდიები გვაქვს.
– მისმინე, მეგობარო,