სოდომი და გომორი
იმ სოდომელთა, რომლებიც ცით მოვლენილმა ცეცხლმა დაინდო, შთამომავლების – ქალაბიჭების – პირველი გამოჩენა.
ქალი გომორი იქნება, კაცი კი სოდომი.
ალფრედ დე ვინი
უკვე იცით, რომ იმ დღეს (დღე, როცა პრინცესა გერმანტთან საღამოს წვეულება უნდა გამართულიყო), კარგა ხნით ადრე, ვიდრე ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ვიზიტად ვეწვეოდი, რაზეც, აგერ, ახლახან ვილაპარაკე, სულ გაფაციცებული ვიყავი, რათა მათი მოსვლა არ გამომპარვოდა, და ამ მოლოდინში ერთი რამ აღმოვაჩინე, უშუალოდ თვით ბატონ დე შარლიუს რომ ეხებოდა; ეს აღმოჩენა თავისთავად იმდენად საყურადღებო იყო, ვამჯობინე, მის მოსაყოლად მანამდე მეცადა, სანამ შესაძლებლობა მომეცემოდა, ამაზე დაწვრილებით და საფუძვლიანად მელაპარაკა. როგორც უკვე ვთქვი, მივატოვე ის დიდებული სათვალთვალო ადგილი, რომლის იტალიურ სტილში ნაკვეთი მრგვალი ფანჯარაც ფარდულის კოშკურის, მარკიზ დე ფრეკურის საკუთრების, ნამდვილ სამკაულს წარმოადგენდა და რომელიც სახურავქვეშ ისე მოხერხებულად იყო მოწყობილი, რომ იქიდან თვალისთვის საამურად მოჩანდა უსწორმასწორო დამრეცი ფერდობი, რომლის გავლითაც ბერკინის სახლამდე შეიძლებოდა მისვლა. რადგან ჰერცოგი და ჰერცოგინია წუთი წუთზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, ვიფიქრე, კიბეზე თუ გავჩერდებოდი, ჩემთვის ეს გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა. ჩემი კოშკურის მიტოვება კი დამენანა, მაგრამ შუადღის ამ საათებში მასზე განსაკუთრებული გულდაწყვეტა არ ღირდა – მაინც ვეღარ დავინახავდი ფერდობზე ჩრდილებად გამოხატულ კაცუნებს, რომლებადაც იქცნენ კარგა შორიდან ალანდული ბრეკინისა და ტრესმის სახლების ლაქიები, ცოცხებით ხელში ციცაბო ფერდობზე ქარსის გამჭვირვალე, ფართო ფოთლებს შორის ნელა რომ მიძვრებოდნენ და წითელი ქედის შვერილის ფონზე გამოკვეთილად ჩანდნენ. გეოლოგიური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა არ მქონდა, ამიტომ ბოტანიკის შესწავლას შევუდექი: ფანჯრიდან დავყურებდი კიბის ბაქნებზე ჩარიგებულ ბუჩქებსა და იშვიათ მცენარეებს, რომლებიც ჰერცოგინიას განკარგულებით ეზოში ისეთივე გულმოდგინებით ჩაჰქონდათ, როგორი მონდომებითაც სასიძოები და საპატარძლოები გამოჰყავთ საზოგადოებაში, და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნუთუ წინასწარდადგენილი შემთხვევითობის წყალობით რომელიმე მოულოდნელი, დაუპატიჟებელი მწერი არ მოფრინდება და ამ მიტოვებულ, მსხვერპლშეწირვისთვის უკვე გამზადებულ ბუტკოს არ ეწვევა-მეთქი. ცნობისმოყვარეობამ სიმამაცე შემმატა, ნელ-ნელა ქვედა სართულის ფანჯრამდე მივაღწიე, რომელიც ფართოდ გაეღოთ და დარაბებიც ღრიჭოდ დაეტოვებინათ, და წასასვლელად გამზადებული ჟიუპიენის გამოკვეთილი ხმაც შემომესმა – მას ჩემი დანახვა არ შეეძლო, რადგან დარაბებს იქით ვიმალებოდი; მერე სწრაფად დავიხიე უკან, რათა ეზოში ქალბატონ დე ვილპარიზის სანახავად დინჯად მიმავალ ბატონ დე შარლიუს არ შევემჩნიე, რომელიც დღის სინათლეზე კარგა ჩასუქებული, გაჭაღარავებული და მობერებული ჩანდა. ქალბატონ დე ვილპარიზის უქეიფობის გამო (მას მარკიზ დე ფიერბუას ავადმყოფობამ მოუღო ბოლო, რომელთანაც ბატონი დე შარლიუ სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო წაკიდებული) ბატონი დე შარლიუ, ცხოვრებაში, იქნებ, პირველადაც, მის სანახავად ასე ადრიანად მოვიდა. გერმანტების განსაკუთრებულობა ის იყო, რომ მაღალი წრის ცხოვრების წესს ვერ ეგუებოდნენ და მას თავიანთი ჩვევების შესაბამისად ცვლიდნენ; მათი აზრით, არაფრადღირებული მაღალი წრის წევრობას მაღალი წრის საზოგადოების წესების მსხვერპლად შეწირვა სჯობდა – ამიტომაც იყო, რომ ქალბატონ დე მარსანტს ვიზიტებისთვის დადგენილი დღე არ ჰქონდა და თავის მეგობრებს ყოველ დილას ათიდან თორმეტ საათამდე იღებდა, ბარონი კი ამ დროს კითხულობდა, ძველებურ ლამაზ ნივთებს ეძებდა და ასე შემდეგ, სტუმრად კი მხოლოდ საღამოს ოთხსა და ექვსს შორის გასწევდა ხოლმე. ექვსზე ჟოკეი-კლუბში მიდიოდა და ბულონის ტყეში სეირნობდა. მერე ისევ განზე გავიწიე, ჟიუპიენს რომ არ დავენახე; ეს ის დრო იყო, როცა სამსახურში უნდა წასულიყო, საიდანაც მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა, ისიც ყოველთვის არა მას შემდეგ, რაც მისი ძმისწული ქალი თავის მოწაფეებთან ერთად სოფელში ვიღაც კლიენტთან გაემგზავრა, რათა შეკვეთილი კაბა დროულად დაემთავრებინა. ჟიუპიენის წასვლის შემდეგ, მეგონა, აღარავისი უნდა მშინებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ადგილიდან არ დავძრულიყავი, რათა, თუ ეს სასწაული მაინც აღესრულებოდა, არ გამომპარვოდა – როგორ მოფრინდებოდა დიდი ხნის ლოდინისგან გულგადალეულ უმანკო ყვავილთან შორეული მხრიდან გამოგზავნილი მწერი, თუმცა ამის იმედი აღარც მქონდა (მანძილის სიშორის გამო ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა იყო საჭირო, თანაც გზაზე უამრავი ხიფათი და საშიშროება ელოდა). ვიცოდი, ეს მოლოდინი ისეთივე აქტიური იყო, როგორიც მამრი ყვავილისა, რომლის მტვრიანებიც თავისთავადი მოძრაობით ისე ამობრუნდებიან, რომ მწერი ყვავილზე ადვილად აძვრეს; ზუსტად ასევე, თუკი მწერი მოფრინდებოდა, მდედრი ყვავილიც კეკლუცად მოხრიდა ბუტკოს საცეცებს, სტუმარი შიგნით ღრმად რომ შემძვრალიყო, თანაც მოჩვენებით წმინდანის სახეს მიიღებდა, სინამდვილეში კი ავხორცი გოგოსავით შუა გზაზე შეეგებებოდა. მცენარეული სამყაროს კანონები უმაღლეს კანონებს ემორჩილება. ყვავილის გასანაყოფიერებლად მწერის მოფრენა, რომელსაც სხვა ყვავილის თესლი მოაქვს, აუცილებელია, რადგან თვითგანაყოფიერება, საკუთარი თავის განაყოფიერება, როგორც ერთი ოჯახის შიგნით ნათესავების ქორწინებისას, გადაგვარებას, უნაყოფობას იწვევს, ხოლო, თუ