ნაწილი 1
05:00
რაკეტა-მატარებელი „იუპიტერ-სი“ კანავერალის კონცხზე, კომპლექს 26-ის გასაშვებ მოედანზე, სრულ მზადყოფნაში დგას. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბრეზენტი აქვს გადაფარებული, რომელიც კუდს ვერ უფარავს. კუდის ნაწილი კი სწორედ ისეთი აქვს, როგორც „რედსტოუნის“ საბრძოლო რაკეტას, თუმცა დანარჩენ კორპუსს სრულიად უნიკალური შეიძლება ეწოდოს...
ელდანაცემს გამოეღვიძა.
კიდევ უარესი: გულგახეთქილს! გული ლამის საგულედან ამოვარდნოდა, სუნთქვა ეკვროდა და ერთიანად დაბუჟებულიყო. თითქოს კოშმარი დაესიზმრაო, მაგრამ არც გამოღვიძებამ მოჰგვარა შვება. გრძნობდა, რომ რაღაც საშინელება იყო მომხდარი, მაგრამ რა - ზუსტად ვერ იტყოდა.
თვალები გაახილა. მეზობელი ოთახიდან ბჟუტი შუქი შემოდიოდა და გარემოს მქრქალად ანათებდა. ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი (მართალია, ნაცნობი), მაგრამ ერთგვარად ავის მომასწავებელი იყო. სადღაც ახლოს წყლის ჩხრიალი ისმოდა.
დამშვიდება სცადა. ნერწყვი გადაყლაპა, ჩაისუნთქა და გონება მოიკრიბა. მაგარ იატაკზე იწვა. ისე აციებდა და ძვლებშიც ისე ტეხდა, თითქოს ნაბახუსევი იყო. გული ერეოდა, თავიც სტკიოდა და პირიც გაშრობოდა.
შიშისგან აცახცახებული წამოჯდა. ისეთი სუნი სცემდა, თითქოს იატაკი სადეზინფექციო საშუალებით მოერეცხათ. ჩამწკრივებული პირსაბნები გაარჩია.
საზოგადოებრივ ტუალეტში იყო.
როგორც კი გაიფიქრა, მამაკაცების ტუალეტში გამიტარებია ღამეო, ზიზღი დაეუფლა. რა ჯანდაბა დაემართა ნეტავ? ისევ გონების მოკრება სცადა. ჩაცმული იყო, პალტო და მძიმე ჩექმაც კი ეცვა, თუმცა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნათხოვარი აცვიაო. პანიკას ნელ-ნელა მოერია, მაგრამ უფრო ღრმა შიშმა დარია ხელი, რომელიც გულის სიღრმეში გაჩენილმა გონივრულმა ეჭვმა გამოიწვია. აშკარა იყო, კარგი არაფერი დამართოდა.
სიბნელეში ვეღარ გაჩერდებოდა.
ფეხზე წამოდგა. ირგვლივ მიმოიხედა, სიბნელეს თვალი გაუსწორა და გასასვლელ კარს დაუწყო გუმანით ძებნა. ხელის ცეცებით კედლისკენ წავიდა. კედელზე ხელით ცივ და სლიკინა ზედაპირს მიაგნო და მიხვდა, სარკე იქნებაო. მერე პირსახოცის საკიდს წააწყდა, ამის შემდეგ რაღაც ფოლადის ყუთს, რომელიც ნახმარი ხელსახოცების ჩასაყრელი ურნა უნდა ყოფილიყო ზედაპირზე გაკეთებული ჭრილით. ბოლოს კი თითები ოდნავ ამობურცულ ღილაკს შეახო, რომელიც სინათლის ჩამრთველი აღმოჩნდა და შუქიც აანთო.
მკაფიო სინათლემ თეთრი კაფელით მოპირკეთებული კედლები და ღიაკარიანი ტუალეტის კაბინების რიგი გაანათა. კუთხეში ძველი ტანსაცმლის გროვა მოჩანდა. გაიფიქრა, ნეტავ აქ როგორ მოვხვდიო. გონება დაძაბა. რა მოხდა წუხელ, ვერაფრით გაიხსენა.
იმის გაფიქრებაზე, შესაძლოა, ვერაფერი გავიხსენოო, ისტერიკული შიში დაეუფლა. კბილი კბილს დააჭირა, რომ არ ეყვირა.
გუშინ... ერთი დღის წინ... არაფერი. ან რა ერქვა? არც ეს იცოდა.
ხელსაბნების რიგისკენ შებრუნდა, რომლის თავზეც ერთიანი, გრძელი სარკე იყო დატანებული. სარკეში ვიღაც ჭუჭყიანი მაწანწალა დაინახა, ძონძები რომ ეცვა. თმა გაზინთვოდა, სახეზე ჭუჭყი ეცხო, დაჭყეტილი თვალები კი გიჟისას მიუგავდა. წამიერად ამ მაწანწალას მიაშტერდა და რომ გააცნობიერა, მე ვარო, ელდანაცემმა უკან დაიხია და იყვირა - ანალოგიურად მოიქცა მისი ანარეკლიც. ეს ტურტლიანი მაწანწალა თვითონ იყო.
პანიკის შემოტევას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. პირი გააღო და შიშნარევი ხმით იღრიალა:
- ვინ ვარ?
ძველი ტანსაცმლის გროვა შეინძრა. მიიყარ-მოიყარა, სახე გამოჩნდა და ხმაც გაისმა:
- ერთი უსახლკარო კაცი ხარ, ლიუკ. რა გაღრიალებს? დაოკდი.
ლიუკი რქმევია.
დიდად პატივნაცემი დარჩა ვინაობის შეტყობით. სახელი დიდს ვერაფერს ეუბნებოდა, მაგრამ სულ არაობას, რამე საყრდენი მაინც ერჩია. უცნობს მიაჩერდა. კაცს ტვიდის დახეული პალტო ეცვა, წელზე კი, ქამრის მაგივრად, თოკი ჰქონდა შემოკრული. ახალგაზრდას ჭუჭყიანი და ცბიერი სახე ჰქონდა. მან თვალები მოიფშვნიტა და ამოილუღლუღა:
- თავი მისკდება.
- ვინ ხარ? - ჰკითხა ლიუკმა.
- პიტი ვარ, რამ გამოგაშტერა, ვერ მხედავ?
- ვერ... - ლიუკმა ნერწყვი გადაყლაპა, რომ პანიკა დაეძლია. - მეხსიერება დავკარგე!
- არ მიკვირს. მთელი ბოთლი ბურბონი გადაუძახე სტომაქში და საერთოდ რომ არ დაკარგე ჭკუა, ეგაა გასაკვირი. - პიტმა ტუჩები მოილოკა. - მე კი ვერ დავუმუღამე მაგ ბურბონს.
აჰა, ბურბონი ჰქონია დალეული და ნაბახუსეობა რაღა გასაკვირი იყო.
- კი მაგრამ, მთელ ბოთლს რა მასმევდა?
პიტი გაცინებისას დაიჯღანა.
- ამაზე შტერული კითხვა ცხოვრებაში არ მომისმენია. ის გასმევდა, რომ დამთვრალიყავი!
ლიუკს თავზარი დაეცა. ნუთუ ტუალეტ-ტუალეტ მოსიარულე მაწანწალა ლოთი იყო?
წყურვილმა თავი შეახსენა. პირსაბანთან დაიხარა, წყალი მოუშვა და პირდაპირ ონკანიდან დალია. თავი უკეთ იგრძნო. პირი გამოირეცხა და თავს ძალა დაატანა, ხელახლა ჩაეხედა სარკეში.
სახე დაუმშვიდდა. გიჟური მზერა გაჰქრობოდა, შეცბუნებასა და დაღვრემილობას დაერია ხელი. მუქთმიანსა და ლურჯთვალას, ანარეკლი ორმოცს მიტანებული კაცისა ჰქონდა. ულვაში არ ჰქონდა, ახალამოსულ წვერს კი გაპარსვა არ