გრძელი ზამთრების ქვეყანა
ამბავი მეორე
ერთ შემოდგომაზე მე და მამაჩემი ერთდროულად გავხდით ავად.
ის შემოდგომა იყო, ჩემი ძმა სკოლაში მივიდა და კითხვას სწავლობდა. შემოდგომა მძიმე დროა, ბევრი საქმეა და უფროსებს ბავშვებისთვის ძნელად სცალიათ, ამოტომაც ჩემზე გადადიოდა ჩემი ძმის მეცადინეობა. მე დიდი გოგო ვიყავი უკვე - ცხრა წლის გავხდი გაზაფხულზე. მომწონდა ეს დიდგოგოობა, მაგრამ იმ ჩერჩეტისთვის რამე მესწავლებინა, სულ არ იყო ადვილი. აბა როგორია - დარბის აქეთ-იქით, ხან ჩიტებს დასდევს, ხან ჯოხის ცხენს დააჭენებს, ხანაც პაპაჩემის მანქანის ქვეშ მიძვრება, თივას და შეშას რომლითაც ეზიდებიან, - მანქანები ყველაფერს ურჩევნია და უნდა ნახოს, როგორ არის მოწყობილი. დავდევ უკან დედაენით ხელში. „ თო-ხი “ - ვუმარცვლავ. წაიკითხე. ვერ კითხულობს: სიტყვა „ თოხში “ არ არის ასო-ბგერა „ რ “ . არ ვიცი, რამ მოაწონა ეს „ რ “ , პირველად ეგ ისწავლა და მგონი ისე გადავიდა მეორე კლასში, მარტო რ-იან სიტყვებს კითხულობდა.