გამოღვიძება გერმანიაში ველაზე მეტად მაინც ხალხმა გამაოცა. ძალ-ღონე ნამდვილად არ დამიზოგავს, რათა მტრისგან იავარქმნილ ამ მიწაზე ადამიანის არსებობის ყოველგვარი კვალი წამეშალა. ამიტომაც ვუბრძანე, გაენადგურებინათ ხიდები, ელექტროსადგურები, ქუჩები და საკვანძო პუნქტები. ამასობაში წავიკითხე, რომ ეს ყველაფერი მარტში მოხდა, და, ვგონებ, ამასთან დაკავშირებით სრულიად მკაფიოდ გამოვთქვი ჩემი აზრი. დიახ, ვუბრძანე, გაენადგურებინათ საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებები იქნებოდა ეს, კავშირგაბმულობის ობიექტები, ფაბრიკა-ქარხნები, სახელოსნოები თუ გლეხური კარ-მიდამოები. მოკლედ, ყველაფერი ფასეული უნდა განადგურებულიყო! ასეთ ბრძანებას დიდი გულისხმიერებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მისი შესრულების სამართლიანობა არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. უბრალო ჯარისკაცი, რომელიც ფრონტზე ბრძოლის დროს, ბუნებრივია, სტრატეგიასა და ტაქტიკაში ვერ ერკვევა, ამ დროს იტყვის: „ნუთუ, მაგალითად, გაზეთების აი, ამ ჯიხურს მართლა უნდა წავუკიდო ცეცხლი? განა ისეთი საშინელება იქნება, თუ იგი მტერს ჩაუვარდება ხელშიო“? რა თქმა უნდა, ეს საშინელება იქნება! მტერიც ხომ კითხულობს გაზეთებს?! ჰოდა, იგი იმ ჯიხურში ჟურნალ-გაზეთების გაყიდვას დაიწყებს და ყველაფერს, დიახ, ყველაფერს, ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს! ამიტომ, ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ფასეულობა უნდა განადგურდეს! და ეს ეხება არა მხოლოდ შენობებს, არამედ ყველა კარს, კარის საკეტს, სახელურსა თუ ხრახნს, დიდი იქნება ის თუ პატარა. კარის სახელურები უნდა ამოხრახნონ და უმოწყალოდ გაღუნონ, ყველა კარი კი დაჩეხონ და შემდეგ დაწვან. განა არ ვიცით, რომ მერე მტერი ამ კარში თავის ნებაზე წინ და უკან დაიწყებს სიარულს?! ამიტომაც, ამ დამტვრეულ სახელურებს, გაღუნულ ხრახნებსა და ნაცრის გროვას ბატონ ჩერჩილს
(ჩერჩილი, უინსტონ (1874-1965) – გამოჩენილი ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე. 1940-1945 და 1951-1955 წლებში ინგლისის პრემიერ-მინისტრი. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებთან ერთად იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ (აქ და შემდეგში მთარგმნელის შენიშვნები).) დავუტოვებ და ვუსურვებ, რომ ამ სიამოვნებით დატკბეს!
ასეა თუ ისე, ყოველთვის მესმოდა, რომ ამგვარი ბრძანების გაცემა ომის სასტიკი შედეგებით იყო გამოწვეული, ამიტომ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი, თუნდაც საამისოდ სულ სხვა საფუძველი მქონოდა.
ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად მაინც.
იმაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლებოდა, რომ გერმანელი ხალხი ინგლისელების, ბოლშევიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბოლოს და ბოლოს დამარცხდა, და, ამით მას მონადირე თუ მიწათმოქმედი ადამიანის პრიმიტიულ დონეზე არსებობის საშუალებაც კი, უბრალოდ, მოესპო. ამის შემდეგ მას აღარ ჰქონდა უფლება, აეგო ელექტროსადგურები და ხიდები, გაენაშენიანებინა ქუჩები, და, წარმოიდგინეთ, კარის სახელურებსაც კი ვეღარ აწარმოებდა. ამიტომ ეს ბრძანება, ცოტა არ იყოს, თავდაჯერებითაც გავეცი, რადგან, ზუსტად რომ გითხრათ, რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადავდგი რაიხსკანცელარიასთან
(რაიხსკანცელარია – გერმანიის კანცლერის ადმინისტრაცია) დაკავშირებით, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. საქმე ის არის, რომ ამერიკელებმა და ინგლისელებმა ჩემი ბრძანების შესრულება თავიანთი „მფრინავი ციხესიმაგრეებით“
(„მფრინავი ციხესიმაგრეები“ – ასე უწოდებდნენ ინგლისელების ბომბდამშენებს მეორე მსოფლიო ომის დროს.) უზარმაზარ ტერიტორიაზე თავადვე დაიწყეს და ამით მნიშვნელოვანი საქმე შეასრულეს. ამიტომ ჩემი ბრძანების შემდგომი შესრულების შედეგები ზუსტად აღარ გამიკონტროლებია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაკავებული ვიქნებოდი?! დასავლეთში ამერიკელები უნდა დამემარცხებინა, აღმოსავლეთიდან რუსების მოგერიება მიხდებოდა, და თან მსოფლიო დედაქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებაზეც უნდა მეზრუნა, რომელსაც სახელად „გერმანია“ ვუწოდე. რაც შეეხება, კარის საკეტების წარმოებას, ჩემის აზრით, გერმანიის „ვერმახტი“
(„ვერმახტი“ – ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალები (1935-1945 წწ.)) ამ საქმეს უნდა შეშვებოდა. ამიტომაც ხალხს, კაცმა რომ თქვას, თითქოს აღარ უნდა ჰქონოდა არსებობის უფლება.
მაგრამ, როგორც ეს-ესაა დავადგინე, იგი თურმე ისევ არსებობს.
ეს ჩემთვის, მართალი გითხრათ, გაუგებარია.
თუმცა მეც კვლავ აქ ვარ, მაგრამ როგორ მოხდა ეს, ამაზე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს.