I ნუ გეშინია, თქვა ქალმა, მოდუნდი. მოდუნდი. ნუ ნერვიულობ. მოდუნდი.
მტკივა, თქვა ირინამ.
არ გეტკინება, მოდუნდი. მომყევი. ერთი, ორი. ერთი, ორი. სავარჯიშოა ეს, მეტი არაფერი. მომყევი.
მტკივა, თქვა ირინამ.
გტკივა იმიტომ, რომ ნერვიულობ. მოდუნდი. როგორც გასწავლე. ნუ ნერვიულობ. მთლიანად მოდუნდი. მოდუნდი. ყველა კუნთი მოადუნე.
მაინც მტკივა, თქვა ირინამ.
არ ხარ მოდუნებული.
ვარ.
არ ხარ. საქმე ისაა, რომ არ ხარ. არაა საშიში, დამიჯერე. არაფერია საშიში. მოდუნდი. ასე ვერ იზამ. მოდუნდი.
რა ვქნა?
რა უნდა ქნა? კითხვა შეუბრუნა ქალმა, დღეს თავი უნდა დავანებოთ. ძალას ვერ დაგატან. ძალის დატანება არ შეიძლება, თვალები ჩაუმუქდა.
„დაღლილია“.
ეს სად წავიღო?
ურნაა მანდვე, მარჯვნივ.
ტამპონი ურნაში ჩააგდო და შარვალი სწრაფად შეიკრა.
მისმინე, თქვა ქალმა, დღეს რამეზე ინერვიულე? მუქად შეღებილ თვალებთან ოდნავ შესამჩნევად ნაოჭები ეტყობოდა, თუ სულ ასეთი დაძაბული ხარ? ასე ხარ ხოლმე? დაძაბული?
რა ვიცი, მე მგონი, სულ ასე ვარ.
კარგი, დამამშვიდებელს დაგინიშნავ. დღესვე დაიწყე და შემდეგ სამშაბათს ისევ ვცადოთ. ასე დაძაბულს არაფერი გამოგვივა, თავდახრილმა წერა დაიწყო.
ირინას ტირილი მოუნდა.
და ვარჯიშები. მოშარდვის დროს. ძილის წინ. გაღვიძებისას. ტრანსპორტში. სადაც გინდა. ერთი, ორი. ერთი, ორი. დაძაბე მოუშვი, დაძაბე მოუშვი. როგორც გასწავლე.
რამდენჯერ?
რამდენჯერაც მოახერხებ. აქ ორნაირი დამამშვიდებელია. ორივე მიიღე დღეში ორჯერ და მოდი, ეს ერთი კვირა სექსი არ გქონდეს, კაი?
არ მექნება.
აბა, ქალმა გაიღიმა, ფურცელი მიაწოდა და უფრო დაეტყო მუქად შეღებილ თვალებთან ძლივს შესამჩნევი ნაოჭები, შემდეგ სამშაბათამდე. ეს არ გამოგვივიდა, არა უშავს, შემდეგი გამოგვივა.
ირინა წამოდგა.
გასაუბრებაზე არ მომეჩვენე ასე დაძაბული, არ მეგონა, ტრანკვილიზატორი თუ დაგვჭირდებოდა.
„მაშინ ყველაფერი კარგად იყო“.
არაა ეს სამყაროს დასასრული, ირინა.
„არც დასაწყისია.“
მართლა არაა ეს სამყაროს დასასრული, თქვა ქალმა, რამდენიმე სეანსში მოვაგვარებთ ყველაფერს.
ნახვამდის, თქვა ირინამ.
ციოდა. სკოლიდან გამოსულმა ბავშვებმა ხმაურით გადაჭრეს ქუჩა. ირინა მობუზული მარტო იდგა გაჩერებაზე. იქვე, ახალგაზრდა, თავწაკრულმა დედამ ეტლით სადარბაზოში შეაგორა აჩხავლებული ბავშვი. მორჩა ტირილი, აბა, მორჩა ტირილი, სადღაც სადარბაზოს შიგნიდან, ნაწყვეტებად მოაღწია მისმა ხმამ.
ნაკურთხი წყალი დგას მანდ და ეგ დაალევინე, თქვა იქვე, გვერდით ვიღაც ქალმა, ირინას ცხვირწინ გააჩერა ტაქსი. მარტო მის თხელ ზურგს და შავ თმას მოკრა თვალი.
მობილურს დახედა. ერთი საათი ჰქონდა. „თინასთან შევლას მოვასწრებ“. ქუჩა გადაჭრა და საწინააღმდეგო მხარეს დადგა გაჩერებაზე. ავტობუსში ხელით რამდენჯერმე მოსინჯა ფურცელი. „ აქ დამამშვიდებლებია. ორნაირი. დღეში ორჯერ.“
კართან მომვლელი შეეჩეხა. მიდიოდა. ძლივს მიესალმნენ ერთმანთს.
უნდა გავუშვა, ბინძურია, ნორა თინას ადგილას იჯდა, თინას სავარძელში, ტელევიზორის წინ.
ბინძური რატოა? გაუკვირდა ირინას.
მტვერი ვერ გადაუწმენდია, ამდენ ფულს ვუხდი, თინაც არ დამხვედრია დიდად სუფთა.
როგორაა?
ისევ ისე.
წინ გაშლილი, დასივებული ფეხებით მჯდარი, ტელევიზორს შეჩერებული ნორა თითქოს არ იყო ნორა.
„ახლა ძალიან გავს თინას“
ჩაი გინდა? გაგიკეთებ.
არა, მალე უნდა წავიდე. წიგნის წასაღებად მოვედი.
რა წიგნის? უხალისოდ იკითხა ნორამ.
ლექსების კრებულია, მჭირდება.
წაიღე, ვინაა აქ ლექსის წამკითხავი.
რა ვიცი, შევიდე თინასთან?
სძინავს, არ ღირს. რომც არ ეძინოს, ვერ გიცნობს. ვეღარ გვცნობს. პალტოს არ იხდი?
კი, ვიხდი.
შენ როგორ ხარ? ნორამ ტელევიზორს ძლივს მოაშორა თვალი და ხმას ჩაუწია, ასეთი ცუდი სერიალი მეორე არ არსებობს.
კარგად, ირინამ პალტო იქვე სკამზე დაკიდა და ნორას გვერდით ჩამოჯდა, ცუდი სერიალი რატოა?
ცუდი იმიტოა, რომ ყველა ცუდია. ბოროტია ყველა. ცუდი და ბოროტი ცხოვრებაშიც გეყოფა ადამიანს, არა ვარ მართალი?
კი, მართალი ხარ.
შენ უფერული რატო ხარ?
„უფერული კი არა უბედური ვარ, ნორა“.
დაბალი ჰემოგლობინი მაქვს.
არ ჭამ, უნდა ჭამო.
ხო, სამსახურში ვერ ვჭამ.
სამსახურში რას შეჭამ? კვერცხია მიდი, მაცივარში, სხვა არაფერი, შეიწვი. შეგიწვავ მე, გინდა?
არა, ახლა არ მშია.
სამსახურში რა ხდება, ნორას ირინას ინტერესი გაუქრა, ისევ ტელევიზორს შეაჩერდა.
ყველაფერი ძველებურადაა, ირინა წამოდგა, მე წავალ.
სად მიდიხარ?
სამსახურში. დღეს ჩემი ცვლაა.
კვერცხი შეიწვი და ისე წადი, ნორამ ტელევიზორს ხმა აუწია.
ჯერ პალტო ჩაიცვა და მერე მივიდა წიგნების კარადასთან. ადვილად იპოვა.
„მესამე თარო, მარჯვნივ“.
ახსოვდა. ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და წიგნში ჩადო, წიგნი – ჩანთაში.
წავედი, ნორა.
სანამ სადარბაზოს კარს გაიკეტავდა, ფრთხილად შეაღო თინას ოთახის კარი.
ჭამე და ისე წადი, სადღაც, სერიალის ხმებს შორის გამოსძახა ნორამ.
თინას ეძინა. პირი ღია ჰქონდა და ძლივს