***(ადრიანი დილა) ადრიანი დილა. დაფნისფერი ნაძვი.
შავი პორტსიგარი და მხრჩოლავი ნამწვი.
დღეს თუ ავდარია, ხვალ გამოიდარებს.
სუფევს სიმყუდროვე... შენგან მომდინარე.
არემარე შენი - სიმშვიდის კუნძული...
ძევს ლანგარზე მწიფე ბანანის კუნწული.
შავი სანთებელა, შავი მაისური...
მნათი თეთრად ვარდის საუცხოო სუნი.
ბჟუტავს ბურთი შუშის ჯაჭვზე დაკიდული.
ოცნებები ყრმობის ნისლში დაკარგული.
მუქ-წითელი ტილო, დარდით დაღარული,
ხნული უიმედო, ნიჭით გათანგული.
შინდიფერი სკამი, დილა ადრიანი,
გამოხედვა შენი კვლავაც აზრიანი,
აზრიანი კვლავაც ლექსი აღმოთქმული,
დაფნისფერი ნაძვი. უღალატო გული.