I. სანაპირო
შავიც ყავისფერის ელფერია. და თუ კარგად დააკვირდები, თეთრიც. კოპაკაბანაზე - რიო-დე-ჟანეიროს ამ ყველაზე დემოკრატიულ, ხალხმრავალ და სახიფათო სანაპიროზე - ნებისმიერი ფერიცა თუ ელფერიც ერთ მოზეიმე, მზით გაოგნებულ, ადამიანის ხორცისფრად მთლიანდება და ქვიშას უკვე მეორე, ცოცხალი კანის ფენასავით ედება.
მრავალი წლის წინ, როცა შორეულ ბრაზილიას სამხედრო ხელისუფლება მართავდა, შობის დღესასწაულიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, თავთხელს იქით ოკეანის ტალღებში ნაცურავები, მარილიანი წყლითა და შუადღის თაკარა მზით თვალმოჭრილი ტრისტაო ნაპირზე რომ გამოვიდა, ქვიშაზე გართხმულ სხეულებს უკვე ოხშივარი ასდიოდა. დეკემბრის მზე ისეთი ძალით აცხუნებდა, მოქცევის ზოლზე დროდადრო ცისარტყელას რკალები ათამაშდებოდნენ ხოლმე და ბიჭის თავს ზემოთ ცელქი ალქაჯებივით ბრჭყვიალებდნენ. მაგრამ როცა ისევ თავის მოკლემკლავებიან მაისურს დაავლო ხელი - სხვათა შორის, პირსახოცის მაგივრობასაც რომ უწევდა - სანახევროდ თვალდაბრმავებულმა მაინც შენიშნა ღია ფერის საცურაო სამოსში გამოწყობილი ფერმკრთალი გოგო, რომელიც ზუსტად იქ იდგა, სადაც ხალხი შედარებით შეთხელებულიყო. ცოტა მოშორებით ფრენბურთის მოედნები და ფეხით მოსიარულეთა შავ-თეთრ ზოლებად მონიშნული ბილიკი მოჩანდა - ავენიდა-ატლანტიკის გასწვრივ.
იმ გოგოს მეორეც ახლდა, უფრო ტანმორჩილი და შავგვრემანი - სწორედ ახლა ზურგზე ლოსიონს უსვამდა მეგობარს; ცივი სითხის შეხებაზე ფერმკრთალი გოგო წელში იზნიქებოდა, მკერდი ებზიკებოდა და უკვე აპრიალებული, მომრგვალებული თეძოები უთრთოდა. ტრისტაოს თვალები ეწვოდა, მაგრამ მისი მუდამ მახვილი მზერა მაინცდამაინც გოგოს სიფერმკრთალეს არ მიუზიდავს. ამ სახელგანთქმულ სანაპიროს არასდროს მოკლებია ფითქინა უცხოელები კანადიდან თუ დანიიდან, ისევე როგორც სან-პაულუდან და ქვეყნის სამხრეთიდან ჩამოსული, გერმანული თუ ირლანდიური წარმოშობის ბრაზილიელი ქერა ქალები. მისი ყურადღება უფრო გოგოს საცურაო სამოსის უცნაურმა ფერმა მიიპყრო, ლამის მისივე კანის ფერს რომ იმეორებდა და საჯაროდ გაშიშვლების შთაბეჭდილებას ქმნიდა.
მთლად სრული გაშიშვლებისაც არა, რადგან გოგოს ბრტყელი, შავი ჩალის ქუდი ეხურა, ფარფლებაპრეხილი და შავ, სლიპინალენტმოვლებული. სწორედ ამნაირ ქუდს დაიხურავდა მამის დაკრძალვაზე მავანი ლებლონელი მაღალი წრის ქალიშვილიო, გაიფიქრა ტრისტაომ.
- ანგელოზია თუ ბოზი? - დაეკითხა თავის ნახევარძმას, ეუკლიდეს.
ეუკლიდე ახლომხედველი იყო და როცა ეს ნაკლი ზუსტი პასუხის მოძებნაში ხელს უშლიდა, ფილოსოფიური განსჯის გუნებაზე დგებოდა ხოლმე: - ვითომ ერთი მეორეს გამორიცხავს? - მაშინვე შეუბრუნა კითხვა.
- ეს თოჯინა ნაღდად ჩემი გახდება, დარწმუნებული ვარ, - იმ გზნებით წამოიძახა უცებ ტრისტაომ, მისი არსების ფსკერზე რომ თვლემდა, იქ, სადაც მისივე ბედის სურათი ფუნჯის ნაჩქარევი, მოუხეშავი მონასმებით იხატებოდა და ერთი მოძრაობით ცხოვრების მთელ მონაკვეთებს ერთბაშად, დაუნანებლად გადაშლიდა ხოლმე. ტრისტაოს სულებისა და ბედისწერის სწამდა. ჯერ ცხრამეტის იყო და აბანდონადო, მთლად უპატრონო არ ეთქმოდა, რადგან დედა ცოცხალი ჰყავდა; ოღონდ დედამისი მეძავი გახლდათ, ეგებ მეძავზე უარესიც - მთვრალი უსასყიდლოდაც უწვებოდა ნებისმიერს და თავკომბალებივით ამრავლებდა ბავშვებს თავდავიწყებისა და შემთხვევითი ვნების ჭაობში. ეუკლიდე ტრისტაოზე ერთი წლით გვიან მოვლენოდა ქვეყნიერებას, აშკარად სხვა მამის წყალობით, რაზეც ძმების გარეგნული იერის სრულიად თვალნათელი გენეტიკური განსხვავებულობა მიანიშნებდა. სკოლაში ორივემ ზუსტად იმდენ ხანს იარა, ქუჩის რეკლამებისა და აბრების წაკითხვა მოეხერხებინათ და მას მერე სულ ასე წყვილად გაჰქონდათ თავი - ქურდობდნენ ან ყაჩაღობდნენ, როცა შიმშილი გაუსაძლისი ხდებოდა; ერთნაირად ეშინოდათ მათი შთანთქმის მოსურნე ბანდებისაც და სამხედრო პოლიციისაც. ამგვარ ბანდებად მაწანწალა ბავშვები ერთიანდებოდნენ - მგლის ლეკვებივით დაუნდობლები და თან სრულიად ალალები. იმხანად რიო ჯერ კიდევ არ იყო მანქანებით ისე გადატვირთული, ისეთი სასტიკი, ღატაკი და სახიფათო, როგორც დღეს, თუმცა მაშინდელ მცხოვრებლებს ქვეყნად უფრო ხმაურიანი, გაჭირვებული და საზარელი ქალაქი მაინც ძნელად წარმოედგინათ. ბოლო დროს ტრისტაო უკვე ხშირ-ხშირად ფიქრობდა, ჩემი ხნის კაცს ქურდბაცაცობა აღარ შეეფერებაო და ძალიან უნდოდა როგორმე შეედგა ფეხი რეკლამის, ტელევიზიის, თვითმფრინავების სამყაროსაკენ ამავალ კიბეზე. და აი, სწორედ ახლა, ამ ფერმკრთალი გოგოს დანახვაზე, მფარველმა სულებმა თითქოს ჩასჩურჩულეს, ბოლოს და ბოლოს ნანატრი გზაც გამოგიჩნდაო.
სველი, ქვიშააწებებული მაისური ჩაბღუჯა და ლამის დედიშობილა სხეულებს შორის დააღირა თავი გოგოსაკენ, რომელმაც ეტყობა მონადირის მოახლოება თუ იგრძნო და უცებ ქედმაღლური იერი დაედო. ტრისტაოს ნარინჯისფერ, მზით გამოხუნებულ მაისურზე ეული ვარსკვლავი ეწერა, ლებლონში გრინგოების საყვარელი რესტორნის სახელი. შავი, ვიწრო, მისი მამაკაცური ღირსების ძნელად შემნიღბავი საცურაო ტრუსის შიდა, ხურდა ფულისა თუ გასაღების შესანახ ჯიბეში კი ტყავის ნაჭრისგან საგულდაგულოდ გამოჭრილ ბუდეში დაბინავებული პატარა სამართებელი ედო, მის მიერვე ბრილიანტად მონათლული. ტაივანური წარმოების ლურჯი სანდლები წინდაწინვე მიემალა ეკლიანი ბუჩქის ძირას, სავალი ბილიკის კიდესთან.
უცებ გაახსენდა, რომ კიდევ